“ჩემი დაქალი ჩემს ყოფილ სიძეს გაჰყვა ცოლად”

"ჩემი დაქალი ჩემს ყოფილ სიძეს გაჰყვა ცოლად"სახლში ყველა მეჩხუბება, ცუდ ადამიანთან რატომ მეგობრობდი ან შინ რატომ ეპატიჟებოდიო. მართლები კი არიან, მაგრამ ჩემი ბრალი ნამდვილად არაფერია. 18 წლის გოგოები ისე გავხდით, დაქალისთვის ცუდი არაფერი შემიმჩნევია. მეგონა, რომ გვერდით საუკეთესო მეგობარი მყავდა, უფრო მეტიც, ოჯახის წევრად ვთვლიდი.

5 წლით უფროსი და მყავს. არაჩვეულებრივი გოგოა – ჭკვიანი, განათლებული. ყოველთვის წიგნებში იყო თავჩარგული, ამიტომ ყველას გაგვიკვირდა, რომ გვითხრა, შეყვარებული მყავს და ცოლად უნდა გავყვეო.

მშობლებს მისი ისე სჯეროდათ, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. უთხრეს, ისეთი ჭკვიანი ხარ, ცუდ არჩევანს არ გააკეთებ, ყველაფერში გენდობითო. ბიჭიც მოეწონათ, სიმპათიური იყო, ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

დიდი ქორწილი გადავიხადეთ და დაქალიც გვერდით მყავდა. ჩემი დის საქორწილო ცერემონიალშიც იყო ჩართული, კაბის ასარჩევადაც კი დაგვყვებოდა. ისე ვექცეოდით, თითქოს ჩვენი მესამე და ყოფილიყო.

ქორწილის შემდეგ ყველაფერი თითქოს კარგად იყო. მერე ჩემი და დაორსულდა, მაგრამ მუცელი მოეშალა. ამის შემდეგ კი ცოლ-ქმარს პრობლემები დაეწყო. თურმე სახლში კონფლიქტები მოსდიოდათ, ამის შესახებ კი ძალიან გვიან გავიგეთ. ერთ დღეს ჩემი და აღრიალებული მოვიდა სახლში, ქმართან აღარ დავბრუნდებიო, გვითხრა.

მათი დაშორება ყველამ ძალიან შეიცხადა. მამამ და დედამ სიძეს ცუდი არაფერი აკადრეს. მამამ თქვა, ახალგაზრდები არიან, ვიცი, შერიგდებიან, ამიტომ ახლა მე რომ ცუდი რამე ვაკადრო ან ხელი გავარტყა, მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებს, ვაცადოთ, თვითონ მოაგვარებენ პრობლემასო. მე და დედასაც არ მოგვცა ჩარევის უფლება.

ყველანი ველოდებოდით, რომ ერთ დღესაც შერიგდებოდნენ. სიძე კი ჩვენკენ არ იხედებოდა, არც რეკავდა, არც პატიებას ან შერიგებას ითხოვდა. ყველას ძალიან გვიკვირდა, მაგრამ მაინც შორიდან ვადევნებდით თვალს, ისევ არაფერში ვერეოდით.

ერთ დღესაც მეხივით დაგვატყდა ცუდი ამბავი თავს. მითხრეს, შენს სიძეს შენი დაქალი მოჰყავს ცოლადო. არაფრით ვიჯერებდი. დაქალს დავურეკე, ასეთი ჭორი გავიგე-მეთქი. დიდი პაუზის მერე მითხრა, ჩემი ბრალი არაფერია, ეს თავისთავად მოხდაო. ყურებს არ ვუჯერებდი!

მე და დედამ ვერ მოვითმინეთ და მივუცვივდით სახლში, მისი დედა კი აფთარივით დაგვხვდა, ხმის ამოღება არ გაბედოთ, ეს ყველაფერი თქვენს სახლში დაიწყო, დიდად აღფრთოვანებული არც მე ვარ, თქვენ დამღუპეთო. მოკლედ, აქეთ დაგვდო ბრალი, რომ თურმე ჩვენს სიძეს ვერ მივხედეთ და ყურადღება ვერ მივაქციეთ.

ჩემი და ამბობს, ქორწილის პირველივე დღიდან ვხვდებოდი, რომ რაღაც სჭირდა, მაგრამ ვერაფრით გავიგე, პრობლემა რა იყო, მერე ჩემ მიმართ უხეში, აგრესიული გახდა, ჩემს დამცირებაზე გადავიდაო. უხერხულია ამის თქმა, მაგრამ თურმე ლოგინშიც რაღაცებს ეუბნებოდა, ამცირებდა.

აღმოჩნდა, რომ ჩემი დაქალი პირველივე ნახვისას გულში ჩაუვარდა და ფლირტი ქორწილამდეც გაუბამთ. კარგი, ჩემი სიძე ნაძირალა იყო, მაგრამ დაქალმა თავიდან როგორ არ აირიდა მისი ქათინაურები, ფლირტი?! ესე იგი მასაც მოსწონდა და უნდოდა ურთიერთობა.

დაქალს სახლში რომ მივეჭერით, იმ საღამოსვე ჩემს ყოფილ სიძესთან გადავიდა საცხოვრებლად. ახლა ცოლ-ქმარი ჰქვიათ, მაგრამ ზედ არავინ უყურებთ. ჩემმა დამ ყველაფერი მიუყარა, თუკი ქმრის ოჯახისგან რამე ჰქონდა ნაჩუქარი. ჩემს დაქალს უთხრა, სხვისი ქმრის “ხამი” ხარ და ალბათ ამ ნივთებსაც “დახამდები”, გენდომებაო.

ერთი მხრივ, კარგია, რომ ორი ცუდი ადამიანი მოვიშორეთ ჩვენი ცხოვრებიდან, მაგრამ ჩემს დას და მშობლებს უბედურებს რომ ვხედავ, გული მიკვდება. ყველაფერში საკუთარ თავს ვიდანაშაულებ. უნდა შემემჩნია, რომ გვერდით ცუდი ადამიანი მყავდა.

“სარკის” მკითხველი