ირაკლი შოთაძე: ”მილენა მითაიშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე გამოძიება 2 მიმართულებით მიმდინარეობს”

ირაკლი შოთაძე: ”მილენა მითაიშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე გამოძიება 2 მიმართულებით მიმდინარეობს”მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, ყოფილი კოლეგის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

საუბარია მილენა მითაიშვილზე, რომელსაც ყოფილი ძიძები უპირისპირდებიან და ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებენ.

ნიუპოსტის ცნობით, ყოფილი პროკურორი მილენა მითაიშვილი ერთ-ერთ ძიძას ნინო ბოჭორიშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი მოთხოვნის საფუძველზე დღეს ნინო ბოჭორიშვილის სახლი გაჩხრიკეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ბოჭორიშვილის ადვოკატმა გაგა მეშველიანმა განუცხადა, გარკვეული სახის ნივთები ამოიღეს. მისივე თქმით, შემდგომი გამოძიების პროცესში თვითონ გადაწყვეტენ, აქვს თუ არა გარკვეულ საქმესთან შემხებლობა იმ ნივთებს, რომელთა ამოღებაც საჭიროდ ჩათვალეს.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ, სასამართლოს განჩინების მიუხედავად, ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა. მას განჩინებიდან გამომდინარე, ჩხრეკის კანონიერებასა და დასაბუთებულობაში ეჭვი ეპარება.
– მართალია, ჩხრეკა განჩინების საფუძველზე ჩატარდა, მაგრამ ეს განჩინება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. მართალია მოსამართლემ ასე გადაწყვიტა, მაგრამ ეს იყო უკანონო განჩინება და დასაბუთებულობის თვალსაზრისით სუსტი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა, – განაცხადა გაგა მეშველიანმა.

ირაკლი შოთაძე კი ამბობს, რომ გამოძიება ორი მიმართულებით მუშაობს.

ერთი შემთხვევაში სამართალდამცავები თავად მილენა მითაიშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულს იძიებენ. მეორე საქმე კი ძიძების საჩივარს ეხება, სადაც საგამოძიებო უწყება მილენა მითაიშვილის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს სწავლობს.

ირაკლი შოთაძის თქმით, მილენა მითაიშვილის მიმართ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა სამსახურეობრივი შემოწმება, თუმცა, მან დასკვნის მომზადებამდე დაწერა განცხადება წასვლის შესახებ. შესაბამისად, ეს დასკვნა აღარ გამოქვეყნებულა.

რეპორტაჟი ყოფილ პროკურორსა და მის ყოფილ ძიძებს შორის დაპირისპირების თაობაზე P.S.-ში გავიდა. ამის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ ჩხრეკა ჩაატარა ნინო ბოჭორიშვილის სახლში.