გენიალური ქართველი პოეტის, აკაკი წერეთლის არ იყოს, დასავლეთ საქართველოში მასავით არაერთი ბავშვი გაუშვილებიათ მშობლებს. თუ აკაკი გააძიძეს, სხვები უშვილო წყვილებს უბრალოდ მიაშვილეს. გაშვილება გახდა მთავარი კომპლექსი ბატონი ლერის შემთხვევაში, რომელსაც მთელი ცხოვრება იმას წამოაძახებდნენ ხოლმე, ასეთ ფითქინა მშობლებს ასეთი შავი შვილი საიდან გაუჩნდიო.
ლერი:
– მერვე კლასამდე ვიტანჯებოდი, იმდენად ვიტანჯებოდი, რომ თავის მოკვლაზეც კი ხშირად მიფიქრია. ჩემი მშობლები თეთრი და ლამაზი ადამიანები იყვნენ, მე კი შავი და შეუხედავი ვიყავი. მაშინ მეგონა ასე, იმიტომ, რომ ჩემი მშობლების ფონზე, მართლაც შეუხედავი ვჩანდი.
– ამის გამო დაგცინოდნენ?
– კი. ხშირად ეზოში ჩემზე უფროსი ბავშვები დამცინოდნენ, ასეთ ფითქინა მშობლებს ასეთი შავი შვილი საიდან ყავხარო. ამ სიტყვების გამო ბევრი მიტირია. აღრიალებული სახლში შევვარდებოდი და დედაჩემს ვუწყებდი ჩხუბს, ასეთი შავი რატომ ვარ-მეთქი.
– დედა რას გპასუხობდათ?
– დედას რა უნდა ეთქვა, პატარა ბიჭი ვიყავი. რომც აეხსნა არსებული სიტუაცია და სიმართლე ეთქვა, მისი გაგება, ალბათ, გამიჭირდებოდა. საკმაოდ გვიან გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი.
– როგორ გაიგეთ?
– მაშინ უკვე მერვე კლასში ვიყავი. მამაჩემის გვარი მქონდა, მისი ნათესავები თავს მევლებოდნენ, ამიტომ არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი მშობლების შვილი არ ვიყავი. ერთხელაც არავის წამოსცდენია, რომ ნაშვილები ვიყავი, ალბათ, ჩემს მშობლებს ყველა მკაცრად ჰყავდა გაფრთხილებული. ცოტა რომ წამოვიზარდე, ჩემს მშობლებს ვეხვეწებოდი, მარტო მოწყენილი ვარ, დაიკო ან ძამიკო მინდა-თქო. დედაც ზღაპრებს მიყვებოდა, ახლა ბაზარში ვიყავით, არც დაიკო იყიდებოდა და არც ძამიკო, როცა შევხვდებით, აუცილებლად ორივეს გიყიდითო. სიხარულით ვუცდიდი იმ დღეს, როცა ჩემი მშობლები დაიკოს ან ძამიკოს, ან ორივეს ერთად მომიყვანდნენ და ჩემს სათამაშოებს მათაც გავუნაწილებდი.
– დიდხანს მოგიწიათ ლოდინი?
– საკმაოდ დიდხანს. 6 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა სახლში პატარა გოგონა მოიყვანეს. დედამ მითხრა, აი, ამდენ ხანს რომ ველოდით, მოიყვანეს ბაზარში გოგონა, მოგვეწონა და გიყიდეთო. იმ ღამეს სიხარულით არ დამეძინა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მართალია, სულ თოფები და მანქანები მქონდა სათამაშოდ, მაგრამ მზად ვიყავი, ჩემი პატარა დაიკოსთვის ყველაფერი მეთხოვებინა.
ლია ძალიან შემიყვარდა, თავს ვევლებოდი. საკმარისი იყო, დედაჩემს ერთი სიტყვა ეთქვა, რომ უკვე გავრბოდი და რაც დედიკოს სჭირდებოდა, მაშინვე მომქონდა. ლიას ვეთამაშებოდი, ვაძინებდი კიდეც და სულ მასთან ვიყავი.
– არასდროს დაეჭვებულხართ, რომ ორივე ნაშვილები იყავით?
– ლია რომ გაიზარდა, ისიც რადიკალურად განსხვავებული იყო ჩვენი მშობლებისგან, მაგრამ ღია ფერის გოგონა იყო და ჩემს მშობლებს უფრო ვამსგავსებდი, მე კი მათ შორის ტარაკანასავით ვიყავი გარეული.
– ვინ გითხრათ სიმართლე?
– ჩემს ტანჯვას ბოლო მერვე კლასში მოეღო. ერთ საღამოს მე და მამაჩემი ვიყავით მარტო სახლში. მამამ დამიძახა და მითხრა, მოდი, შენთან სერიოზული საქმე მაქვსო. ვერ მივხვდი, რა უნდოდა, რადგან სკოლაში ცუდად არ ვსწავლობდი და ჩემ გამო მათ პრობლემები არასდროს შექმნიათ. ვხედავდი, რომ ლაპარაკის დაწყება უჭირდა, მაგრამ, როგორც იქნა, მითხრა, უკვე დიდი ბიჭი ხარ, ამიტომ არაფრის დამალვას აზრი არ აქვს, ყურადღებით მომისმინე და თუ რამე გეწყინა ან არ მოგეწონა, ახლავე მითხარიო.
– და რა მოგიყვათ მამამ?
– მისი მონაყოლი ზღაპარს ჰგავდა. იმ დღეს გავიგე, რომ თურმე მათი შვილი არ ვიყავი და მიშვილეს. ამ ამბის გაგონებაზე ბევრი ვიტირე. ქალივით მდიოდა ცრემლები, თან მრცხვენოდა, რომ გოგოსავით ვიქცეოდი, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი.
მამამ ყველაფერი გულწრფელად აღიარა. მირჩევნია, ისევ მე გითხრა, ვიდრე ვინმემ წამოგაძახოს და ჩვენზე გაბრაზდეო. მამამ საოცარი ისტორია მიამბო: ჩემი ბიოლოგიური მამა და ჩემი გამზრდელი მამა თურმე ომში იბრძოდნენ. ისინი სხვადასხვა ბატალიონებში იყვნენ და ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. როცა ჩემი ბიოლოგიური მამის ბატალიონი ბრძოლის ველს ტოვებდა, სულ ბოლოში მამაჩემი მოდიოდა. ტერიტორიას რომ ტოვებდნენ, მამაჩემს კვნესა გაუგონია, ვიღაც “ვაი ნანაო” კვნესოდა. სამეგრელოში ზუსტად ასე კვნესიან, ამიტომ მამაჩემი მიხვედრილა, რომ ვიღაც მისი კუთხიდან უნდა ყოფილიყო და დაჭრილი ჯარისკაცის ძებნა დაუწყია. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ერთ-ერთ ბუჩქში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი უნახავს, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მამაჩემს რამდენიმე კილომეტრი დაჭრილი ჯარისკაცი ზურგით უთრევია და სამშვიდობოს გაუყვანია. ჰოსპიტალში მის სანახავად ხშირად მიდიოდა და ასე დამეგობრდნენ ჩემი გამზრდელი და ბიოლოგიური მამა. ერთმანეთისთვის ძმობა შეუფიცავთ და ომის დასრულების შემდეგაც ხშირად აკითხავდნენ ერთმანეთს. ჩემს გამზრდელ მამას შვილები არ ჰყოლია. წყვილი უშვილო ყოფილა. ერთ-ერთი ქეიფის დროს ჩემი ბიოლოგიური მამა ნასვამი ყოფილა და ჩემი გამზრდელი მამისთვის უთქვამს, ახლა ჩემი ცოლი ორსულადაა, რომ გააჩენს, ამ ბავშვს შენ მოგცემ და ჩვენი ძმობის ნიშნად, სამაგალითოდ გაზარდეო. ჩემს გამზრდელ მამას ეს ამბავი ძალიან გახარებია. არანაკლები სიხარულით შეხვედრია ამ ამბავს მისი მეუღლეც. დედაჩემი უკვე მერვე შვილზე იყო ორსულად და მე გავჩნდი. როცა ჩემი გამზრდელი მშობლები ჩემ წასაყვანად მოსულან, დედაჩემს უთხოვია, სანამ ძუძუს წოვს, ვერ გაგატანთ, როცა ძუძუს თავს დაანებებს, მერე მოდით და წაიყვანეთო. არ ვიცი, გული მიგრძნობდა თუ რა ხდებოდა, მაგრამ თურმე 3 წლამდე ძუძუსთვის თავი არ დამინებებია. ჩემი ყველაზე უფროსი დედმამიშვილი და იყო, თურმე მაკრინე ეხვეწებოდა დედას, არ გაატანო დედა, მარტო მოვუვლი, მე გავზრდი, ოღონდ ეს ბავშვი არავის გაატანოთო, მაგრამ ჩემი ბიოლოგიური მამა მკაცრი ადამიანი ყოფილა და ჩემი დისთვის უთქვამს, მე სიტყვის კაცი ვარ, პირობას ყოველთვის ვასრულებო და ჩემი თავი გამზრდელი მშობლებისთვის მიუცია.
– როგორ მიიღეთ სიმართლე?
– ამის დაჯერება გამიჭირდა, მაგრამ მამას პირობა ჩამოვართვი, რომ ჩემს ნამდვილ მშობლებსაც გამაცნობდა და ჩემს და-ძმებსაც. იმ დღეს გავიგე, რომ თურმე ჩემი გამზრდელების გვარს ვატარებდი და სინამდვილეში სულ სხვა გვარი მქონდა. ძალიან განვიცადე, რამდენიმე დღე ჩემს მშობლებს არ ველაპარაკებოდი. ისევ მამაჩემმა გადმოდგა პირველი ნაბიჯი და შერიგება მთხოვა. მაპატიეო, მეუბნებოდა, თუმცა, საპატიებელი ნამდვილად არაფერი სჭირდა. მათგან ერთი წუთითაც არ მიგრძნია, რომ მათი ღვიძლი შვილი არ ვიყავი, არაფერი მაკლდა, საუკეთესოდ მეცვა, მათგან ცემა არ მახსოვს და ხმამაღალი ლაპარაკი.
– თქვენი და-ძმისა და ნამდვილი მშობლების ნახვის სურვილი არ გაგიჩნდათ?
– ერთი პერიოდი არავის დანახვა მინდოდა. ჩემს ბიოლოგიურ მშობლებზეც გაბრაზებული ვიყავი, სულ იმას ვფიქრობდი, ალბათ, არ ვუყვარდი, ასე რომ გამიმეტეს-მეთქი, მაგრამ ინტერესმა თავისი ქნა და ერთ დღესაც მამაჩემს ვთხოვე, ჩემს ოჯახში წამიყვანე-მეთქი. მამა ასეთ შეთავაზებას არ ელოდა, ყველაფერი დამაფიცა, რომ უკან გამოვყვებოდი და მათ არ მივატოვებდი.
– პირობა შეასრულეთ?
– კი. ჩემს გამზრდელ მშობლებთან ერთად უკან დავბრუნდი, მაგრამ იმ ოჯახში მისვლის პირველი წუთები ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება. ეტყობა, ჩემმა დედმამიშვილებმა და ბიოლოგიურმა მშობლებმა წინასწარ ყველაფერი იცოდნენ, ამიტომ საკმაოდ მშვიდად შემხვდნენ. ყველაზე ემოციური მაინც ჩემი უფროსი და იყო, სწორედ მაკრინე, დედაჩემს რომ ეხვეწებოდა, არ გააშვილო, მე გაგიზრდიო. მათთან საუბრის დაწყება გამიჭირდა, ისევ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ დაიწყო საუბარი და ჩემი სწავლის ამბები გამომკითხა. თავიდან მისთვის ხმის გაცემაც არ მინდოდა, მაგრამ მერე და მერე, მის თვალებში ცრემლები რომ დავინახე, გული მომილბა.
– თქვენგან შორს ცხოვრობდნენ?
– სხვა ქალაქში, არც ისე შორს. მე გალში გავიზარდე, ეს ტერიტორია აფხაზეთის ტერიტორიაზეა და დღეს უკვე ოკუპირებულია. ჩემი ბიოლოგიური ოჯახი კი ზუგდიდში ცხოვრობდა.
– მათთან ურთიერთობა გააგრძელეთ?
– კი. თავიდან გამიჭირდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ მერე და მერე, უკვე თვითონაც ჩამომაკითხეს, მეც ჩავდიოდი, არდადეგებს ერთად ვატარებდით. ჩემი უფროსი და უკვე გათხოვილი იყო და მის ბავშვებთან სიამოვნებით ვთამაშობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიოლოგიური ოჯახი გავიცანი და დავუახლოვდი, მათთან სამუდამოდ გადასვლაზე არასდროს მიფიქრია. ჩემს გამზრდელ დედას თვალებში რომ ჩავხედავდი, იმხელა სევდა და ემოცია იკითხებოდა, გულქვა უნდა ვყოფილიყავი, ბარგი რომ ჩამელაგებინა და მათგან წამოვსულიყავი, ამიტომ ბოლომდე ჩემს გამზრდელ მშობლებთან ვიყავი.
– ახლაც გაქვთ ურთიერთობა თქვენს და-ძმებთან?
– დღეს ყველა ჩემი დედმამიშვილი დაოჯახებულია. სამწუხაროდ, მშობლები აღარ მყავს – ბიოლოგიური მშობლებიც გარდამეცვალნენ და გამზრდელებიც. ორივეს გარდაცვალება ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. ჩემი ბიოლოგიური მამა ყოველთვის მადლიერებით მოიხსენიებდა ჩემს გამზრდელ მამას და მადლობას ეუბნებოდა იმისთვის, რომ მე წესიერ ადამიანად გამზარდა, ჩემი ნამდვილი ოჯახი არ დამაკარგვინა და სიმართლე მითხრა. მესმის, როგორ გაუჭირდა ჩემს გამზრდელ მამას ამის თქმა, მაგრამ იმდენი ვაჟკაცობა ეყო, რომ ჩემთვის არაფერი დაემალა. ამის გამო მას ორმაგად ვცემდი პატივს. როცა აფხაზეთი დავკარგეთ, ჩვენ დევნილებად ვიქეცით. ჩემი დედმამიშვილებიც უკვე გაფანტულები იყვნენ, ჩემი ზოგი და აფხაზეთში იყო გათხოვილი, ჩემი ძმებიც უკვე რუსეთში იყვნენ საცხოვრებლად წასულნი. სამწუხაროდ, ამ ტრაგედიამ ჩვენში დანაკლისიც გამოიწვია. ჩემი ერთ-ერთი ძმა დაიკარგა. მას ოჯახი დასასვენებლად ჰყავდა ოჩამჩირეში, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. მათ გამოსაყვანად შევიდა, ისინი ერთმანეთს ასცდნენ, ჩემი რძალი და ძმისშვილები მშვიდობით გამოვიდნენ, ჩემი ძმა კი უკან აღარ დაბრუნებულა. გალში გაზრდილი კაცი ვარ და ბევრი აფხაზი მეგობარი მყავს. მათ ვთხოვე, ჩემი ძმის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაეგოთ, მაგრამ დამაიმედებელი ვერავინ ვერაფერი გვითხრა. ეს იყო პირველი ყველაზე დიდი დარტყმა ჩემს ცხოვრებაში, რაც დედმამიშვილის დაკარგვით ვიგემე. მერე ათასნაირ ამბებს გვატყობინებდნენ, რომ ჩემი ძმა ტყვედ ჰყავდათ აფხაზებს და მონად ამუშავებდნენ, რომ ტყვარჩელში ტრაქტორზე მუშაობდა, რომ აფხაზებმა ჩაცხრილეს და ა.შ. ბოლოს გამოჩნდა ვიღაც აფხაზი და გვითხრა, თქვენი ძმა მოკლულია, მისი გვამი მე ვიპოვე, პარკში გავახვიე და დავმარხე, წამოდით და გაჩვენებთ, რომ ამოიცნოთო. დაუფიქრებლად მივდიოდი, მაგრამ ჩემიანებმა არ გამიშვეს, რა იცი, რომ სიმართლეს გეუბნება, შენც ტყვედ არ ჩავარდე და ახლა შენი თავი არ გაგვიხდეს საძებნელიო. არ გამიშვეს და დღესაც არ ვიცი, რა ბედი ეწია ჩემს ძმას.
– თქვენს გამზრდელებს გოგონაც ნაშვილები ჰყავდათ?
– იმდენად გამაოგნა ჩემმა ნამდვილმა ისტორიამ, რომ ჩემი დის შესახებ გამზრდელი მშობლებისთვის არაფერი მიკითხავს. მერე და მერე, როცა ჩემი მდგომარეობა გავაცნობიერე, მივხვდი, რომ ლიაც აყვანილი იყო და ჩემი გამზრდელი მშობლები უშვილოები იყვნენ, მაგრამ მისი ამბის გამოძიება აღარ დამიწყია. ჩემთვის დიდი ბედნიერება აღმოჩნდა, რომ ამდენი დედმამიშვილი აღმომაჩნდა, მაგრამ ყოველთვის გული მწყდებოდა იმაზე, რომ ჩემმა მშობლებმა მათთან ერთად ცხოვრებისა და თამაშის ბედნიერება წამართვეს.
– გვარი შეიცვალეთ?
– არა. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ვიცოდი, ჩემს გამზრდელ მშობლებს იმხელა პატივს ვცემდი, რომ მათ გვარზე დავრჩი. ეს ჩემს ბიოლოგიურ მამასაც ავუხსენი და მას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია. გამზრდელი დედა საოცარი ადამიანი იყო, მარტო მისი პატივისცემის გამო არასდროს ვიტყოდი იმ გვარზე უარს, რომელიც სინამდვილეში ჩემი არ იყო.
– თქვენმა მშობლებმა მხოლოდ თქვენ გაგაშვილეს?
– არა, როგორც გავიგე, ჩემ შემდეგ დედაჩემს კიდევ ერთი შვილი გაუჩენია. გოგონა მეზობელ სოფელში გაუშვილებიათ. ისიც უშვილო წყვილს წაუყვანია. მესმის, რომ სამეგრელოში გაშვილება მაშინ მიღებული წესი იყო, ისიც მესმის, რომ ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ ჩემს გამზრდელ მამას პირობა მისცა, შვილს მოგცემო, მაგრამ მისი სულის წინაშე ვამბობ სიმართლეს – იმის პატიება მაინც მიჭირს, რომ ჩემს რეალურ ოჯახს მომწყვიტა და რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით სულ სხვა ოჯახში, სრულიად უცხო ადამიანებში გადამისროლა.

