ნინო მამუკელაშვილმა ,,ფეისბუქით” სკანდალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ცნობილი მევიოლინეს, მარინე იაშვილის სტრადივარიუსის ვიოლინო საეჭვოდ გაქრა.
,,მოსკოვში 2012 წელს 9 ივლისს, დილით ადრე გარდაიცვალა უდიდესი მევიოლინე მარინე იაშვილი.როგორც ეს ამბავი გახდა ცნობილი,რამდენიმე საათში მივიდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და მოითხოვა,რომ ქართული კულტურის საგანძური,ანტონიო სტრადივარის ვიოლინო მისთვის გადაეცათ (ამ ვიოლინოთი მარინა იაშვილი 65 წელი სარგებლობდა და ჰქონდა დიდი ხნის წინ შეთავაზება, რომ შეესყიდა, რაზედაც მან უარი განაცხადა, რადგან უნდოდა, რომ მის მერე ნიჭიერი მევიოლინესათვის გადაეცათ).
გაფორმდა გადაცემის ხელშეკრულება და ამის მერე სტრადივარის მრავალ მილიონად შეფასებული ვიოლინო არავის უნახავს! რატომ არავინ დაინტერესდა ვიოლინოს ბედით, არც კულტურის სამინისტრო და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო (ჯერ ერთი, რომ ყუთში უმოქმედოდ მყოფი ვიოლინო გამოუსადეგარი ხდება და კარგავს თავის თვისებებს)? ეჭვია, რომ ვიოლინო გატანილია საზღვარგარეთ და დიდი ხნის გაყიდულია!” _ დაწერა ნინო მამუკელაშვილმა.
ნინო მამუკელაშვილის ამ განცხადებსა გამოეხმაურა მარინე იაშვილის და, ქალბატონი ირინე იაშვილი:
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნ. მამუკელაშვილს ამ პოსტის გამოქვეყნებისთვის. მარინე ჯერ დაკრძალული არ გვყავდა, როცა კულტურის სამინისტროდან დამირეკეს: ,,ნ. რურუას ბრძანებით გირეკავთ და გთხოვთ ვიოლინო დააბრუნეთ”. დაგვაცალეთ-მეთქი, – ვუპასუხე გაოგნებულმა და მალეც წაიღეს კიდეც! გასაოცარია, რომ არავის აინტერესებს, სად არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ასე უყვარდა ჩემს დას!”, – დაწერა ირინე იაშვილმა.

