რატომ შეელია დათო დარჩია თმას და 7 კილოს – “ვცდილობ, ცოლისთვის მოსაბეზრებელი არ ვიყო”

რატომ შეელია დათო დარჩია თმას და 7 კილოს - "ვცდილობ, ცოლისთვის მოსაბეზრებელი არ ვიყო"რუსთაველის თეატრის მსახიობ დათო დარჩიას 2018 წელს სამი იუბილე აქვს: მრგვალი ასაკი – 50 წელი, სცენაზე თამაშის 25 წელი და ქორწინებიდან 25 წელი.

მისი ყოველი დღე ემოციებით არის დატვირთული, ასე მოითხოვს მსახიობის პროფესია, ყველა გმირის ისტორია მისი გულის გავლით მიდის მაყურებლამდე. ამას მისი ჯანმრთელობისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია, დღემდე მკურნალობს, საკუთარ თავს ბევრი რამ აუკრძალა, გარდა ერთისა – ფილმებსა თუ სპექტაკლებში ისევ ბოლომდე იხარჯება.

– ბატონო დათო, როგორ გამოიყურება თქვენი რეპერტუარი?

– თეატრში რობერტ სტურუა აკეთებს ახალ სპექტაკლს ერლომ ახვლედიანის პიესის მიხედვით – “ვანო და ნიკო”. კინოშიც ვახერხებ, ჩართული ვიყო. ბესო სოლომონაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალ დეტექტიურ სერიალს იღებს, სადაც პოლიციის უფროსს ვთამაშობ. ეს სერიალი მალე გამოვა ეკრანებზე.

– შემოთავაზებებზე უარს არასდროს ამბობთ.

– იცით, რატომ არ ვამბობ? სანამ ამ პროფესიაში ხარ, ბევრი ახალი სახე უნდა შექმნა. დროს ვაკლებ ოჯახს, პირად საქმეებს, რომ შემოქმედებითად დავიხარჯო. შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში ხარბი ვარ. ასე მოითხოვს ეს პროფესია.

– სერიალი არ არის თქვენთვის ახალი ხილი, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გამოჩნდით ამ ტიპის სხვადასხვა პროექტში. როგორ ფიქრობთ, პოპულარობა ეკრანის დამსახურება უფროა?

– კი, ადრე ბევრ სერიალში მომიწია თამაში. რა თქმა უნდა, ტელევიზია მეტ პოპულარობას გაძლევს, თუნდაც 90-იან წლების სერიალები საინტერესო იყო.

იმ პერიოდში სპექტაკლი “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი” ისეთი პოპულარული იყო, რომ ბაზარშიც ჩემი გმირის სახელს, გიოს მეძახდნენ. მერე იყო ლევან ერისთავის სერიალი, სადაც მკვლელს ვთამაშობდი და ფურორი მოახდინა.

“ჩემი ცოლის დაქალებსაც” უამრავი მაყურებელი ჰყავს. ბარათეონი გამოვიდა ისეთი გმირი, როგორიც გვინდოდა.

– ახალი როლისთვის ხომ არ დაიკელით წონაში?

– კი, ზოგადად ეკრანს სიმსუქნე არ უხდება, აქედან გამომდინარე, 7 კილო დავიკელი. ახლა 86 კილო ვარ. გადავიპარსე თავი, ასეთ პატარ-პატარა მსხვერპლს როლი ხშირად მოითხოვს. სულ ვიღაცა ვარ, მაგრამ მაინც დათო დარჩიად ვრჩები.

2018 წელი ჩემთვის საუბილეოა: სცენაზე დგომის 25 წელი მისრულდება და 50 წლის ვხდები.

რატომ შეელია დათო დარჩია თმას და 7 კილოს - "ვცდილობ, ცოლისთვის მოსაბეზრებელი არ ვიყო"– ამ ასაკში რა გახდა თქვენთვის ყველაზე მთავარი?

– ალბათ ბანალური იქნება, მაგრამ რაც არ განიხილება ქართველისთვის, ეს ოჯახია, ულაპარაკოდ ყველაზე მთავარი ეს არის. რასაკვირველია, ჩემი პროფესიის გამო ბევ დროს ვაკლებ ცოლ-შვილს, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებმა იციან, როგორ მიყვარს ჩემი საქმე. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, ხელი შემიწყონ.

– თქვენი და ვიქტორია ბუხნიკაშვილის 25 წლიანი სტაბილური ქორწინების მთავარი საიდუმლო რა არის? მსახიობებში ასეთი მყარი ოჯახი ძალიან იშვიათია.

– ასეა, მაგრამ რამდენი ექიმი ან ჟურნალისტი ვიცი, რომ გაშორებულია.

– მაგრამ მსახიობების მეტად ჩანს…

– კი, ბატონო, მეტად ჩანს. ურთიერთობაში მთავარი ნდობაა, რომელიც ორივეს გაგვაჩნია. ამან განაპირობა ჩვენი ერთობა. ბევრს ვმოგზაურობდი. გვიანი ვახშმის მერე ისევ რეპეტიციაზე მივდიოდი. ახალშეუღლებულები ვიყავით, მაგრამ ჩემი მეუღლე ამ ყველაფერს გაგებით ეკიდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ ნდობამ გაამყარა ჩვენი თანაცხოვრება.

მე და ჩემს მეუღლეს ქორწინებიდან 25 წელი შეგვისრულდა, წელს ვერცხლის ქორწილი გვაქვს, რაც ბევრის მთქმელია. ადამიანთან 25 წელი რომ ცხოვრობ, უკვე უსიტყვოდ გესმის მისი.

ვცდილობ, რომ მისთვის მოსაბეზრებელი არ ვიყო, არ დავღალოთ ერთმანეთი. ფიცხი ხასიათი მაქვს, კამათიც გვქონია, ამის გარეშე ოჯახი არ არსებობს, მაგრამ, ღვთის წყალობით, ყველაფერი რიგზეა. ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება და უნდა ვეცადოთ, სიყვარული გვქონდეს ერთმანეთის მიმართ.

– ფიზიკურად თავს როგორ გრძნობთ, მხნედ ხართ?

– გულის პრობლემის გამო მუდმივად მედიკამენტებს ვიღებ. 6 წლის წინ, “ოლივერის” პრემიერის წინა დღეს, ცუდად გავხდი და ორი სტენტი ჩამიდგეს. ერთ დღეს ვკითხე ექიმს, ეს წამლები როდემდე უნდა ვსვა-მეთქი. გაეცინა და მითხრა, მთელი ცხოვრებაო.

მიყვარდა ფეხბურთისა და კალათბურთის თამაში, მაგრამ ფიზიკური დატვირთვა აღარ შეიძლება. სცენაზე რასაც ვიხარჯები, საკმარისია.

– დაბოლოს, როგორ შეაჯამებდით განვლილ წლებს?

– მადლობა ღმერთს, ყველაფერი რიგზეა. ბევრ ადამიანზე მწყდება გული, მიდიან ამქვეყნიდან, მაგრამ ცხოვრება ასეთია, ვერაფერს უკარნახებ. ვინც ვრჩებით, ვიცხოვროთ სიყვარულით.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”