სალომე გოგიაშვილმა ფეხსაცმლის კერვა დაიწყო – “2017 წელს, ჩემდა გასაკვირად, ორსულად არ ვყოფილვარ”

სალომე გოგიაშვილმა ფეხსაცმლის კერვა დაიწყო - "2017 წელს, ჩემდა გასაკვირად, ორსულად არ ვყოფილვარ"ყოფილმა ტელესახე სალომე გოგიაშვილმა შარშან ბიზნესი წამოიწყო – საკუთარი ბრენდი შექმნა და ჯერ მაისურების კოლექცია გააკეთა, მერე კი ფეხსაცმელებზე გადავიდა. მისი ნაწარმი იანვრის ბოლოს უკვე მაღაზიათა ქსელში ჩაეშვება. უფრო დეტალურად სალომე “სარკეს” გულღიად უამბობს.

– სალომე, თქვენს საქმიანობაზე მოგვიყევით.

– ოცნება ავიხდინე და ჩემი ბრენდი შევქმენი. “მოთელვა” გავაკეთე მაისურებით, შემდეგ სერიოზულად ვიმუშავე ფეხსაცმელებზე, რომლებიც მალე ჩაეშვება წარმოებასა და გაყიდვაში. შემდეგ ვაპირებ ქურთუკებისა და ჩანთების ხაზზე მუშაობას.

– რა სეგმენტზეა თქვენი ბიზნესი გათვლილი?

– როცა ამ საქმეს ხელი მოვკიდე, არ მიფიქრია სეგმენტზე. ძალიან მიყვარს ჩაცმა, ხარისხს ვანიჭებ უპირატესობას, მით უფრო ფეხსაცმელი ძალიან მნიშვნელოვანია. მან არ უნდა შეგარცხვინოს და არ უნდა დააღოს პირი, არ უნდა აგიქოთოს ფეხი, ამიტომ პირველი, რაზეც გავაკეთე აქცენტი, ეს იყო მასალა. მინდოდა, ნატურალური ყოფილიყო. არც ფული დავზოგეთ, არც შრომა და გავაკეთეთ მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი.

ყველა გვეუბნებოდა, რა საჭიროა ასეთი ძვირფასი მასალაო, მაგრამ, როგორც გითხარით, ხარისხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– პირადი ცხოვრება რა მოვლენებით იყო გამორჩეული გასულ წელს?

– ჩემდა გასაკვირად, 2017 წელს ორსულად არ ვყოფილვარ, ის წელი გადავაგორეთ ახალშობილის გარეშე. ოჯახში სიმშვიდე, სიწყნარე სუფევს.

– ბოლოს რა საჩუქარი გაგიკეთათ ქმარმა?

– ახალ წელს ერთმანეთს გავუკეთეთ საჩუქრები, მაგრამ, რასაკვირველია, ეს იმდენად ინტიმური საკითხია, არ ვიტყვი, რა ვაჩუქეთ ერთმანეთს. არ მინდა, ვიღაცები ზედმეტად გავაღიზიანო.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”