ალეკო ბეგალიშვილმა მუსიკისა და დრამის თეატრში უამრავი სახე შექმნა, მაგრამ ქუჩაში ხალხი მას შემდეგ ცნობს, რაც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” დუდუს როლით გამოჩნდა. ცოტამ თუ იცის, რომ ის დიდი ხანია ბენდთან ერთად უკრავს და მღერის. როგორც მუსიკოსს, ახლა უფრო იწვევენ ბარებში. როგორც “სარკეს” უთხრა, მსახიობის დამატებითი შემოსავალი სწორედ ბარებსა და კაფეებში სიმღერაა.
_ სერიალში თქვენი პერსონაჟი, დუდუ, დროდადრო ჩნდება, საქმეებს აგვარებს და ისევ ქრება. ანუ ისევ ხართ სერიალში?
– მე მგონი, ისევ ვარ. გიორგი ლიფონავა შემხვდა, ვკითხე და მიპასუხა, შენ გარეშე როგორ იქნებაო. რომ დასჭირდებათ დუდუ, ვინმეს რომ გაუჭირდება სერიალში, ალბათ დამიძახებენ.
_ თქვენი ბენდი ბოლო დროს პოპულარული ხდება. მუსიკით როდის დაინტერესდით?
– ბენდში ვუკრავთ იმ დღიდან, რაც თეატრში ვართ. უბრალოდ ბოლო პერიოდში ინტერნეტში დავდეთ ვიდეო, რომელმაც ბევრი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ ტელევიზიაში, რადიოში მიგვიწვიეს, ყურადღება მოგვაქციეს. საღამოობით კაფეებსა და ბარებში ვუკრავთ. დამატებით ერთ-ორ კაპიკს ვშოულობთ, თორემ ხელფასებით დიდად განებივრებულები არ ვართ. თუ პოპულარული ჯგუფი არ ხარ, კაფეებსა და ბარებში ცოტას გიხდიან. როგორც კი პოპულარული გახდები, მერე ყველა გექაჩება, მანამდე კი არავის უნდიხარ.
ეს დუდუც ასეა. თეატრში სპექტაკლი არ არის, როლს არ ვასრულებდე, მაგრამ ქუჩაში რომ გავდიოდი, კაციშვილი ზედ არ მიყურებდა. დუდუ გამოჩნდა და მაშინ გავხდი მაგარი.
_ რეალურ ცხოვრებაში თქვენს გმირს გამსგავსებენ?
– ვიღაცებს უთხოვიათ რაღაც სისულელეები. ვერ გავიგე, მართლა დუდუ რატომ ვგონივარ ამ ხალხს!
_ კონკრეტულად რა უთხოვიათ?
– ეს მომიგვარე, ის მომიგვარეო, ნახევრად ხუმრობით უთქვამთ, ზოგს კი სერიოზულად უთხოვია. მაგალითად, ერთმა მითხრა, შვილი მყავს გარდატეხის ასაკში, ქუჩისკენ გაიწია და იქნებ ჭკუა დაარიგოო. ვუთხარი, ჩემი ცხოვრება ვერ ამიწყვია წესიერად და სხვას რა ჭკუა უნდა ვასწავლო-მეთქი.
_ მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა?
– დიდად არ მხიბლავს. სცენაზე ტაში და მაყურებელი სხვა თემაა. ბევრი ყურადღებით ცოტა ვიბოჭები. ზოგი ჩემთან ფოტოს იღებს, ზოგი ავტოგრაფს მთხოვს.
_ თეატრი თუ კინო – რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი ადგილი?
– ორივე. სერიალის შემდეგ უფრო გამიჩნდა ფილმებში გადაღების სურვილი. მუშაობის პრინციპი მომეწონა. არ გიწევს მკვეთრი ხაზებით თამაში, ისე, როგორც ეს თეატრშია. უნიჭიერესი თაობა მოდის, მაგრამ მათ აკლიათ ერთი რამ – უმეტესობა ყველა როლში თავის თავს თამაშობს, უშუალოები არიან.
_ კინოდან შემოთავაზებები გაქვთ?
– არაფერი მაქვს, რაზეც გული მტკივა. არ მინდა, ამქვეყნიდან ისე წავიდე, რომ ერთი ნორმალური სახე, რაღაც განსხვავებული არ შევქმნა. მარტო დუდუ არ ვარ, სხვა რაღაცების თამაშიც შემიძლია. მინდა, დავანახო ხალხს, კრიტიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს, რომ ერთფეროვანი ტიპი არ ვარ და შემიძლია სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟები გავაცოცხლო. როგორ გამომივა, არ ვიცი, მაგრამ ჩემს საქმეში ეს მიზანი მაქვს. მინდა, სხვადასხვა ფერები შევქმნა.
_ გმირს, როლს ექნება მნიშვნელობა?
– არა. რა როლიც უნდა მომცენ, დავთანხმდები, თუ საინტერესო იქნება.
_ ყოფილა შემთხვევა, რომ როლზე უარი გითქვამთ?
– თავიდან დუდუს როლზე ვამბობდი უარს. ეს პერსონაჟი არ მომეწონა. თავიდან ისე ამიხსნეს, რომ პარალმენეტარი, დავარცხნილი ტიპი უნდა ყოფილიყო. მაგ პერიოდში კი სერიალ “ტიფლისში” მიღებდნენ, სადაც წვერი მჭირდებოდა და თმა მქონდა გაზრდილი. მათ ვუთხარი, წვერს არ გავიპარსავ და ჰალსტუხს ვერ გავიკეთებ-მეთქი. მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, მოდით, დამტკიცებული ხართ როლზეო.
მერე ეს პერსონაჟი ჩემს გარეგნობას მოვარგე. ჰალსტუხიანი უშუშროების ბიძია აღარ ვიყავი. მერე საყურეც და ტატუც გავიკეთე, ჩაცმულობითაც ჩარჩოებიდან გამოვიყვანეთ დუდუ. ისეთი უშიშროების ბიძია გამოვძერწეთ, რომელიც ხალხს მოეწონა. არადა თეატრში ამაზე უკეთესი როლები მაქვს შესრულებული.
_ როგორ ატყობთ, საზოგადოება დაინტერესებულია თეატრით?
– ერთი თვით ადრეა ბილეთები გაყიდული და ანშლაგებია.
თინათინ ოსმანოვა, ჟურნალი “სარკე”
