როგორ გადავლახოთ შვილის კრიზისული პერიოდები

როგორ გადავლახოთ შვილის კრიზისული პერიოდებიროგორ ხარობდით შვილის დაბადებით, კოვზით აჭმევდით, ხელიხელჩაკიდებულს ატარებდით, ამბობდით: “ჩვენ გავიღვიძეთ, ჩვენ ვითამაშეთ, ჩვენ ვიბანავეთ”… და უეცრად ეს საყვარელი არსება თითქოს შეგიცვალეს – მხოლოდ თავისი ხელით ჭამა სურს, არ იკარებს თქვენ მიერ შერჩეულ ტანსაცმელს, სეირნობისას ყოველ ნაბიჯზე აურზაურს აწყობს…

რა ხდება? ეს თქვენი შვილის ცხოვრების პირველი კრიზისია. მოემზადეთ, წინ კიდევ რამდენიმე გელით.

პირველი კრიზისი

ცხრა თვიდან წლინახევრამდე პრაქტიკულად ყველა ბავშვი პირველი კრიზისის პერიოდს გადის. ეს ის დროა, როცა ბავშვი სიარულსა და ლაპარაკს სწავლობს. ამ დროს თქვენი ოინბაზი პროტესტს აცხადებს, ჭირვეულობს, დაჟინებით მოითხოვს სურვილების ასრულებას, რომლებიც ხუთ წუთში ერთხელ ეცვლება, მიისწრაფვის, ყველაფერი თავისი ხელით გააკეთოს. ეს საკმაოდ უსიამოვნოა. შესაძლოა, გეგონოთ, რომ ბავშვს ასეთი ხასიათი აქვს ან არასწორი აღზრდის შედეგია. დამშვიდდით, ასე ემართება თითქმის ყველა ბავშვს. ეს განვითარების აუცილებელი ეტაპია.

კრიზისს ფსიქოლოგები უბრალოდ ცუდ ქცევას როდი უწოდებენ, ეს არის პერიოდი, როდესაც იცვლება ბავშვის დამოკიდებულება სამყაროსა და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. პირველ თვეებში ჩვილი დედასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება. ფეხის ადგმასთან ერთად ბავშვს უჩნდება შესაძლებლობა, იმოქმედოს მშობლისგან დამოუკიდებლად, მეტყველების განვითარებასთან ერთად იწყებს დამოუკიდებელი სურვილების გამოხატვას.

კრიზისი აუცილებელია, რათა ბავშვმა დედისგან განცალკევება, ფსიქოლოგიური გამოყოფა დაიწყოს. ამ დროს მას უყალიბდება საკუთარი აზრი, ხდება მისი “მეს” ფორმირება. ის არკვევს, რომ აქვს საკუთარი გრძნობები, სურვილები და შესაძლებლობები.

მეორე კრიზისი

ზოგიერთი ქვეყნის მეცნიერები ბავშვის განვითარებაში სამ კრიზისულ პერიოდს გამოყოფენ – 1, 3 და 7 წლის ასაკისას, ზოგან კი არსებობს ტერმინი “კოშმარული ორწლიანები”. ნებისმიერ შემთხვევაში, 2-დან 3,5 წლამდე მათი უმრავლესობა კიდევ ერთ კრიზისს გადალახავს. ამ პერიოდში ბავშვი განსაზღვრავს საკუთარ ადგილს გარემოში, უგულებელყოფს არსებულ წესებს, ცდილობს, საკუთარის დამყარებას, უარყოფს ნებისმიერ წინადადებას, ყველაფერს პირიქით აკეთებს, ჯიუტობს და თავის ნებაზე იქცევა. თითქოს ყველასა და ყველაფერს უჯანყდება. ეს გარდაუვალი ეტაპია. თუ ერთი წლის ასაკში ბავშვი საკუთარი თავის შეცნობას ცდილობდა, ახლა ის სამყაროში თავის ადგილს ეძებს. ასეთი ქცევა არ უკავშირდება არც აღზრდის სისტემას, არც ხასიათს.

ფსიქოლოგთა აზრით, კრიზისის გადალახვა რთულია, მაგრამ უმოქმედობა – უარესი. ეს იმიტომ, რომ კრიზისი არც ჭირვეულობაა და არც სიჯიუტე, ეს ახალი ტიპის ურთიერთობებისკენ გასავლელი გზაა. ყველა კრიზისის საბოლოო შედეგი ზრდასრული, დამოუკიდებელი პიროვნებაა.

დათმობასაც ცოდნა უნდა

მშობლის მოვალეობაა, დაეხმაროს შვილს მის მშვიდობიანად გადალახვაში. ნუ ეცდებით, დათრგუნოთ მისი ნება და, რადაც უნდა დაგიჯდეთ, მორჩილება აიძულოთ. დასჯერდით მცირე, უმტკივნეულო აკრძალვებს, ისწავლეთ ბავშვის ყურადღების გადატანა საკამათო სიტუაციაში, ნუ შეგეშინდებათ დათმობის, იმოქმედეთ შვილთან ერთად და არა მის ნაცვლად, გამუდმებით წაახალისეთ მისი დამოუკიდებლობა. ბავშვი გაიზრდება და ამის სასიკეთო შედეგს აუცილებლად თვალნათლივ დაინახავთ.

“სარკისთვის” მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა