რა გავლენას ახდენს ხელოვნება ბავშვებზე

რა გავლენას ახდენს ხელოვნება ბავშვებზეხელოვნება ალამაზებს და მნიშვნელოვნად აფართოებს ბავშვების მსოფლმხედველობას, უვითარებს მათ კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას.

მისი სხვადასხვა დარგის აქტიურად გამოყენება ბავშვების განვითარებისა და ზრდის პროცესში მნიშვნელოვანია და, რაც მთავარია, დიდი სიკეთის მომტანი.

ხატვა, ფერწერა – მისი დახმარებით ბავშვს უვითარდება ფანტაზიის, შემოქმედებითი აზროვნების და ყურადღების კონცენტრაციის უნარი. ხატვა და ფერწერა ასევე ხელს უწყობს სილამაზის, სინატიფის შეგრძნების ფორმირებას.

კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად აიღებთ კონკრეტულ სურათს და დაიწყებთ მასზე საუბარს, განხილვას, მსჯელობას. შეგიძლიათ, გააანალიზოთ პერსონაჟი, რომელიც ამ ნახატზეა გამოსახული. ასეთი განხილვა, პოლემიკა, აზრების გაცვლა არაჩვეულებრივია შვილის კარგი მეტყველებისთვის, გამართულად აზრის ჩამოყალიბებისთვის, ლოგიკისთვის, ყურადღების კონცენტრირებისა და თანმიმდევრულობისთვის.

კლასიკური მუსიკა – ასწავლოთ შვილს მოსმენა და აღქმა, ეს ნიშნავს, რომ ის სამყაროს მიმართ იქნება უფრო მგრძნობიარე. კლასიკური მუსიკა მას აუმაღლებს შინაგან განწყობას, დადებითი ემოციებით განაწყობს, დაამშვიდებს.

კარგი იქნება, თუ მუსიკის მოსმენის კულტურას პატარაობიდანვე მიაჩვევთ, აუხსნით ყველა მუსიკალური საკრავის თავისებურ ჟღერადობას, ასწავლით მათ ცნობას ფოტოების დახმარებით და სახელებსაც დაამახსოვრებინებთ, ეს მართლაც არაჩვეულებრივი იქნება.

პოეზია – მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რიტმის გრძნობისა და ლოგიკის განვითარებაზე, დადებითად მოქმედებს ბავშვის აზროვნების პროცესზე. კარგი იქნება, თუ შვილს პატარაობიდანვე წაუკითხავთ ლექსებს ხმამაღლა. ეცადეთ, მასთან ერთად გააანალიზოთ ლექსის სიუჟეტი და დაიმახსოვროთ ლექსის თუნდაც მცირედი ფრაგმენტი.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ლექსების ზეპირად სწავლა მეხსიერების ერთგვარი ვარჯიშია, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამას პატარაობიდანვე მიაჩვევთ. შინაარსობრივად პოეზია ბავშვის ცხოვრებაში შეიძლება შევადაროთ ფაზლებით სათამაშოს შეგროვების პროცესს.

თეატრი და ბალეტი – მათი დახმარებით შესაძლებელია, გავზარდოთ მშვიდი, დინჯი, გონიერი, მოაზროვნე, ყურადღებიანი ადამიანი. ბავშვის ზიარება თეატრთან და ბალეტთან 3-4 წლიდან უნდა მოხდეს. შემდეგ კი, მისი ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით, ხელოვნების ეს სფეროები რეგულარულად უნდა ჩართოთ მის ცხოვრებაში.

ხელსაქმე – ამგვარი საქმიანობა, პირველ რიგში, არაჩვეულებრივია წვრილი მოტორიკის განვითარებისთვის, ეხმარება ბავშვს ახალი თავგადასავლების მოძებნაში.

ხელსაქმესთან ერთად თქვენი შვილი სწავლობს და აღიქვამს გარესამყაროს. არ დაივიწყოთ, შვილს ნამუშევარი შეუქოთ. ეს მისთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა. მიეცით უფლება, სახლში საკუთარი კუთხე მოაწყოს, სადაც თავისი ნაშრომი ექნება წარმოდგენილი.

მულტიპლიკაცია – ხელოვნების ეს დარგი ძალიან მოქმედებს ბავშვის ემოციურ ფონზე, ეხმარება და ასწავლის ემოციების მართვას. სანამ შვილს მულტფილმს შეურჩევთ, წინასწარ დაფიქრდით მის შინაარსსა და პერსონაჟებზე. მართალია ბავშვები, პირველ რიგში, ცდილობენ, მშობლებს მიბაძონ, მაგრამ მათ ასევე მოსწონთ მულტფილმების გმირების მიბაძვაც. ამიტომ ჯობს, მულტფილმში დადებითი, ღირსეული და კეთილი პერსონაჟი იყოს წარმოდგენილი.

“სარკისთვის” მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა