მსახიობმა სალომე ფაღავამ რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით გამოიწვია ხმაური. მან ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგ საკუთარი მოსაზრება დაწერა, რასაც მოჰყვა როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი კომენტარები. თუ რატომ გადაწყვიტა, ასეთი ხმაურიანი პოსტის დაწერა, ამის შესახებ ის “სარკესთან” ყვება:
– ეს იყო ერთგვარი პროტესტი ჩემი მხრიდან. პირველ რიგში, კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ასე მონდომებით იღვწიან ფაქტობრივი ლეგალიზაციისთვის: ამით რას გვინდა მივაღწიოთ? გასული საუკუნის 90-იან წლებში არ გავიარეთ ის დრო, როცა “ბირჟაზე” 10-15 ბიჭი იკეთებდა წამალს, რადგან ხელმისაწვდომი იყო? ხომ ვთანხმდებით, რომ ის თაობა წამალმა შეიწირა?
ვერც ერთ ადამიანს დამისახელებთ, რომელიც “პლანის” მუდმივი მომხმარებელია, ანუ “ქეშია” და სხვა ნარკოტიკზე არ გადასულა, აქ არ ვგულისხმობ მაინცდამაინც “ჰეროინს”, საუბარია ათასგვარ ტაბლეტზე.
ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც ამ ჩვევამ შეაწუხა, ფსიქიკური მდგომარეობა დაუმძიმა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი შეუშალა. ბევრმა დაანება თავი, ამბობენ, “გამარეკინა”, ვეღარ ვმუშაობდიო და ა.შ.
კომენტარებში მწერდნენ, თუ იცი, რა განსხვავებაა დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორისო. განსხვავება რომ ვიცი, ამიტომ ვამბობ: დეკრიმინალიზაციიდან ლეგალიზაციამდე ერთი ნაბიჯია! დადგება დრო, თან ძალიან მალე, როცა ეს ადამიანები ვერ დაკმაყოფილდებიან არსებული “დოზით” და მოგვთხოვენ ყველანაირ ნარკოტიკზე ლეგალიზაციას.
– ნარკოტიკების თემა მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დაიჭირეს. აქციები ეწყობა, რომ ციხიდან გაათავისუფლონ. თქვენც უერთდებით ამ მოთხოვნას?
– მსახიობ გიორგი გიორგანაშვილთან პირადი შეხება არ მქონია და მისი საქმე დეტალურად ნამდვილად არ ვიცი. მის შესახებ არასოდეს მსმენია, რომ რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაედინოს. მტერსაც არ ვუსურვებ ციხეში მოხვედრას, მაგრამ ამ საკითხში კომპენტენტური არ ვარ, არ ვიცი, ნარკოტიკი ჰქონდა თუ არა.
ადამიანს თუ არაფერი დაუშავებია, მხოლოდ თავისი მოსახმარი დოზა ედო და სხვებს არ ღუპავდა, რა უნდა ციხეში? მომხმარებელი ციხეში არ უნდა ლპებოდეს. უბრალოდ, სხვა ზომების მიღებაა საჭირო.
– თქვენ, ერთი რიგითი მოქალაქე, რაში ხედავთ გამოსავალს?
– აუცილებელია, ბავშვებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ნარკოტიკის საფრთხის თაობაზე. ჩემი თვალით ვნახე ჯემ-ფესტზე, ქართველმა უკრაინელ ტურისტს ბართან ბოთლით “ბიო” რომ გადააწოდა და ის ადამიანი მომენტალურად “აყირავდა”, სასწრაფომ სიკვდილს გადაარჩინა. დიდი შანსია, 15, 16, 17 წლის ბავშვმა არ იცოდეს, რას აწვდიან და უცებ თუნდაც “ბიო” გასინჯოს ან ზედმეტი დოზით “პლანი” მოსწიოს და მისთვის ფატალური აღმოჩნდეს.
მუდმივად “გასულმა” ადამიანმა რა უნდა უთხრას შვილებს, “მოსაწევი” მაგარი რამეა, უნდა გასინჯოო? ან როგორ უნდა აუხსნას თავისი მდგომარეობა? მარიხუანა ტვინის უჯრედებს რომ კლავს, უშვილოებს რომ ტოვებს ასეულობით მამაკაცს, ეს დადასტურებულია.
მოსაწევი არ ჰყოფნით და ფაქტობრივად “მიირთმევენ”. აქვთ ნევროზი, არაადეკვატურები ხდებიან, დროთა განმავლობაში მომხმარებელთა 90%-ს შიზოფრენია ემართება. დღეს თუ დეკრიმინალიზაციას ითხოვენ, 5 წელიწადში ლეგალიზაციას მოითხოვენ.
– რა რეაქცია გექნებათ ან რას მოიმოქმედებთ თუ გაიგებთ, რომ თქვენი ახლობელი, ოჯახის წევრია მომხმარებელი?
– უფალს ვთხოვ ხოლმე, გონება გამინათოს, რომ გარკვეული საკითხები ჩემს შვილს სწორად მივაწოდო. ამის გამო ფსიქოლოგთანაც მივსულვარ და მიკითხავს, რა როგორ ჯობს. მოძღვარი მყავს, ვისგანაც ათასგვარ რჩევას ვიღებ. მინდა, რომ ყველა პატარა, მოზარდი, რომელთა “შეცდენა” ადვილია, დავიცვათ ამ საშინელი სენისგან.
მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”

