“მშობლებმა იდუმალი სანტას თამაშისთვის დამსაჯეს”

"მშობლებმა იდუმალი სანტას თამაშისთვის დამსაჯეს"გამარჯობა! ამ წერილს 13 წლის ბიჭი გწერთ. სკოლაში ყველა კლასში თამაშობდნენ იდუმალ სანტას და მე და ჩემმა კლასელებმაც გადავწყვიტეთ, საახალწლოდ ერთმანეთი გაგვეხარებინა.

მშობლებს ვუთხარით, რომ 5 ლარის ფარგლებში უნდა გვეყიდა საჩუქრები. მე ისეთი გოგოს სანტა აღმოვჩნდი, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვეუბნები. გადავწყვიტე, მისთვის ძალიან კარგი საჩუქარი გამეკეთებინა. ფულს ვაგროვებდი, ამიტომ იქიდან 50 ლარი ავიღე და ლამაზი სამაჯური ვუყიდე.

ბავშვებმა კლასში ერთი ამბავი ატეხეს, ასე არ შეიძლებოდა, თავი რატომ გამოიჩინე, ჩვენ თუ 5 ლარიანი საჩუქრები ვუყიდეთ, შენ ვითომ ვინ ხარო. მათ ვერ ავუხსნიდი, რომ ის გოგო მომწონს და ამიტომაც მინდოდა, განსაკუთრებულად გამეხარებინა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ამბავი ჩვენი დამრიგებლის ყურამდეც მივიდა. მან დედაჩემს დაურეკა და უთხრა, თქვენმა შვილმა იდუმალი სანტა ითამაშა, საჩუქარში 50 ლარი გადაიხადაო. ჰკითხა, ეს ფული საიდან ჰქონდა, თქვენ მიეცითო. მშობლები ძალიან გამიბრაზდნენ. მითხრეს, ფულს იმიტომ გაძლევდით, რომ შენთვის გეყიდა რაღაცები, კლასელის საჩუქარში ამდენი რატომ გადაიხადეო.

მამამ მითხრა, დღეიდან ერთ თეთრსაც კი ვერ მიიღებ ჩვენგან, დასჯილი იქნებიო. მეგონა, დამშვიდდებოდნენ და გადაიფიქრებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. დარჩენილი 60 ლარიც წამართვეს და მართლა ერთი თეთრის გარეშე დამტოვეს. ვთქვათ, კლასელებთან დავაშავე, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, მშობლებს გაეგოთ ჩემთვის? იციან, რომ ის გოგო მომწონს, მაგრამ ამასაც არაფრად თვლიან.

“სარკის” მკითხველი