ძმაკაცები და ახლობლები მეუბნებიან, ძალიან შეიცვალე, რა გჭირსო. ოჯახის წევრებმა ისიც კი მითხრეს, შაქრის ანალიზები აიღე, დიაბეტი არ გქონდესო. საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას მეუბნება, ძალიან კარგად ვიცი, რაც მჭირს. ისიც ვიცი, რომ ამას ვერაფერს ვუშველი და დარჩენილი სიცოცხლე ტანჯვაში უნდა გავლიო.
26 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. ჩემი მშობლების და ნათესავების რჩეულზე ვიქორწინე. გარიგებას დავთანხმდი, რადგან სიყვარული მანამდე არ გამომეცადა. ის, ვისაც მირიგებდნენ, გარეგნობითაც კარგი გოგო იყო, ხასიათითაც ნორმალური ჩანდა, კარგი მშობლები ჰყავდა, საქორწილო ასაკიც მქონდა, ამიტომაც ეს ნაბიჯი ადვილად გადავდგი.
ცხოვრების დინებას ჩვეულებრივად მივყვებოდი. 48 წლის ასაკში კი ყველაფერი შეიცვალა. შევხვდი ქალს, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა. მას ვერაფერს დავაბრალებ, არ უაქტიურია, დიდხანს ვერც მამჩნევდა. მე შემიყვარდა ერთი ნახვით. იმდენი ვქენი, რომ მასთან ურთიერთობა ავაწყვე. ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც ჩემს ოცნებებში წარმომედგინა.
უბედნიერესი ვიყავი, როცა მითხრა, რომ ვუყვარდი. როცა მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, უცებ დამეკარგა, ჩემს ზარებს აღარ პასუხობდა. ერთ დღესაც ჩემთან მოვიდა, ძალიან შეცვლილი იყო, სახეზე ტანჯვა ეწერა. მითხრა, რომ მშორდებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ცოლშვილიანი კაცი ვიყავი. ვაღიარებ, მზად ვიყავი, ოჯახი დამენგრია, მაგრამ ამის უფლება არ მომცა. მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე სხვები გავაუბედუროო.
მეგონა, რომ გადაიფიქრებდა, დრო გავიდოდა, უჩემოდ ყოფნას ვერ შეძლებდა და დამიბრუნდებოდა, მაგრამ უკვე ორი წელია, საერთოდ არ მეკონტაქტება. ვეჭვიანობდი, უკან ჩუმად დავყვებოდი, ვინმე ხომ არ ჰყავდა, მაგრამ მის ცხოვრებაში სხვა მამაკაცი არ არის. უბრალოდ გამეცალა, რომ ოჯახში დავრჩენილიყავი.
გვერდიდან თუ შევხედავთ, სწორად მოიქცა და ჩემთვისაც ასე ჯობდა, მაგრამ ფიზიკურად ვარ ცუდად. ყველაფრის მიმართ დავკარგე ინტერესი. ჩემთვის სულ ერთია, ვინ რას მეუბნება ან რა ხდება გარშემო. ინსტინქტურად მიყვები ცხოვრებას და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ფინიშამდე მალე მივიდე.
“სარკის” ერთგული მკითხველი

