“ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტის გოგიტა დალაქიშვილის დაკავებას სერიოზული მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
დალაქიშვილს ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან იცნობს. ის აქტიურად მონაწილეობდა ნაციონალების წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციებში.
გოგიტა დალაქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურად ასეთი განცხადება კეთდება:
– შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოქალაქე დ.ე.-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3.000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მას დ.ე.-მ მოთხოვნილი თანხა გადასცა.
გამოძიება ანგარებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.
შსს-მ ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.
უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილის დალაქიშვილის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებს. იგივეს ფიქრობს ადვოკატი ირმა ჭკადუა.
დალაქიშვილი ხელისუფლებას მწვაედ აკრიტიკებდა და მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობდა.
რამდენიმე თვის წინ მან “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებაზე სკანდალური განცხადებები გააკეთა. ამბობდა, რომ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მას მთავრობის წევრების წინააღმდეგ აქციების მოწყობას სთხოვდა.
როგორც დალაქიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ის 2013 წელს შსს-ში დაიბარეს და სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის, მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილისა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ პროვოკაციებისა და აქციების მოწყობა მოსთხოვეს, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას დაჰპირდნენ.
დაკავებულის მეგობარი მიშა კაჭკაჭიშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ დალაქიშვილი ბოლო პერიოდში ხშირად ამბობდა, რომ ის შეიძლება დააკავონ.
უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი მეგობრის დაკავებას სკანდალი მოჰყვება.
– გოგიტას წლებია, ვიცნობ. ჩვენ საერთო სამეგობრო გვყავდა, ზოგი ახლა ხელისუფლებაშია, ზოგი – პარლამენტში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურია. ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრდება, ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, ბევრის გვარი გახდება ცნობილი. მას რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ შესაძლოა, მე დამიჭირონო. როგორც ჩემთვის ცნობილია, მაღალჩინოსნების გვარებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, დაკავებაც და საქმეც. ფაქტია, რომ აშკარად პოლიტიკური ქვეტექსტი დაჰყვება, – ამბობს მიშა კაჭკაჭიშვილი.
ხელისუფლების კრიტიკით თავად კაჭკაჭიშვილიც გამოირჩევა და არ გამორიცხავს, რომ მასაც მოუწყონ რაღაც პროვოკაცია.
– გოგიტას ამბავი არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ “ოცნებაში” აშკარად არ მოსწონთ განსხვავებული აზრის მოსმენა. თან იქ რამდენიმე დაჯგუფებაა. ზოგს დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის აშენება სურს, ზოგი დიქტატურისკენ იხრება.
“ქართულ ოცნებაში” ბევრი ჩვენი მეგობარია. ისინი სხვადასხვა თანამდებობებზე სხედან. ბოლო დროს მათთან რამდენჯერმე მქონდა საუბარი. ჩვენი საუბარი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მათ მომთხოვეს, რომ ჩემი საქმისთვის მიმეხედა. ჩემს საქმედ ადამიანის უფლებების დაცვა მიმაჩნია და ამას მომავალშიც გავაკეთებ.
ხელისუფლებაში მყოფ ჩემს მეგობრებთან საუბრები მაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, მეც დამაკავონ. ვანო ზარდიაშვილმა და მურუსიძემ შეიძლება, ვანო მერავიშვილის აგენტობაც დამაბრალონ, – ამბობს “ახალ თაობასთან” საუბარში კაჭკაჭიშვილი.
ის დარწმუნებულია, რომ დალაქიშვილის საქმის გარშემო დიდი ხმაური ატყდება.
– ჩვენ გულხელდაკრეფილები არ ვიჯდებით. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვიხმაურებთ, ვიბრძოლებთ…. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ადამიანები განსხვავებული აზრის გამო იდევნებოდნენ, – აცხადებს უფლებადამცველი.
გოგიტა დალაქიშვილის ადვოკატს ამბობს, რომ თუკი დამტკიცდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, ამას დიდი ხმაური მოჰყვება.
ირმა ჭკადუა არც იმას გამორიცხავს, რომ დალაქიშვილის დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
– ის ეწეოდა უფრო ჟურნალისტურ საქმიანობას, სხვადასხვა ბლოგებს აქვეყნებდა და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობდა. აკეთებდა გარკვეულ სტატიებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
თუკი ჩვენ საქმის მასალებში ვნახავთ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავამტკიცოთ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იქნა დაკავებული, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

