– აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი; რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება? – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
პატრიარქის მოსაყდრის თქმით, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი.
ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
– ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ. მებრძოლი ამის წინააღმდეგ არ ამბობს, რომ აბორტი ცუდია. აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება და ეს არაოფიციალურად? თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შევხედოთ, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩემი აზრით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ ათობით და ასობით ათასს და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას, ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ ბავშვის უფლებას რომ დაიბადოს, ამაზე ხმას არავინ იღებს. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი? კითხვა იბადება – ვის აწყობს ეს? იქ, როგორც ჩანს, ფული კეთდება და დიდი პარადიგმაა, მსოფლიო მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ქალის უფლებაა, დაკუწოს საკუთარი შვილი დანით. აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია, ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ სცემს, ის არაკაცია, დასასჯელია, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა ის ნატურალური ფაშისტია? ნიუნბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს, აგრესია დაიძლიოს. როგორ უნდა დაიძლიოს? როცა მთელი ერი ამით სცოდავს პრაქტიკულად. ახლა მარხვის პერიოდია და თუ ჩვენ ამას სინანულით არ შევხედეთ, თუ ჩვენ, როგორც ერმა ეს არ გამოვასწორეთ, ამაზე არ ვიყვირეთ სკოლაშიც, უფროსკლასებშიც, საზოგადოებაშიც, არაფერი გამოვა, ჩემი აზრით, – განაცხადა შეხვედრისას მეუფე შიომ.
პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი გასული წლის 23 ნოემბერს დაასახელა.
პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს.
იმედინიუსი

