ზუზუ: “სერიალში პუსკუნას მე ვაცმევ” – როგორ უვლის თავს ჩიკას “დაქალი”

ზუზუ: "სერიალში პუსკუნას მე ვაცმევ" - როგორ უვლის თავს ჩიკას "დაქალი"ნინო ნოდია, რომელსაც შოუბიზნესში ზუზუს სახელით იცნობენ, რამდენიმე წლის წინ საოცრებათა სამყაროში მოხვდა, სადაც ის ყველაფერია, რაც ბავშვობიდან უყვარს – თავის მოვლის საშუალებები. ის ცნობილი პარფიუმერული მაღაზიის პიარმენეჯერია, ასევე ხშირად მიჰყავს სხვადასხვა კონცერტები, რაც ავალდებულებს, რომ მუდამ ფორმაში იყოს.

რამდენიმე ხნის წინ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებშიც” გამოჩნდა ერთ-ერთი “სვეცკი” ქალის, პუსკუნას, სახით, რომელიც წამყვანი პერსონაჟის, ჩიკას, დაქალია. მისი გარკვეული შტრიხები, რაც ვიზუალს ეხება, ნინოსთვისაც არ არის უცხო, შეიძლება ითქვას, პუსკუნას თავისი გემოვნებით აცმევს, თუმცა, როგორც გვითხრა, ამ გმირის პიროვნული თვისებები მისგან შორსაა.

– ნინო, თქვენი ცხოვრების წესზე შეიძლება ითქვას, რომ ჯანსაღია?

– ჯანსაღი წესით ცხოვრება მსურს, მაგრამ დრო საერთოდ არ მაქვს. დილით ბავშვები სკოლაში უნდა გავგზავნო, მერე ან სამსახურში მივდივარ, ან მოსაწესრიგებლად, რადგან გადაღებები და დღის განმავლობაში უამრავი შეხვედრა მაქვს. საღამოს კი წვეულებაზე ან მიღებაზე ვარ წასასვლელი. შუალედებში ბავშვები ისევ წასაყვან-მოსაყვანია, სახლშიც უამრავი საქმეა, მეუღლე, მეგობრები და ა.შ.

– არასპორტული ცხოვრება როგორ აისახება თქვენს გარეგნობასა და კილოგრამებზე?

– ჩემს ორგანიზმს ნამდვილად ვერ დავემდურები. დიდხანს ვიყავი ძალიან გამხდარი, თუმცა ასაკთან ერთად მეტაბოლიზმი იცვლება.

სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ წონის მატებას ან კლებას. ეს ჩემთვის იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, რომ სხვასაც კი ვერ ვატყობ ამას. ადამიანი ჯანმრთელად უნდა იყოს და, მსუქანი იქნება თუ გამხდარი, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ბედნიერი, მხიარული იყოს.

სამოსზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ხანდახან ძალიან მსუბუქად, გადასარევად ვგრძნობ თავს, მაგრამ მეტი წონის ვჩანვარ. ამ დროს შეიძლება ჩავიცვა, მაგალითად, მოტკეცილი შარვალი და უფრო გამხდარი გამოვჩნდე.

– სერიალში თქვენს გმირს პუსკუნას ეძახიან, მგონი, წონის გამო, არა?

– ლიკასთან და მანჩოსთან შედარებით, ცხოვრებაში ნამდვილად პუსკუნა ვარ, თუმცა ეს უტრირებული, მოგონილია. ეკრანი მართლაც მატებს წონას.

– მოგწონთ თქვენი პერსონაჟის სტილი?

– კი, ზუსტად ზის ჩემს გემოვნებაში. ბევრი ტანსაცმელი მაქვს და სხვადასხვა მაღაზიებში სიარული და შერჩევა არ მჭირდება, ამიტომ პუსკუნას თვითონ ვუვლი.

– სერიალში აქტუალურია ვაკე-ვერას თემა, თითქოსდა იქ მცხოვრებნი ყველაფრით განსხვავებულები არიან. როგორ ფიქრობთ, რეალურ ცხოვრებაში ამ უბნის ქალები მართლაც გამოირჩევიან ჩაცმულობით, გემოვნებით?

– ვაკე-ვერა ზოგადად არის აღებული. მათი დამოკიდებულება ჩაცმის მიმართ უტრირებულია და სწორედ ამით ხდება მათი მანკიერი თუ კარგი მხარეების ხაზგასმა. ეს სერიალი გადმოსცემს იმას, რაც ხდება ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში.

თბილისში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ. ვერ გეტყვით, რომ ასეთი ტიპაჟები არ მინახავს, მაგრამ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი დიდი დოზით არ არიან.

– ჩიკასნაირებს იცნობთ, მათთან მეგობრობთ?

– ჩიკასნაირებიც არსებობენ და მათაც ვიცნობ. ასეთი მეგობარი ნამდვილად არ მყოლია და ალბათ ვერც ვიმეგობრებდი, თუმცა სერიალში ჩიკას და მისი დაქალების ურთიერთობას მეგობრობასაც ვერ ვუწოდებ. თუ ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, რომ ჩიკას ძალიან ხშირად დასცინიან. როცა მას უჭირს, თამუნების ამარა რჩება.

– წლების მატებასთან ერთად გემოვნება ბევრჯერ შეგეცვალათ?

– არა. ძალიან ბევრი ტანსაცმელი მაქვს და ამით ჩემი მეუღლის დიდ აღშფოთებას ვიწვევ. სახლში 90 პროცენტი ჩემი ტანსაცმელია.

– თქვენი და თქვენი ქმრის გემოვნება ერთმანეთთან ახლოს არის?

– ერთადერთი, რაშიც ჩვენი გემოვნება ემთხვევა, ფეხსაცმელია. მეც ძალიან მიყვარს თასმებიანი, ბუთქუნაცხვირიანი ფეხსაცმელები და – მასაც. ჩაცმის სტილს რაც შეეხება, ის დიდ უპირატესობას ანიჭებს სპორტულს, კედებს, ჩაჩაჩულ შარვლებს, მე კი – არა. ხანდახან შეიძლება, ანგარიში გავუწიო და ასეთი სამოსიც იყოს ჩემს გარდერობში.

– როგორ მაკიაჟს იკეთებთ?

– ჩემს ცხოვრებაში მაკიაჟს დიდი ადგილი უკავია. სანამ პარფიუმერული მაღაზიის პიარი გავხდებოდი, მუდმივად ვიყავი მათი მომხმარებელი. რაც პიარი გავხდი, საოცრებათა ქვეყანაში მოვხვდი.

მაკიაჟის გარეშე იშვიათად გავდივარ ქუჩაში. აქცენტს ტუჩებზე ვაკეთებ. ძალიან მიყვარს წითელი ტუჩსაცხი. ახლა რაღაც ახალი ფერი მაქვს ამოჩემებული, წითელ-ჟოლოსფერ ტუჩსაცხს ვიყენებ. ტრენდი რაც არის, იმის მიხედვით ვცვლი.

– რა საშუალებებით უვლით სახის კანს?

– ერთ-ერთ ბრენდს ვიყენებ. აქვე მინდა გითხრათ, რომ სოლარიუმის აქტიური მომხმარებელი ვარ, რადგან ძალიან მიყვარს.

– ყველა აძაგებს სოლარიუმს, მის მავნებლობაზე გვაფრთხილებენ. თქვენს კანზე ის უარყოფითად არ აისახება?

– რა თქმა უნდა, აისახება, მაგრამ ეს იმხელა ბედნიერებას მანიჭებს… ვიღაც ღვინოს სვამს, ვიღაც კლუბში ერთობა, ვიღაცას სხვა რაღაც ხდის ბედნიერს, მე – სოლარიუმი. ამიტომ ამაზე უარს ვერ ვიტყვი.

– სახის კანისთვის ინექციებს იყენებთ?

– სახეზე არასდროს არაფერი გამიკეთებია.

– როგორ უვლით თმას?

– თმა ჩემი ტკივილია, რადგან სახის კანიც და თმაც ძალიან ცხიმიანი მაქვს. მრავალი წელია ჩემი მეორე სახლია ერთ-ერთი სალონი, რომლის მფლობელებიც ჩემი ახლო მეგობრები არიან. შეიძლება დღეში რამდენჯერმე სხვადასხვა პროცედურაზე მომიწიოს შესვლა. იქ ვუვლი ყველაფერს.

– თმის ფერს ტრენდის მიხედვით იცვლით?

– არა. სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ქერა თმა მქონოდა, მაგრამ ეს ფერი თმის პიგმენტმა ვერ მიიღო, ამიტომ ისევ წაბლისფერზე გადავედი.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”