გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდოთ, რადგან ვიცი, ის ადამიანიც წაიკითხავს, ვისაც დღეს ჩემი არ სჯერა და ეჭვის თვალით მიყურებს.
17 წლის გოგო ვარ. ერთი წლის წინ გავიცანი ბიჭი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. მგონია, რომ ასეთი სიყვარული ჯერ არავის განუცდია, რადგან სულ მასზე ვფიქრობ, მისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ. ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი იდეალურად არის, მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს. მას ჰყავს ძმაკაცი, რომელსაც ჰგონია, რომ მის მეგობარს ვატყუებ. ყოველთვის ალმაცერად მიყურებს. თავის მეგობართან ერთად არაფერს მეუბნება, მაგრამ ცალკე თუ მნახავს, სულ მაფრთხილებს, ჩემს ძმაკაცს არ დაგაბრიყვებინებ, მას ვერ მოატყუებ, იცოდე, სულ თვალყურს გადევნებო.
საქმე ის არის, რომ 14 წლის ასაკში ერთი ბიჭის მიმართ სიმპათია მქონდა. ეს სიყვარული კი არა, ბავშვური გატაცება იყო. ის ბიჭი და ჩემი შეყვარებულის ძმაკაცი ერთმანეთს იცნობენ და დღემდე ახლო ურთიერთობა აქვთ. მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ შორის სიყვარული არ ყოფილა, ბავშვურად ვიქცეოდით, მაგრამ მაინც დაბოღმილია. ერთხელ მითხრა, შენი სიყვარულის როგორ უნდა დაიჯეროს კაცმა, როცა ცოტა ხნის წინ სხვა გიყვარდაო. ავუხსენი, უფრო სწორად, შევახსენე, რა და როგორ იყო, მაგრამ ის მაინც ცინიკურად მიყურებს. როცა შეყვარებულის მიმართ სიყვარულს ვამჟღავნებ, ჩემ გასაგონად ირონიულად იტყვის ხოლმე, ამ ფარისევლობას როგორ ვერ ვიტანო.
ძალიან დამაკომპლექსა. არადა ისე ხდება, რომ შეყვარებული სულ მეგობართან ერთად მოდის. ვეჭვობ, რომ ძმაკაცი ჩემთან მარტო არ უშვებს. ხომ მითხრა, თვალყურს გადევნებო, ჰოდა, ეტყობა, არ უნდა, რამე გამოეპაროს და მარტო დარჩენის საშუალებას არ გვაძლევს. არ ვიცი, როგორ დავუმტკიცო, რომ მისი ძმაკაცი სიცოცხლეს მირჩევნია. მკაცრად ვერ ველაპარაკები, რადგან მეშინია, რომ თავის მეგობარს ყველაფერს მოუყვება, მაგრამ არა ისე, როგორც სინამდვილეში მოხდა, დარწმუნებული ვარ, სხვანაირად უამბობს და ჩემს თავს შეაძულებს.
მინდა, მივმართო, რომ დამიჯეროს. მისი მეგობარი მართლა მიყვარს. თუ ერთმანეთს დაგვაშორებს, ჩემზე უბედური არავინ იქნება. გთხოვ, ჩვენ შორის ნუ ჩადგები.
“სარკის” მკითხველი

