მსახიობმა სალომე ფაღავამ უკვე დაასრულა ირანელი რეჟისორის ფილმში გადაღებები, ახლა კი ქართულ ფილმში თამაშობს. რეჟისორებს თავიანთ ნამუშევრებთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ. ამის შესახებ ის “სარკესთან” საუბრობს.
სალომე ფაღავა:
– რამდენიმე თვის წინ დავასრულე ირანელებთან თანამშრომლობა. ირანელი რეჟისორი იბრაჰიმ იბრაჰიმიანი იყო ჩამოსული. მას ქართველი მსახიობები ვყავდით დამტკიცებული სხვადასხვა როლებზე. ახლა ფილმი ჰოლანდიაში მუშავდება. რეჟისორი კანის ფესტივალზე აპირებს მის გატანას. ფილმს “დაბლენდ” ჰქვია. 9 მთავარი გმირია, რომლებიც ერთ თამაშში არიან ჩართული. ფილმში ძირითადად მისტიკა, გროტესკი და შავი იუმორია.
ერთი თვეა, რაც დავიწყე მუშაობა რეჟისორ ზვიად ციკოლიას ფილმზე, რომელსაც “საზღაური” ჰქვია.
– რომელი გმირი ყოფილა თქვენთან ყველაზე ახლოს ან რომელი იყო ყველაზე საპასუხისმგებლო?
– სალომეს არც ერთი ჰგავს. ჩემთვის უმთავრესია, რამდენ ადამიანშიც “ვიმოგზაურებ”, რამდენი ადამიანის ცხოვრებასა და ბედსაც მოვირგებ, ყველგან ნამდვილი და მართალი ვიყო. ეკრანს უყვარს სისადავე.
– გაქვთ საოცნებო როლი?
– დიდი სიამოვნებით შევასრულებდი მამაკაცის როლს. ასევე მითქვამს, ფსიქიკურად შეშლილებზე გადაიღეთ ფილმი და შეშლილს მე ვითამაშებ-მეთქი.
– ოდესმე როლზე გითქვამთ უარი?
– იყო ასეთი შემთხვევა. ფაქტობრივად როლზე დამტკიცებულს ბოლო მომენტში მითხრეს, რომ სჭირდებოდათ სრულიად შიშველი სხეული, რაზეც არ დავთანხმდი. არ არის აუცილებელი, იყო შიშველი, მის გარეშეც შესაძლებელია, იყო წარმატებული მსახიობი, მაყურებელს ანიჭებდე სიამოვნებას და ვითარდებოდე. თუმცა ყველას თავისი ნება-სურვილი აქვს და ეს სურვილები ხანდახან კიდეც იცვლება ცხოვრების გზაზე.
მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”
