მომღერალ ავთო აბესლამიძის შემოქმედებაში სიახლეა – მისი შემოქმედებით თურქი პროდიუსერები დაინტერესდნენ და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.
ამის შესახებ ის “სარკეს” უყვება:
– “იქს ფაქტორში” ჩემ მიერ შესრულებული “გელინო” მოისმინეს და ამის შემდეგ დამიკავშირდნენ. გოგოსაც ეძებდნენ, ცირა კობიაშვილის კანდიდატურა შევთავაზე და ძალიან მოეწონათ. ცირამ უკვე კლიპიც გადაიღო. მე კი, მიმდინარე წლის 10 იანვრიდან მოყოლებული, 4 თვე ხმა არ მქონდა. სალაპარაკო ხმაც დავკარგე და ვმკურნალობდი. ამან ყველაფერში ხელი შემიშალა.
უნდოდათ, რომ თურქულ “ვოისზე” გავსულიყავი, მაგრამ ამაზე კატეგორიული უარი ვთქვი, რადგან, როცა შენი ქვეყნის პროექტის გამარჯვებული ხარ, სხვა ქვეყანაში გასვლა რისკია. ცხოვრებისეული სირთულეების არ მეშინია, არც ჩემს შესაძლებლობებში მეპარება ეჭვი, მაგრამ ჩემს გულშემატკივარს ისე ვუყვარვარ, არ მინდა, მათ რაიმე სახით გული დასწყდეთ.
თურქ პროდიუსერებთან საბოლოდ შევთანხმდი იმაზე, რომ სიმღერას დამიწერენ და კლიპს გადამიღებენ. მათთან პერიოდულად ჩავალ და ვითანამშრომლებ. თუ როდის წავალ იქ, ზუსტად არ ვიცი.
_ გარეგნულად ცოტა შეცვლილი ხართ. ეს რამ განაპირობა?
– წონაში მოვიმატე, რადგან რაც ხმა დავკარგე, მას შემდეგ 11 თვის განმავლობაში სიგარეტი არ მომიწევია, არც ალკოჰოლი მიმიღია. წვერი მოვუშვი, ვარცხნილობაც შევიცვალე.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”
