“მეგონა, საყვარელი ბიჭი პაემანზე მეპატიჟებოდა, მან კი ჩემს დაქალთან მაჭანკლობა მთხოვა”

"მეგონა, საყვარელი ბიჭი პაემანზე მეპატიჟებოდა, მან კი ჩემს დაქალთან მაჭანკლობა მთხოვა"ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, თუმცა კი არ მეცინება, მეტირება. რამდენიმე დღის წინ საშინელი რაღაც დამემართა. მეგონა, საყვარელი ბიჭი პაემანზე მეპატიჟებოდა, მან კი მაჭანკლობა მთხოვა.

16 წლის გოგო ვარ. დიდი ხანია სკოლაში უფროსკლასელი ბიჭი მიყვარს, მაგრამ, ბუნებრივია, სიმართლეს ვერ ვეუბნები. ჩემმა საუკეთესო დაქალმა კი ყველაფერი იცის. მხოლოდ მას ვუშლიდი გულს, მხოლოდ მასთან ვლაპარაკობდი. ისიც მამშვიდებდა, რჩევებს მაძლევდა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ის ბიჭი შეიცვალა, ჩემ მიმართ სხვანაირი გახდა. ეს ცვლილება რომ შევნიშნე, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. დაქალი მეუბნებოდა, აი, ხომ ხედავ, შენ მიმართ გრძნობები მასაც აქვს, ყველაფერი კარგად იქნებაო. მასზე ოცნებაში უამრავი ღამე მაქვს გათენებული. ბოლო დროს კი სიხარულისგან სულ ვეღარ ვიძინებდი, მეგონა, რომ მასაც ისევე ვუყვარდი, როგორც მე მიყვარდა. ამიტომაც ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, მის მესიჯს რომ მივიღებდი. მწერდა, თუ შეძლებ, იქნებ ერთმანეთს შევხვდეთ, შენთან საქმე მაქვსო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და დროსა და ადგილზეც შევთანხმდით.

მაშინვე დაქალს დავურეკე და ეს ამბავი ვახარე. ისიც სიხარულისგან კიოდა, ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი კარგად იქნება. პაემანზე გეპატიჟება, ალბათ სიყვარული უნდა აგიხსნასო. ჩემთან მოვიდა და გამოპრანჭვაში დამეხმარა. “პაემანზე” კი საშინელი რამ მოხდა. მან გამიმხილა, რომ ჩემი დაქალი ძალიან უყვარდა და მთხოვა, იქნებ მასთან ურთიერთობაში დამეხმაროო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა. მხოლოდ ის მოვახერხე, მეთქვა, რომ ჯერ მეგობარს ვკითხავდი, მასთან ურთიერთობა სურდა თუ არა. იქიდან ისე წამოვედი, ვერც ვხედავდი, გარშემო რა ხდებოდა. დაქალი სახლში მელოდებოდა. მაშინვე მკითხა, რა მოხდა. ვუთხარი, მე კი არა, შენ უყვარხარ-მეთქი. ჩემი მეგობარი ძალიან შეწუხდა, ამას არც ის ელოდა, მაგრამ რა მისი ბრალია, თუ იმ ბიჭს ის მოეწონა?

გარეთ გასვლა არ მინდა. სკოლაში რომ მივდივარ, ერთი სული მაქვს, იქიდან როდის გამოვიქცევი. ვიცი, ჩემი დაქალი არაფერშუაშია, მაგრამ მასთან ურთიერთობაც აღარ მინდა. ვუთხარი, თუ შენც მოგწონს, მე ხელს არ შეგიშლი-მეთქი და ასეც მოვიქცევი. ღმერთს ვეხვეწები, რომ დამავიწყოს. აღარ მინდა, მიყვარდეს და მასზე ვფიქრობდე. იმედია, ეს გრძნობა სამუდამოდ გაქრება ჩემი გულიდან და დავმშვიდდები.

“სარკის” მკითხველი