18 წლის გოგო ვარ. დიდხანს ვიფიქრე, მომეწერა თუ არა და ბოლოს გადავწყვიტე, გამებედა. საქმე ის არის, რომ მყავს ბავშვობის მეგობარი, ვისთანაც 15 წლიანი მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მან ისე დამამცირა, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მისმა შეყვარებულმა გამამასხარავა. ერთად დაგეგმეს და მომატყუეს, ვითომ ერთმანეთს დაშორდნენ, ეს კი ჩემი ბრალი იყო, რადგან დაქალის შეყვარებულს მე მოვწონდი.
ეს ყველაფერი დაქალის შეყვარებულმა მომწერა. თავიდან არ დავიჯერე. მეგონა, მეხუმრებოდა. პარალელურად დაქალიც მწერდა, შეყვარებული ყურადღებას არ მაქცევს და რა ვქნა, ალბათ აღარ ვუყვარვარო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა. გულის სიღრმეში კი მეგონა, რომ მეხუმრებოდა, მაგრამ… დაქალს ვუთხარი, რომ ეჭვი მქონდა, მაშაყირებდნენ, მან კი ცივი უარი მითხრა.
ისე განვიცადე, რამდენიმე წუთი ხმას ვერ ვიღებდი. 10-15 წუთში კი მომივიდა ესემესი, რომ ეს ყველაფერი ტუილი იყო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, იმ საღამოს ბევრი ვიტირე. როგორც აღმოჩნდა, ერთად ჩამიტარეს ერთგულების ტესტი, აინტერესებდათ ჩემი რეაქცია, ასეთ სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდი. ყველაზე მეტად ჩემი დაქალისგან გამიკვირდა. რა ეგონა, კისერზე შევახტებოდი მის შეყვარებულს? შეიძლება ვინმეს სისულელედ მოეჩვენოს, მაგრამ ეს ჩემთვის დამცირებაა. მათ ხომ ჩემს მესიჯებზე იცინეს და ისიამოვნეს? ეს არ არის დამცირება? მე ვწერდი, რჩევებს ვაძლევდი და ვნერვიულობდი, რომ ჩემ გამო მოხდა ყველაფერი. ისინი კი სიცილით იხოცებოდნენ.
ჩემს დქალს შევურიგდი, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როგორც მომექცა. მის ბიჭს კი ზედაც არ ვუყურებ და მისნაირებს არც არასდროს ვეტყვი გამარჯობას. სოციალური ქსელიდანაც წავშალე და ცხოვრებიდანაც. ეს იმიტომ მოგწერეთ, რომ თქვენი რჩევა მჭირდება. შეიძლება ეს არაფერია, მაგრამ დაქალმა ახლა თუ ასეთი რამ გამიკეთა, შეუძლია სხვა რამეც გამიკეთოს. მის მიმართ ნდობა დავკარგე, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვშორდები. გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. იმედია, გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარებით.
“სარკის” მკითხველი

