ამირან დევნოზაშვილი 8 შვილს ისევ არავის აკარებს – ოჯახის წევრების გარდა

ამირან დევნოზაშვილი 8 შვილს ისევ არავის აკარებს - ოჯახის წევრების გარდაერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ლენტეხის რაიონის სოფელ რცხმელურში მცხოვრები რვა ბავშვის მდგომარეობის შესახებ შეიტყო. ბავშვებს, მამის, ამირან დევნოზაშვილის, გადაწყვეტილებით, სკოლაში არასდროს უვლიათ და ოჯახის წევრების გარდა, ურთიერთობა არავისთან აქვთ. მათ შესახებ “ლიბერალი“ წერს.

მედიაში გასული სიუჟეტის შემდეგ, ბავშვების ამბით სხვადასხვა სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია დაინტერესდა. მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ომბუდსმენის აპარატმა. განცხადებები გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახელმწიფოს მოუწოდეს, მიეღო ზომები ბავშვების უფლებების დასაცავად.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, ამ პერიოდის განმავლობაში გადაიდგა თუ არა ქმედითი ნაბიჯი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და შეიცვალა თუ არა მათი მდგომარეობა

მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვებთან ურთიერთობა, მშობლების გარდა, ისევ არავის აქვს.

რცხმელურის სკოლის დირექტორი ხათუნა ტვილდიანი ამბობს, რომ მდგომარეობა მაშინ შეიცვლებოდა, თუ ბავშვები სკოლაში სიარულს დაიწყებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

სოციალური მომსახურების სააგენტომ განმარტა, რომ ისინი 2010 წლიდან მუშაობენ ოჯახთან, რადგან  მშობლებს სასკოლო ასაკის არც ერთი ბავშვი არ დაჰყავთ სკოლაში, თავიანთი რელიგიური შეხედულებების გამო. ოჯახი ჩართულია პრევენციის პროგრამაში. მათივე ცნობით, განათლებას ბავშვები მშობლების დახმარებით იღებენ.

2011 წელს სასამართლომ მშობლებს შეუზღუდა მშობლის უფლება, მაგრამ სააგენტოს ცნობით, ვერ მოხერხდა აღსრულება და  ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა სპეციფიკური გარემოსა და ბევრი სხვა ფაქტორის გამო.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა სტრუქტურის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, ბავშვები დარჩენილიყვნენ ბიოლოგიურ ოჯახში, რადგან არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა და მათ ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ მშობლებთან.

მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში ამბობენ, რომ ახალი დეპარტამენტი უკვე დაინტერესდა საქმით. დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება, უმოკლეს ვადებში,“ – ამბობენ უწყებაში.

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს შემთხვევის შესწავლა. ომბუდსმენის წარმომადგენელი შეხვდა ოჯახის წევრებს და ესაუბრა ბავშვებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ როცა ამდენი წელია, ყველამ იცის ამ პრობლემის შესახებ და სახელმწიფო მაინც უმოქმედოა, პროფესიონალებისა და რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე მიუთითებს.

იმედინიუსი