დედამ “მშვენიერი” საახალწლო განწყობა შემიქმნა. თავი რომ გაეხეთქა ფიქრით, ჩემთვის რა სიურპრიზი გაეკეთებინა, ამაზე “კარგს” ვერაფერს მოიფიქრებდა. მშობლები იმაზე ფიქრობენ, შვილებს ახალი წელი როგორ გაულამაზონ, დედაჩემმა კი ყველაფერი ჩამამწარა. ისე მომექცა, თითქოს მისი შვილი კი არა, მტერი ვიყო.
ძალიან კარგად იცის, რა გამიხარდება და რა – არა, მაგრამ ჩემი გაბედნიერება სულაც არ აინტერესებს. საერთოდ არ უფიქრია იმაზე, 16 წლის გოგოს რა დამემართებოდა, როცა სკოლაში გამოაცხადა, საახალწლოდ ნამცხვრების შეკვეთებს ვიღებო. გაკვირვებისგან ჯერ ყბა ჩამომივარდა, მერე კი სირცხვილით დავიწვი. აღარ ვიცოდი, სად დავმალულიყავი.
ჩვენს ოჯახს ისე არ უჭირს, რომ დედაჩემმა ნამცხვრები აცხოს. მამა ოჯახს არაფერს აკლებს და დედაჩემს არაფერში სჭირდებოდა ჩემი ასეთი შერცხვენა. ყველაფერი ჩვენი რძლის ბრალია! მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა დაქორწინდა, ოჯახში სულ რაღაცის დეფიციტია და სულ რაღაცის თხოვნაზეა საუბარი. მშობლები ჩემს ძმას ეუბნებოდნენ, რომ ჯერ მისთვის ადრე იყო ცოლის მოყვანა, რადგან სტუდენტია და ცოლ-შვილის შენახვის თავი არ ექნებოდა. მაინც მოიყვანა.
ჩემებს რაც დანაზოგი ჰქონდათ, ქორწილის გადახდასა და პატარძლის ჩაცმა-დახურვაში დახარჯეს. ქორწილი ჩემი ძმის მოთხოვნით გადაიხადეს. ზუსტად ვიცი, საცოლემ ატეხა, თორემ ჩემს ძმას აქამდე არასოდეს არაფერი მოუთხოვია. რაც იმ გოგოს გადაეყარა, მას შემდეგ გახდა პრეტენზიული.
რძალი სულ რაღაცით უკმაყოფილოა, რაღაცების მოთხოვნა უყვარს. ახლა ორსულად არის და მის პრეტენზიებს საერთოდ ვეღარ ავუდივართ. დედა ბევრ რამეს არც მაგებინებს, ჩუმად უგვარებს ყველაფერს, რომ მე და მამამ არ გავიგოთ, რადგან იცის, ამაზე ორივეს მძაფრი რეაქცია გვაქვს. მამა ეუბნება, ხომ იცოდა, უმუშევარ ბიჭს რომ მოჰყვებოდა ცოლად, რატომ გვავალდებულებს, იმაზე მეტი გავუკეთოთ, ვიდრე შეგვიძლიაო. დედაჩემი კი ისე იწელება, იმდენი რამის გაკეთებას აპირებს, რომ…
ბავშვის საწოლი შვილიშვილის დაბადებამდე 6 თვით ადრე შეარჩია. მაღაზიაში ყველაზე ძვირადღირებული რაც იყო, მან და ჩვენმა რძალმა სწორედ ის ამოირჩიეს. ვერ გავიგე, ისეთ ძვირფას საწოლს თუ არ უყიდიან, ბავშვი ჩვეულებრივში ვერ გაიზრდება?! დედას ამას რომ ვეუბნები, მპასუხობს, ეგოისტი და ცივგულა ხარო. სულაც არ ვარ ასეთი, მაგრამ ვიცი, რა შეგვიძლია და რა – არა.
მამამ გამოუცხადა, რისი საშუალებაც გვაქვს, იმის ფარგლებში შეარჩიეთ ნივთებიო. ნათლობასაც გრანდიოზულს გეგმავენ, ჩემი ბიძაშვილები და დეიდაშვილები უნდა იყვნენო, რძალმა გამოაცხადა, მას კი იმხელა სანათესაო ჰყავს, შეიძლება ასმა კაცმა მოიყაროს თავი.
დედა ხვდება, რომ მამაჩემი ბევრ რამეზე უარს იტყვის, ამიტომაც გადაწყვიტა, ნამცხვრების შეკვეთები აიღოს. ყველანაირად დაიტვირთავს თავს, ოღონდაც რძალი და თავისი საყვარელი ბიჭი ჰყავდეს კმაყოფილი.
შრომა სათაკილო არ არის, რაც უნდა, ის გააკეთოს, მაგრამ რაღა მაინცდამაინც ჩემს სკოლაში მოვიდა და იქ გამოაცხადა, ნამცხვრებს ვაცხობო?! მისულიყო ჩემი რძლის ნათესავებთან, მის დაქალებთან და მათთვის ეთქვა, ნამცხვრების შეკვეთები მომეცითო. არ მივიდა იმიტომ, რომ იცოდა, რძალს არ ესიამოვნებოდა, მე კი არ დამინდო და ყველასთან შემარცხვინა.
სკოლაში წასვლა აღარ მინდა. იმ დღის შემდეგ გაკვეთილებს ვაცდენ. სახლში სერიოზული კონფლიქტი მოგვივიდა. მამამ ჩემი მხარე დაიჭირა. დედას უთხრა, ისე არ გიჭირს, რომ ნამცხვრები გაყიდო, თანაც საახალწლოდ ისედაც ბევრი საქმე გექნება, ჩვენც ბევრი სტუმარი გვეყოლებაო.
რძალმა ცხვირი ამიბზუა, მითხრა, უკვე ვიცი, როგორი მამიდაც იქნებიო. ძალიან კარგი მამიდა ვიქნები! ჩემი ძმისშვილი არ დაბადებულა და უკვე მიყვარს, მაგრამ ის თუ იმით ზომავს, ვინ რას უყიდის და რამდენ ფულს აჩუქებს, მაშინ მართლაც არ ვიქნები კარგი მამიდა, რადგან სიყვარული ჩემთვის ფულით არ იზომება.
დედამ ჩემი რომელიმე ნაცნობისგან მართლაც რომ აიღოს შეკვეთა, ფანჯრიდან გადავუყრი ნამცხვრებს. ეს უკვე ვუთხარი, შემპირდა კიდეც, მათგან არ ავიღებ შეკვეთებსო, მაგრამ ეჭვი მაქვს, ჩემს ზურგს უკან ცუდ რაღაცებს გააკეთებს. ასე თუ მოიქცევა, დედაზე საერთოდ ვიტყვი უარს და ჰყავდეს თავისი რძალი და შვილიშვილი. მე თავი დამანებოს!
“სარკის” ერთგული მკითხველი

