ვერაზე მოკლული მამაკაცი გოგი ხატოევია – ”თქვეს, რომ გვერდით ოთახში მის დისშვილს ეძინა”

ვერაზე მოკლული მამაკაცი გოგი ხატოევია – ”თქვეს, რომ გვერდით ოთახში მის დისშვილს ეძინა”თბილისში, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე კაცი მოკლეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მას ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.

მეზობლების ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი წარსულში მრავალგზის ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია.
მათივე ინფორმაციით, გოგი ხატოევი საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა, თუმცა მეზობლის თქმით, წუხელ მასთან დისშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ბიძის მკვლელობის შესახებ ვერ გაიგო.
– თქვეს, რომ გოგის გარდა სახლში მისი დისშვილიც იყო. მას ეძინა გვერდით ოთახში, მაგრამ შემთხვევის შესახებ ვერაფერი გაიგოო. სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს, რადგან არც მეზობლებს გაუგიათ იარაღიდან გასროლის ხმა. ამ ამბავს წარსულთან რაიმე შეხება რომ ჰქონდეს, არ გამოვრიცხავ, თუმცა ის ბოლო პერიოდში ძალიან მშვიდად და წყნარად ცხოვრობდა.

სულ ამ სახლში ცხოვრობს. ბოლო წლებში არაფერი შემთხვევია და არც გაგვიგია, რომ მას ვინმე მტრობდა, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოკლულს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.