წლევანდელი 8 მარტი ფემინისტებმა და ლგბტ-აქტივისტებმა საქართველოში ტრანსგენდერ “ქალთა” უფლებების დაცვის დღედ გამოაცხადეს. და ამასთან დაკავშირებით 8 მარტს, 15:00 საათზე თბილისში, იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერები და ლგბტ-აქტივისტები აპირებენ გამართონ აქცია სახელწოდებით – “მე ქალი ვარ, აღიარე!” – რომლის მოთხოვნაც იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ტრანსგენდერებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის გამარტივება.
დღეისთვის საქართველოში სქესის იურიდიულად შესაცვლელად და ამ ცვლილების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში დასაფიქსირებლად საჭიროა სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება და ამ ოპერაციის დამადასტურებელი ცნობის არსებობა. ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე ორგანიზატორები მოითხოვენ, სქესის იურიდიული ცვლილებისთვის ოპერაციის საჭიროება გაუქმდეს და ამ ცვლილებისთვის საკმარისი იყოს მხოლოდ სქესის შეცვლის მსურველის შემთხვევაში გენდერული დისფორიის არსებობის დამადასტურებელი ფსიქოლოგიური დიაგნოზი.
ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხვალინდელ აქციაზე ლგბტ-აქტივისტები მოითხოვენ, რომ თუ ტრანსგენდერის შემთხვევაში, რომელიც ბიოლოგიურად ჩვეულებრივი მამაკაცია, მაგრამ თავს ქალად მიიჩნევს, ფსიქოლოგი დაასკვნის, რომ მას მართლა აქვს ფსიქოლოგიური დარღვევა სახელწოდებით “გენდერული დისფორია”, მაშინ, უკვე ამ ფსიქოლოგიური დიაგნოზის საფუძველზე, სახელმწიფომ ტრანსგენდერი მამაკაცი იურიდიულად ქალად უნდა აღიაროს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ჩაუწეროს, რომ ის ქალია.
“სახელმწიფომ უნდა აღიაროს ტრანსგენდერი ქალები (იგულისხმებიან ბიოლოგიური კაცები, რომლებიც თავს ქალებად მიიჩნევენ) ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. ამისათვის იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ვთხოვთ, გამოსცეს ბრძანება, რომელიც დაარეგულირებს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე.” – წერია ხვალინდელი აქციის ორგანიზატორების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ანონსში.
ალფა-ინფო

