ასწავლეთ შვილს მაგიდასთან ჯდომის კულტურა

ასწავლეთ შვილს მაგიდასთან ჯდომის კულტურარა ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ შვილი მაგიდასთან ჯდომის კულტურას და საკვების თავისი ხელით ჭამას? ზოგი ბავშვი 11-12 თვიდან მაგიდასთან დამოუკიდებლად, მშვიდად ზის და თავისი ხელით ჭამასაც ცდილობს, ზოგი კი მოუსვენრადაა, მაგიდიდან ყველაფერს ძირს ყრის, მალე ბეზრდება ერთ ადგილას უძრავად ჯდომა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილი სუფრასთან ჯდომის წესებს მიაჩვიოს?

თუ ბავშვი მაგიდასთან ჯდომის დროს მოუსვენრადაა, კალთაში ჩაისვით, გულზე მიიკარით და რიტმული ფრაზებით ესაუბრეთ. ეს მას დაამშვიდებს, გაბრაზება და დასჯა კი უფრო გააჯიუტებს. სპეციალისტების რჩევაა, შვილის ცუდ საქციელს მოთმინებითა და ალერსიანი სიმკაცრით უპასუხოთ.

მაგიდასთან გაჯიუტებული შვილის დამშვიდება მარტივი, მშვიდი საუბრით შეიძლება. აუღელვებლად ჰკითხეთ: “ჯერ არ მოგშივდა?” ან “წვნიანი არ მოგეწონა?, მაშინ მეორე კერძი ჭამე”. ასეთ საუბარზე რომ გადაერთვება, დამშვიდდება კიდეც.

ბავშვი რომ არ გაერთოს და ყურადღება არ გაეფანტოს, მაგიდაზე არ უნდა იდოს ზედმეტი საგნები. ნუ დადგამთ მარილსა და შაქარს მის სიახლოვეს. გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი, ნუ გაართობთ ტელეფონით. ესაუბრეთ, დაუსვით კითხვები, ჩართეთ საუბარში. სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ჭამის დროს ტელევიზორის, კომპიუტერის ყურება მავნე ჩვევაა!

მაგიდასთან დაჯდომამდე რამდენჯერმე შეახსენეთ, რომ ცოტა ხანში მაგიდას უნდა მიუსხდეთ, შემდეგ ისევ დაუძახეთ. თამაშით გართულს შეახსენეთ, რომ სადილის ან ვახშმის დროა. სხვაგვარად ბავშვს გაუჭირდება, უცბად დაანებოს თავი გართობას, ამიტომ ჭამაზე უარს გეტყვით.

კვებეთ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, მიაჩვიეთ რეჟიმს, რეგულარულ კვებას. საათობრივი კვება დაგეხმარებათ, ბავშვის ორგანიზმის ბიორიტმის მოწესრიგებასა და ცხოვრების სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებაში.

ბავშვის განვითარების დონეზე მეტყველებს არა მხოლოდ მისი საუბარი და დაზეპირებული ლექსების რაოდენობა, არამედ ჩამოყალიბებული თვითმომსახურების ჩვევები. რას ნიშნავს ეს?

წლინახევრის ბავშვმა თავისი ხელით უნდა შეძლოს ფაფის ჭამა. უყიდეთ მსუბუქი მასალისგან დამზადებული საბავშვო კოვზი, ის გაუადვილებს საკუთარი ხელით ჭამას.ბავშვი ამ ასაკში წყალს სვამს ჭიქიდან, რომელსაც ორივე მხრიდან აქვს ხელის მოსაკიდებელი. ჩვეულებრივი ჭიქიდან დალევაც შეუძლია, მაგრამ უმჯობესია, ჭურჭელი უფრო მოსახერხებელი იყოს.

1,6 წლის ასაკში თქვენი შვილი თვითონ უნდა ჭამდეს წვნიანს, პიურეს, ფაფას, დედამ კი უნდა იზრუნოს მისი მოძრაობების დახვეწაზე. ბავშვს მაგიდასთან უმეთვალყურეოდ ნუ დატოვებთ, რომ არ გაერთოს. მშობელმა ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი მის ყოველ მოქმედებას და საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩაერიოს.

პირველ კერძს, წვნიანს რომ დაამთავრებს, მეორე კერძი იმავე თეფშზე არ დაუდოთ. ამით ვერც წესრიგს მიაჩვევთ და ვერც გემოს შეგრძნება განუვითარდება.მიეცით საბავშვო, უსაფრთხო ჩანგალი, მიაჩვიეთ ხელსახოცის ხმარებას, არ დაუშვათ, სუფრაზე ან ტანსაცმელზე შეიწმინდოს ხელი.

წლის და 10 თვის ბავშვმა ყოველი კვების წინ დამოუკიდებლად უნდა დაიბანოს ხელები საპნით .

2 წლისა ჭამის დროს უკვე კარგად იყენებს კოვზს, ჩანგალს და ისეთივე ჭიქიდან სვამს, როგორითაც უფროსები სარგებლობენ. სადილობისას ბავშვი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად უნდა იჯდეს მაგიდასთან. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭამის დროს სავსე პირით არ ილაპარაკოს.

3 წლისას, მშობლის მეთვალყურეობით, დანის გამოყენებაც შეუძლია. არჩევს ერთმანეთისგან დანას, ჩანგალს, კოვზს და იცის თითოეულის დანიშნულება.

“სარკისთვის” მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა