გოჩა მირცხულავა: ,,მარინა იაშვილი წლების განმავლობაში სარგებლობდა ეროვნული საგანძურით”

გოჩა მირცხულავა: ,,მარინა იაშვილი წლების განმავლობაში სარგებლობდა ეროვნული საგანძურით”მევიოლონე მარინე იაშვილის სტრადივარიუსის ვიოლინოზე სკანდალი გრძელდება. ნინო მამუკელაშვილმა ,,ფეისბუქით” გაავრცელა განცხადება, რომ უნიკალური ინსტრუმენტი საეჭვოდ გაქრა.

,,მოსკოვში 2012 წელს 9 ივლისს, დილით ადრე გარდაიცვალა უდიდესი მევიოლინე მარინე იაშვილი.როგორც ეს ამბავი გახდა ცნობილი,რამდენიმე საათში მივიდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და მოითხოვა,რომ ქართული კულტურის საგანძური,ანტონიო სტრადივარის ვიოლინო მისთვის გადაეცათ… გაფორმდა გადაცემის ხელშეკრულება და ამის მერე სტრადივარის მრავალ მილიონად შეფასებული ვიოლინო არავის უნახავს!.. ეჭვია, რომ ვიოლინო გატანილია საზღვარგარეთ და დიდი ხნის გაყიდულია!” _ დაწერა ნინო მამუკელაშვილმა.

მის ამ განცხადებას გამოეხმაურა მარინე იაშვილის და, ქალბატონი ირინე იაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მევიოლინე ჯერ  დაკრძალული არ ჰყავდათ, როცა კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, მინისტრ ნიკა  რურუას ბრძანებით გირეკავთ და გთხოვთ, ვიოლინო დააბრუნოთო.

,,წაიღეს კიდეც! გასაოცარია, რომ არავის აინტერესებს, სად არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ასე უყვარდა ჩემს დას!”, – დაწერა ირინე იაშვილმა.

გოჩა მირცხულავა ამ ყველაფერს სიცრუეს უწოდებს. ის სოციალურ ქსელში წერს:

,,ეს არის მტკნარი სიცრუე. ჯერ კიდევ 2014 წელს ამის შესახებ კერძო პირმა მომაწოდა ინფორმაცია. მაშინვე გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ სამინისტრო მოიქცა სრულიად კანონიერად, რადგან ეს ვიოლინო არის საქართველოს კუთვნილება – გამორთმევის ვადებზე ნუ ვისაუბრებთ და მორალურად რა არის სწორი (ახლა როგორც ვხვდები, სწორიც იყვნენ).

ვილონი წამოიღო ბატონმა გივი შუღაროვმა და იმ პერიოდისთის, ანუ 2014 წელს იყო მოსკოვში ჩვენს წარმომადგენლობაში. შესაბამისად, რა შუაშია რურუა და ან რომელიმე მინისტრი? იქნებ საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა გააკეთონ ამ საკითხზე კომენტარი. ასე ადვილად ადამიანისთვის , ანუ ქვეყნისთვის ლაფის სროლა არ შეიძლება. და იქნებ ოჯახს მადლობა ეთქვა არა რომელიმე ჩინოსნისთვის, არამედ საქართველოსთვის, რომ ქალბატონი მარინა წლების განმავლობაში სარგებლობდა ამ ეროვნული საგანძურით?

ძალიან ძნელი იყო იმის გარკვევა, სად არის ვიოლინო? თუ რურუამ ან რომელიმე სხვა ჩინოსანმა ასე ჩუმად გაყიდა და ფული ჩაიჯიბა? მოკლედ ასეა და ქალბატონი მამუკელაშვილი ან შეცდომაშია შეყვანილი, ან მიზანმიმართულად ტყუის, რაც ძალიან ცუდია.

P.S. რატომ არ ჩამოიყვანეს თბილისში? გიპასუხებთ – ვერ და არ განვმარტავ, რატომ. მგონი, რუსი მებაჟეებისა და ხელისუფლების მტაცებლური ბუნების შესახებ არ დამაწყებინებთ საუბარს. არ შეიძლებოდა ამის აფიშირება ნამდვილად, მაგრამ დავწერე და ჰა,
დამარხვრჩეთ ახლა, – წერს გოჩა მირხულავა.