მარინა კახიანი: “თქვეს, რობიკოს ამ როლზე ახალგაზრდა უნდაო… გული მეტკინა”

მარინა კახიანი: "თქვეს, რობიკოს ამ როლზე ახალგაზრდა უნდაო... გული მეტკინა"მარინა კახიანმა სამსახიობო გზა ბალეტით დაიწყო და რუსთაველის თეატრში გაგრძელდა. სცენასა თუ ეკრანზე უამრავი საინტერესო სახე შექმნა, სულ ახალ-ახალ სახეებს, ემოციებს, პერსონაჟებს ეძებს. თუმცა არის ერთი “მაგრამ” – ასაკის მატებასთან ერთად გმირების არეალი მცირდება, მსახიობი ყველა როლს ვეღარ ირგებს, რაც დიდ სევდას უკავშირდება. თავის განცდებზე მსახიობმა “სარკესთან” ისაუბრა.

– ქალბატონო მარინა, მოვლენებით დატვირთული, საინტერესო ცხოვრება გაქვთ. ალბათ ბევრი ქალი თქვენზე აკეთებს სწორებას. ამიტომ გკითხავთ, თქვენთან, როგორც ქალთან, რა ხდება?

– თქვენ რასაც გულისხმობთ, იმ თვალსაზრისით, არაფერი განსაკუთრებული. საერთოდ მომავალს იმედით შევყურებ.

– 30 წელს რომ გადააბიჯებს ქალი, იწყება შფოთვა, წლების მატების შიში. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?

– 30 წელს რომ გადავაბიჯე, განვიცდიდი, ამას ჩემი დიდი ტკივილიც დაემთხვა და ამის გამო ასაკის მომატებას უფრო მეტად ვგრძნობდი. ასაკთან შედარებით უფრო დიდი მეგონა თავი, მაგრამ მერე დადგა რაღაც მომენტი, როცა გავაცნობიერე, რომ ეს ასე არ იყო.

დაახლოებით 40 წლის ასაკში მივხვდი, რომ ქალი უფრო მშვენიერი ხდება, 40-ს რომ უახლოვდება. ნელ-ნელა შენი თავის მართვას სწავლობ, რაღაც მომენტში უფრო მოგწონს შენი თავი. შეიძლება ასაკში შესული ქალები უფრო ახალგაზრდულები იყვნენ, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში.

– მგონია, რომ წლების სრბოლას მსახიობები უფრო მძაფრად შეიგრძნობენ. ასეა?

– მსახიობი რაღაც პერიოდის შემდეგ იმ როლებს ვეღარ თამაშობ, რომელიც 20 და 30 წლის ასაკში შეგეძლო გეთამაშა. ეს, რა თქმა უნდა, რთულია.

– პირველად როდის მიხვდით, რომ რაღაც როლი შეიძლებოდა ვერ გეთამაშათ?

– სხვათა შორის, დიდი ხნის წინ. დაახლოებით 35 წლის ვიყავი, როცა რაღაც როლი უნდა შემესრულებინა, მაგრამ ასე ითქვა, რომ რობიკოს უფრო ახალგაზრდა უნდოდა. ეს ჩემთვის პირველი გულისტკენა იყო.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”