პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებლის, გოგიტა გოგიძის შემოქმედებითი გზა ძალიან დატვირთული და შთამბეჭდავია.ყველაფერი სურამში დაიწყო. დაამთავრა სურამის მუსიკალური ათწლედი ფორტეპიანოს განხრით, შემდეგ გორის მუსიკალური სასწავლებლის ვოკალური განყოფილება, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სიმღერის სპეციალობით. მუშაობდა ხარისხზე პედაგოგიურ უნივერსიტეტში თემაზე “მუსიკალური აღზრდის პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში”. არის საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის წევრი, უამრავი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი.
მუსიკოსი ამჯერად ნიუ იორკშია. მას ამერიკაში დავუკავშირდით.
– გოგიტა, გვინდა, მოკლედ მოგვითხროთ ნაყოფიერი გასული წლის შესახებ.
– 2017 წელი მართლაც გამორჩეულად საინტერესო და წარმატებული გამოდგა. პირველი იღბლიანი გასვლა იყო 21 იანვარს ამსტერდამში, სადაც ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის (ხელმძღვანელი თიკა სვანიძე) და საქართველოს საკონსულოს მიწვევით ვიმყოფებოდით მე, მანანა თოდაძე და გიო ხუციშვილი. კონცერტი იყო საკმაოდ მასშტაბური და ემოციებით სავსე.
ამ კონცერტმა მოიტანა შემდეგი პროექტი და 8 მარტს ჰააგაში, საკონცერტო ცენტრ “ოპერაში” მქონდა სოლო კონცერტი და აუდიო ალბომის პრეზენტაცია მრავალეთნიკურ პუბლიკასთან. ქართველებთან ერთად იყვნენ უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ლიტველები, რუსები, ყაზახები, თურქები და ებრაელები.
არასტანდარტულ ფორმატში ვიმუშავე, მქონდა 5 საათიანი ნონ-სტოპი. შემდეგი პროექტი შედგა 6 ივნისს გერმანიის ქალაქ ესენში, ებრაული კულტურის ცენტრში, რომელსაც მოჰყვა ფრანკფურტის კონცერტი 10 სექტემბერს.
– როგორც ვიცი, გასულ წელს საინტერესო რადიო პრემიერებიც გქონდათ.– კი, საკმაოდ წარმატებული გამოდგა თაკო მელიქიშვილთან ერთად დუეტი სიმღერის “ჩაგეხუტები”, რომლის პრემიერაც 2017 წლის 4 თებერვალს შედგა რადიო “არ დაიდარდოში” და ამ დროისათვის უკვე ორ მილიონამდე ნახვა აქვს.
შემდეგ, ტრადიციულად ჩემს დაბადების დღეზე, 10 ნოემბერს, კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა გავაკეთე “არ წახვიდე”, რომლის ნახვამ სამ თვეში მილიონნახევარს მიაღწია. მალე კიდევ ერთი სიმღერის პრემიერას ვგეგმავ, რომელიც პირველად ამერიკაში გაჟღერდება ჩემს სოლო კონცერტზე.
აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს უღალატო და უნიჭიერეს პარტნიორს, ბავშვობის მეგობარს, ცირა ბზიშვილს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს ჩემს შემოქმედებით წარმატებაში შეტანილი.
– ორიოდე სიტყვით მოგვიყევით ამერიკული გასტროლის შესახებ.
– ქართული კულტურის ცენტრ “ფესვების” მოწვევით ჩამოვედი საახალწლო კონცერტებზე, შემდეგ ჩემით დაინტერესდა ფონდი “მსოფლიო ტალანტები” და შემომთავაზა თანამშრომლობა. პირველი პროექტი, რომელიც დაიგეგმა, არის ჩემი სოლო კონცერტი ბრაიტონზე, “ნასიონალში”, 10 მარტს.
– ამბობენ, ყველა წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ოჯახი დგასო. მოგვიყევით მეუღლეზე, შვილებზე.
– მყავს მეუღლე ხათუნა ზვიადაძე და სამი შვილი. უფროსი მიშო გოგიძე პროფესიონალი ფოტოდიზაინერია, საკუთარი სტუდია აქვს.
გიორგი “შავი ზღვის უნივერსიტეტში” სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებზე ინგლისურ სექტორზე. ჩართულია საზოგადოებრივ აქტივობებში, არის კლუბის “რა? სად? როდის?” წევრი და ბევრს მოგზაურობს ნატო-ს და ევროკავშირის სტუდენტურ სამიტებზე. მარტში მიწვეულია დიდ ბრიტანეთში გაერო-ს მოდელირებულ სტუდენტურ სამიტზე. პატარა, ელენე, ჯერ 5 წლისაა და ცხოვრებას გვიხალისებს.
– დიდი მადლობა და მინდა, წარმატებები გისურვოთ.
ჟურნალი სარკე

