”გამარჯობა! ერთი თვის წინ ჩემს ბინაში ვიღაც ბიჭმა ტელეფონზე დარეკვა დაიწყო. თავიდან უცხო სახელებს კითხულობდა და ვპასუხობდი, სხვაგან მოხვდით-მეთქი. ეს ხშირად განმეორდა, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ სხვადასხვა ადამიანი რეკავდა. მერე კი თითქოს შევამჩნიე, რომ მუდმივად ერთი და იმავე ხმას ვპასუხობდი, ამიტომ ნომრის ჩამწერის რეჟიმი დავაყენე ტელეფონზე და ჩემი ვარაუდიც გამართლდა, ზარები ერთი და იმავე ნომრიდან შემოდიოდა. გადავწყვიტე, გამერკვია, იმ თავხედს რა უნდოდა ჩემგან, თუმცა შენიშვნის თქმა ვინ დამაცადა, როცა ვიკითხე, ვინ ხართ-მეთქი, სიყვარულის ახსნა დამიწყო, მითხრა, ამის თქმას ვერ ვბედავდი და იმისთვის ვრეკავდი, რომ შენი ხმა მაინც მომესმინა, ამით მაინც დავმტკბარიყავიო. ისიც დაამატა, ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდრივართო და ბევრი ისეთი რამ ჩამომითვალა, რაც მხოლოდ ახლობლებმა თუ იციან ჩემ შესახებ. ბოლოს დასძინა, ვინაობას არ გაგიმხელო და პასუხი არ დამაცადა, ისე გათიშა.
ძალიან ფიცხი ხასიათი მაქვს. გადავურეკე და ვუთხარი, არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ შენი ნომერი დაფიქსირებული მაქვს და თავისუფლად შემიძლია, პოლიციაში გიჩივლო-მეთქი. ის კი მშიშარა ვინმე აღმოჩნდა, აკანკალებული ხმით თქვა, ოღონდ არ დარეკო და სრულ სიმართლეს გეტყვი: შენი დაქალის მოპირდაპირე კორპუსში ვცხოვრობ, შენს მეგობარს ვიცნობ, რომელმაც შენი ნომერი მომცა და მითხრა, გამეშაყირებინეო.
მეორე დღესვე დაქალთან მივედი. მან აღიარა, ასე იყოო. იმ დღის შემდეგ გაბუტული ვარ. არ ვიცი, მასთან ურთიერთობა როგორ უნდა გავაგრძელო. სრულიად უცხო ადამიანს მოუყვა ჩემ შესახებ ისეთი რაღაცეები, რაც რამდენიმე ადამიანმა თუ იცის. დაქალთან დაშორებაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ახლა მასთან ურთიერთობის გაგრძელების მოტივს ვერ ვხედავ.”
“სარკის” მკითხველი, 18 წლის

