14 თებერვალს ნიკოლოზ რაჭველისა და ვალერიან შიუკაშვილის ერთობლივი კონცერტის დასრულების შემდეგ, რომელიც პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს ეძღვნებოდა, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ 1tv წერს.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და პიანისტი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ვალერიან შიუკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი შეუძლოდ გახდომა ემოციურ გადაღლას უკავშირდება.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რუსთაველის თეატრში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი მუსიკალური კონცერტი იმართებოდა.
ვალერიან შიუკაშვილი ქართველი პიანისტი და ხელოვნების აკადემიის რექტორია. მისი სახელი შეტანილია „XXI საუკუნის ვარსკვლავების“ წიგნში.
მან დაკვრა 12 წლის ასაკში დაიწყო და ექვსი თვის შემდეგ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორკესტრთან ერთად მოცარტის 23-ე კონცერტი დაუკრა, რის შემდეგაც მისმა ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

