მერიკო კობერიძე: ,, „საშიში სიტუაციები მქონია, როცა ბიჭი პაემანზე მიმიყვანია” _ ტაქსის მძღოლი რამდენიმე დიპლომით

მერიკო კობერიძე: ,, „საშიში სიტუაციები მქონია, როცა ბიჭი პაემანზე მიმიყვანია" _ ტაქსის მძღოლი რამდენიმე დიპლომითფსიქოლოგმა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა, მერიკო კობერიძემ სწავლა პოლონეთში, შლიონსკას უნივერსიტეტშიც მოასწრო და 22 წლის ასაკში მცირე ტიპის ბავშვთა სახლის მენეჯერიც გახლდათ… საჯარო სამსახურს, მეგობართან ერთად წამოწყებულ ბიზნესს, მოგზაურობას და კულინარიით საკმაოდ სერიოზულ გატაცებას ახლა უკვე ახალ აქტივობას – ტაქსით მგზავრების გადაყვანასაც უთავსებს.

პრობლემური მგზავრი ხშირად გყავს?

– ალბათ, მიმართლებს და ჯერჯერობით, ძალიან პოზიტიური მგზავრები მყავს.  საერთოდ, ხალხთან კონტაქტი, ტიპაჟებზე დაკვირვება, ემოციების გაცვლის პროცესი მომწონს. ალბათ, ფინანსური დაინტერესების გარდა, ჩემი ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანი ესეც არის. რაც შეეხება „საშიშ სიტუაციებს“, მქონია, როცა ბიჭი პაემანზე მიმიყვანია… საერთოდ, ვცდილობ, ფორმაში ვიყო და გოგონებსაც ეჭვიანობის საბაბი ეძლევათ ხოლმე (იცინის)… ყველას არ ვუჩერებ და სხვათა შორის, თავდაცვის კონკრეტული საშუალებებიც მაქვს

შენს ახალ წამოწყებაზე ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფებს რა რეაქცია ჰქონდათ?

– ოჯახის წევრებს ჩემგან აღარ უკვირთ „ნორმირებული უნორმობები“. 15 წლის ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებული მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავი. ამის ნაცვლად გაოცებულ დედას თხოვნა დავუწყე სვანეთში საცხოვრებლად გავეშვი.  საჭირო ნივთების თავმოსაყრელად ორი საათი დამჭირდა და დაბადების დღის ნაცვლად სვანეთის გზას დავადექი… იქ 9 თვე ვიცხოვრე. ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში სწავლის პარალელურად სტუდენტობისთვის მომზადება დავიწყე. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სვანეთის მასწავლებლებს – უნივერსიტეტში გრანტით ჩავაბარე…

 ფაქტია, სტერეოტიპებთან აქტიური ბრძოლა გაქვს გამოცხადებული

– სხვათა შორის, არც ისე თავისუფალი და უკომპლექსო ვარ ამ მხრივ. იცით რაშია საქმე?! ტაქსის მართვა რომ ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყოს, ალბათ, ამის გაკეთება ჩემთვისაც უხერხული იქნებოდა. ახლა კი პირიქით, თავს ლაღად ვგრძნობ.

– 22 წლის ასაკში ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლის მენეჯერი გახდი

–ამ სახლში 6-დან 18 წლამდე  ასაკის 10 ბავშვი ცხოვრობდა. მქონდა შეგრძნება, რომ 10 შვილის დედა ვიყავი. მუშაობის პროცესს პოლონური ენის ცოდნა მიადვილებდა, რადგან პოლონელებთან აქტიური ურთიერთობა მიხდებოდა.  ამ პოზიციაზე ყოფნა ემოციურად ურთულესი აღმოჩნდა და ერთ წელში წამოსვლის შესახებ განცხადება დავწერე.

კონკრეტულად რა იყო მიზეზი?

– მაგალითად, თითქმის ყოველ ღამე მირეკავდნენ, რომ ვიღაც შეუძლოდ გახდა და იურიდიული წარმომადგენელი სჭირდებოდა. შესაბამისად, მივდიოდი საავადმყოფოში და ხშირად იქ ღამის გათენება მიწევდა. იყო სუიციდის მცდელობებიც. წამოსვლისას პადრემ ძალიან მთხოვა თარჯიმნად მაინც დავრჩენილიყავი, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი. მალე სოციალური მომსახურების სააგენტოში სტაჟიორად დავსაქმდი, სადაც ასევე რთულ პირობებში ვმუშაობდი. თითქოს ეს წესად იქცა – ყველა სამსახური ისეთი მაქვს, ადამიანების დახმარებას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც ცეჰეპატიტის პროგრამა დაიწყო, ცეჰეპატიტის სამმართველოში ვმუშაობ. ვმუშაობდი ქრონიკული დაავადებების სამმართველოშიც.

მუშაობის პარალელურად გადაწყვიტე ინტერნეტმაღაზია გაგეკეთებინა, რომლის შემდგომ განვითარებად ტანსაცმლის მაღაზია იქცა

– დიახ და თავდაპირველად, სატესტოდ ინტერნეტ-გვერდზე ჩემი ტანსაცმლის ფოტოები დავდე. მალე მსურველი შემეხმიანა და პირველი ნივთი გაიყიდა. ეს იყო განცდა, რომელსაც ძალიან რთულად შევადარებ ცხოვრების მანძილზე განცდილ სხვა ძლიერ ემოციებს (იცინის)… მაშინვე წავედი, ვიყიდე სხვა ტანსაცმელი, გავრეცხე, გავაუთოვე და ახლა უკვე მათი გაყიდვა დავიწყე… მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტე პატარა მაღაზია მქონოდა და მართლაც, ჩემს ერთგულ მეგობართან, მარიამთან ერთად მცირე ფართის მაღაზია გავხსენი. ინტერიერი მთლიანად ჩვენით მოვაწყვეთ, გავაფორმეთ. შაბათ-კვირას მაღაზიაში ფუსფუსს ვუთმობთ. ვარჩევთ, ვყიდულობთ, ვაწესრიგებთ და ვყიდით ტანსაცმელს. შემოსული  თანხის 10% აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების მხარდასაჭერად „მე აქ ვარ“ კამპანიას ხმარდება. სამომავლოდ მინდა, ამ მაღაზიას რამდენიმე ფილიალი შევმატოთ.


ხშირად მოგზაურობ?

– მგონი იმიტომ დავიბადე, რომ ვიმოგზაურო. ჯერ მხოლოდ 15 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მოგზაურობა 20 წლის ასაკში ევროპით დავიწყე. ამით მაშინვე მოვიწამლე და მინდა ამ „სენისგან“ არასოდეს განვიკურნო… ისლანდიას გამოვარჩევდი, საოცრებათა ქვეყანას. მაოცებს თავისი ხალხით, სასწაულმოქმედი გეიზერებითა და ჩანჩქერებით. წარმოიდგინეთ, რომ ამ კუნძულოვან ქვეყანაში კრიმინალის მაჩვენებელი თითქმის არ არსებობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს მხოლოდ ორი პატიმარი იხდის… ყველა ჩემი მოგზაურობა საკუთარი სახსრებით ფინანსდება.  სამოგზაუროდ წასვლისთვის არავინ არ უნდა შეაწუხო. თუ ეს გსურს, შენვე უნდა უზრუნველყო საჭირო თანხის მოძიება. ძირითადად მარტო ვმოგზაურობ, ზოგჯერ დედასთან ან მეგობართან ერთად. სოფელი რაჭასა და სვანეთში მაქვს. ხშირად დავდივარ ყაზბეგში.

ტიფლის ნიუსი