ყოფილი კალათბურთელი შიო ხეცურიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, მაგრამ არჩევნების დღეს კანდიდატურა მოხსნა. ყოფილი სპორტსმენი ამას იმით ხსნის, რომ უკვე გადაწყვეტილი იყო მისი დამარცხება. თუ რა გზა გაიარა მანამდე, ამის შესახებ ის “სარკესთან” ყვება:
– 24 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე. 29 წლის ასაკში ქვეყნის დატოვება მომიწია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და 3 წლით ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში სამუშაოდ წავედი. ამიტომაც გადავწყვიტე, კალათბურთისთვის თავი დამენებებინა.
თავიდან ბანკში დავიწყე მუშაობა, შემდეგ სამშენებლო კომპანიაში, შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო შემთხვევები, ჰალსტუხს ვიხსნიდი, სავარჯიშო ფორმას ვიცვამდი და ვარჯიშზე შევდიოდი.
– ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდით. რატომ?
– არც წამოჭრილა საკითხი, უცხოეთში დავრჩენილიყავი თუ არა. თავიდანვე ვიცოდი, რომ გარკვეული პერიოდით მივდიოდი და ვემზადებოდი იმისთვისაც, რომ უკან დავბრუნდებოდი. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება მარტივად მივიღე.
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ რა საქმეს მოჰკიდეთ ხელი?
– იუსტიციის სახლის მენეჯერად დავიწყე მუშაობა. მერე დამაწინაურეს და იუსტიციის სახლის ფინანსური დირექტორი გავხდი, შემდეგ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თავმჯდომარედ დამნიშნეს. წელიწადნახევარზე მეტი ამ პოზიციაზე ვიმუშავე, მაგრამ მომიწია დამეტოვებინა იუსტიციის სისტემა და კერძო სექტორში გადმოვედი – ბიზნეს-განვითარების დირექტორი ვარ.
– საინტერესოა, ასეთი კარიერის მქონემ რატომ გადაწყვიტეთ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის გეყარათ კენჭი.
– ამ პოზიციის დატოვებას არ ვაპირებდი, პარალელულ რეჟმში ვიმუშავებდი. კალათბურთის თამაში ადრეული ასაკიდან დავიწყე და დღემდე გუნდ “მგზავრებში” მოყვარულ ლიგაში ვთამაშობ. კალათბურთი ჩემი ცხოვრების წესია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტობა არ მოხერხდა, მე და ჩემი მეგობრები არაერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. უახლოეს მომავალში ამის შესახებაც განვაცხადებთ.
– ზაზა ფაჩულიას მეგობარი ხართ, რომელიც ღიად გიჭერდათ მხარს. თავის დროზე ზაზამაც გირჩიათ, კენჭი გეყარათ?
– ეს იყო ჩემი მეგობრებისა და თანამოაზრეების საერთო გადაწყვეტილება. გვინდოდა, თანამედროვე სიახლეებზე, ინოვაციებზე გათვლილი ჯგუფი მივსულიყავით ფედერაციის ხელმძღვანელობაში და უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ვთვლით, რომ დღეს ქართული კალათბურთი უკან მიდის. არამარტო ნაკრების წარმატებით უნდა გაიზომოს კალათბურთი, არამედ სიღრმისეულად. რაც უფრო სიღრმისეულად ჩავიხედავთ ქართულ კალათბურთში, დავინახავთ, რომ უფრო დიდი პრობლემებია.
– ამბობთ, რომ გსურდათ, სიახლეები დაგენერგათ, მაგრამ არჩევნების დღეს მოხსენით კანდიდატურა. რატომ?
– აზრი არ ჰქონდა. გადაწყვეტილი იყო, რომ ვერ გავიმარჯვებდით. გარკვეული ადამიანების პირად ინტერესებს ვერ ვაჯობეთ. ამ ჯგუფს, რომელიც დღეს ფედერაციაშია და კალათბურთს ხელმძღვანელობს, არ აქვს უნარი და ვერ შეძლებს იმ წარმატების მიღწევას, რომელსაც ქართულმა კალათბურთმა უნდა მიაღწიოს და რაც ჩვენ წარმოგვიდგენია.
რამდენიმე ადამიანზეა საუბარი, რომლებსაც ვთვლით, რომ არც უნარი აქვთ და გარკვეულ მავნებლობასაც ჩადიოდნენ ქართული კალათბურთის წინაშე. ვიდრე ეს ხალხი ფედერაციაში იქნება, პროგრესზე საუბარი ზედმეტია.
– ბევრს აინტერესებს, როგორია თქვენი პირადი ცხოვრება, დაოჯახებული ხართ?
– მეუღლე არ მყავს.
– როგორი მეორე ნახევარი წარმოგიდგენიათ თქვენ გვერდით?
– გარეგნულ სილამაზესთან ერთად მნიშვნელოვანია განათლება, ხასიათი და ა.შ.
– აქამდე რატომ ვერ ნახეთ თქვენთვის მოსაწონი გოგო?
– ერთი და ორი კონკრეტული მიზეზის გამო არა. ფაქტია, რომ ვერ ვნახე.
მარი მგალობლიშვილი, ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ “სარკის” მიმდინარე ნომერში
