გიორგი სურმავა: “ღამეებს ავტობუსში ვატარებ…” – ტონი ოჩიგავას რეალური ცხოვრება

გიორგი სურმავა: "ღამეებს ავტობუსში ვატარებ..." - ტონი ოჩიგავას რეალური ცხოვრებასერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” ცოტა ხნის წინ ახალი პერსონაჟი – ტონი ოჩიგავა გამოჩნდა. ტონის როლის შემსრულებელი ფოთის თეატრის მსახიობი გიორგი სურმავაა. გიორგის თეატრალურ ცხოვრებაში ბევრი წარმატება აქვს, 40-ზე მეტი როლი შეუსრულებია, თუმცა როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებული პოპულარობა მას სწორედ „ჩემი ცოლის დაქალებმა“ მოუტანა.
– ფოთის თეატრში ვარ მსახიობი. დამთავრებული მაქვს თეატრალური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმოღვაწეობ ფოთის თეატრში.
– როგორი ბავშვი იყავით?
– ჩვეულებრივი, არავისგან გამორჩეული არ ვყოფილვარ. ბავშვობიდანვე ვიდექი სცენაზე, ვცეკვავდი. რომ გითხრათ, მსახიობობაზე ვოცნებობდი მოგატყუებთ. კარგი მოსწავლე ვიყავი და როგორც ყველა მშობელს, ჩემს მშობლებსაც უნდოდათ ექიმი, ადვოკატი ან ეკონომისტი გამოვსულიყავი. მაგრამ მოხდა ისე, რომ მსახიობის პროფესია ავირჩიე.
– სერიალში როგორ მოხვდით?
– ღამის ათი საათი იყო, დამირეკა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ და შემომთავაზა როლი. სინჯების გარეშე ამიყვანეს. სენაკში იყო მაშინ გადაღებები და ჩავედი გასაუბრებაზე, რადგან დეტალები არ ვიცოდი. შემომხედა გიორგი ლიფონავამ და მაშინვე თქვა, ჩააცვითო. ასე მოვხვდი ჩცდ-ში. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მეგობრებს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.
– მანამდე თუ უყურებდით სერიალს?
– რა თქმა უნდა. “ჩემი ცოლის დაქალები” ისეთი სერიალია, მთელი საქართველო უყურებს და არც მე ვიყავი გამონაკლისი.
– რა მოგწონთ, ან რა არ მოგწონთ თქვენი პერსონაჟის?

– ჯერჯერობით არ გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა. ისე ახლოს არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ამაზე ვისაუბრო. ჯერჯერობით არ გამოუმჟღავნებია ისეთი თვისებები, რაც მისი ახლოს გაცნობის საშუალებას მომცემდა. ჯერ არ ვიცი, რა აქვს ჩაფიქრებული სცენარისტს.
– მომხრე ხართ იმ მეთოდით დაქორწინების, რომლითაც ტონი და დოჩი დაქორწინდნენ?
– აქ გარიგების ამბავი არ ყოფილა. ტონიმ დაინახა და მოეწონა დოჩი. მას სხვა არანაირი მიზნები არ ამოძრავებდა. დოჩის სხვა პრობლემა ჰქონდა – ბედის მთვლელმა უთხრა, რომ ახალ წლამდე უნდა დაქორწინებული, სხვა შემთხვევაში ხანგრძლივი დროით გადაიდებოდა მისის დაოჯახება. წავიდნენ და ჯვარი დაიწერეს. ასეთი რაღაცეები ცხოვრებაშიც ხშირად ხდება. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
– იფიქრებდით, რომ ეს როლი ასეთ პოპულარობას მოგიტანდათ?
– ძალიან მცირე დროა გასული, რაც მე ეკრანზე გამოვჩნდი. მანამდე ბევრი მიღწევა მქონდა თეატრში. 2014 წლის თეატრალური პრემია „დურუჯის“ მფლობელი ვარ. სამჯერ ნომინაციაზე ვარ წარდგენილი და ერთხელ აღებული მაქვს. პოლონეთში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დამასახელეს. თუმცა ამდენი წელია ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია. მინდა ვაღიარო, რომ რამდენიმე სერიამ დიდი პოპულარობა მომიტანა.
– როგორც ვიცი, სოციალურ ქსელში ნამდვილად გილოცავდნენ დაოჯახებას.
– ვინც იცის, რომ დაოჯახებული ვარ, რა თქმა უნდა, ყველა ხუმრობით მილოცავდა. ნანუკა არ არის დაოჯახებული და მას მართლა ულოცავდნენ.
– ქუჩაში როცა გცნობენ, გაჩერებენ, ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?
– ქუჩაში მცნობენ უკვე და ეს ძალიან სასიამოვნოა. ზოგი ჩუმად ეჩურჩულება ერთმანეთს, ეს ტონი არ არისო? ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი პერსონაჟი მოსწონს მაყურებელს და შენს მიმართაც დადებითად არიან განწყობილი. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც შემიწყო ხელი ამ სიტუაციაში მოვხვედრილიყავი. 2017 წელი წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის. ახალი წლის დაწყებამდე 10-15 დღით ადრე მომიწია მიმეღო ამ სერიალში მონაწილეობა. თეატრალურ და პირად ცხოვრებაშიც იყო პატარ-პატარა წარმატებები.
– როგორ უთავსებთ ერთმანეთს თეატრს და სერიალს?
– ძალიან დაძაბული და დატვირთული გრაფიკი მაქვს. რაც ჩემი ცოლის დაქალებში დამამტკიცეს, იმის მერე ფაქტობრივად ღამეებს ავტობუსში ვატარებ. თბილისში ჩამოვდივარ დილის შვიდ საათზე და მივდივარ სერიალის გადაღებებზე, ღამე მივდივარ ისევ ფოთში და ა.შ. თუმცა იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ეს დაღლა სასიამოვნოცაა. ეს არის ჩემი საყვარელი საქმე და ნებისმერ ფასად უნდა ვაკეთო ეს საქმე. ალბათ დროთა განმავლობაში დაბალანსდება ეს ყველაფერი.
– როგორც მსახიობს, საოცნებო როლი თუ გაქვთ?
– არასოდეს არ მიოცნებია რაღაც კონკრეტულ როლზე. არასოდეს არ მქონია ეს ამბიცია თეატრში, რადგან ჩემთვის ყველა როლი საინტერესო და თავისებურად რთულია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის როლი მივიტანო მაყურებლამდე და შევაყვარო, რა როლსაც ვთამაშობ.ანუ ყველა როლი საპასუხისმგებლო და საყვარელია ჩემთვის.
– არსებობს როლი, რომელსაც ვერასოდეს ვერ ითამაშებთ?
– რთული შეკითხვაა, ცოტა ჩამჭრელიც… არის როლი, რომელსაც ვერ კი არა, არ ვითამაშებ. არასოდეს არ ვითამაშებ მაცხოვრის როლს.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– თეატრიდან მივემგზავრებით პოლონეთში, სადაც ორი სპექტაკლი უნდა ვითამაშოთ. სხვა გეგმები ჯერჯერობით არ მაქვს. ვნახოთ რა იქნება.
– წლების შემდეგ, სად ხედავთ თქვენს თავს?
– ისევ იქ, სადაც ვარ – თეატრში. თუ ისე დავუძლურდი, რომ სცენისთვის აღარ გამოვდგები, ვეღარ დავიმახსოვრებ ტექსტს, მაშინ კარებში მაინც დავდგები და მაყურებელს ბილეთებს შევუმოწმებ.
მერი ბლიაძე, მშობლები.გე