“მეგობრის დედამ კლასელებთან შემარცხვინა”

"მეგობრის დედამ კლასელებთან შემარცხვინა"მერვეკლასელი გოგონა გწერთ. გული ძალიან რომ არ მტკენოდა, არ მოგმართავდით, მაგრამ მინდა, ვიღაცებმა გაიგონ, რომ უსამართლოდ მომექცნენ. ამას კი არასოდეს დავივიწყებ.

ერთ გოგოსთან პირველი კლასიდან ვმეგობრობ. სულ ერთად ვართ, ერთმანეთთან დასამალი თითქოს არაფერი გვქონდა. საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობაში გულღია ვარ, ყველას ყველაფერს ვუყვები. დედა სულ მეუბნებოდა, შენი ეს გულწრფელობა დაგღუპავს, ასე არ შეიძლებაო, მაგრამ არ ვუჯერებდი. ახლა კი ვხვდები, რომ დედა მართალი იყო.

სკოლაში ერთი ბიჭი შემიყვარდა, ჩვენზე ორი წლით უფროსი. მხოლოდ ჩემს დაქალს გავუმხილე, გულს მასთან ვიოხებდი. მეგონა, რომ საიდუმლოს შემინახავდა, მან კი თურმე დედამისს უამბო.

იმდენად ვენდობოდი, იმასაც კი ვუყვებოდი, ჩემს საყვარელ ბიჭს სიზმარში თუ ვნახავდი. ამ წვრილმანებსაც სახლში ყვებოდა და ჩემზე ჭორაობდნენ.

ერთ დღეს დედამისი დაიბარა დამრიგებელმა. უთხრა, ბოლო დროს ცუდ ქულებს იღებს, ბევრი გაცდენა დაუგროვდა და მიხედეთ, ასეთი ცვლილება რაღაცის ბრალი იქნებაო. დამრიგებელი ამას ცალკე ეუბნებოდა, ის ქალი კი საკლასო ოთახში შემოვარდა და პირდაპირ მე მომმვარდა, დგახართ და შეყვარებულებზე ლაპარაკობთ, ამიტომაც ჩამორჩით სწავლასო.

დამრიგებელმა უთხრა, ეს ბავშვი რა შუაშია, თქვენს შვილზე გელაპარაკებით, ეს ძალიან კარგად სწავლობს და არც სკოლას აცდენსო. იმ ქალმა კი უყვირა, სამაგიეროდ ჩემს შვილს აცდენს, უფროსკლასელი ბიჭი უყვარს და დღე და ღამე ჩემს შვილს მასზე ელაპარაკება, ეწუწუნება, გული შეუწუხაო. იმ ბიჭის სახელი და გვარიც მოაყოლა.

ვერაფერი ვუთხარი, ტირილი მოვრთე. ისე შემრცხვა, ვფიქრობდი, ნეტა, მოვკვდე-მეთქი. არ მეგონა, ასე სასტიკად თუ მომექცეოდა. ახლა კლასში შესვლის მრცხვენია. ბავშვებს ვუთხარი, ტყუილია, რაღაცები მოიგონა-მეთქი. კლასელებმა მითხრეს, დამშვიდდი, ცუდად არაფერი გვიფიქრიაო. მათ დამამშვიდეს, მაგრამ გული მტკივა.

დაქალი სამუდამოდ დავკარგე, მასთან ურთიერთობა არასოდეს მექნება. სკოლას რომ დავამთავრებ, ალბათ წლები ისე გავა, მის ნახვასაც არ მოვისურვებ. დედამისზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ძალიან ვნანობ, რომ ასეთ ადამიანთან გავაბი ურთიერთობა. ჯობდა, მეგობარი საერთოდ არ მყოლოდა, ვიდრე ასეთი გოგო ამერჩია.

“სარკის” მკითხველი