ცოტა ხნის წინ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა,
პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს ინციდენტის პირველივე წუთებში გაეწიათ, რის შემდეგაც ისინი გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.
ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ. თუმცა სამინისტრომ გუდაურში თბილისიდან რეანომობილი მაინც გაგზავნა.
წინასწარი ინფორმაციით გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.
– გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი ხელის ღია მოტეხილობა აქვს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, ამ წუთის მდგომარეობით, 8 ადამიანმა მიმართა გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას, საიდანაც 7 მათგანი ადგილზე რჩება, 1 კი უკვე გაეწერა.
– გუდაურში კარგად აღჭურვილი გადაუდებელი დახმარების კლინიკაა და იქ სრულ სტაბილიზაციას ახდენენ ამ პაციენტების. ასევე სატრანსპორტოდ უკვე პრაქტიკულად ჩასულები არიან რეანომობილები. მოხდება გადაფასება. ამ ორ პაციენტს, უკრაინის და შვედეთის მოქალაქეებს, სავარაუდოდ, თბილისში გადმოვიყვანთ და დანარჩენებთან დაკავშირებით უკვე ადგილზე დამატებითი კვლევები შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, – განაცხადა დავით სერგეენკომ „იმედთან“ საუბარში.
მისივე თქმით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან.
მომდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

