დიზაინერი ზალიკო ბერგერი სადაც გამოჩნდება, ყველგან შოუს აწყობს, ახლა კი ნამდვილ შოუში აღმოჩნდა – პროექტ “ნიჭიერის” თანაწამყვანია. მანამდე”კომედი არხზე” მიჰყავდა გადაცემა “ღამე ზალიკოსთან”, რომელიც დაიხურა, სურვილი კი დარჩა, რომ მსგავსი ტელეპროექტი ისევ გააკეთოს.
– მასშატაბური შოუების წაყვანა ამ საქმეში გამოცდილებსაც კი უჭირთ. თქვენთვის არ იყო რთული?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გადაცემა მქონდა, სტუმრად პირდაპირ ეთერშიც ხშირად ვყოფილვარ და სიტყვათა მარაგიც მაქვს, პირველად მაინც ენა დამება. ჩემი ცნობილი ვიდეოების გადამკიდე, გადავწყვიტე, წვეთი არ დამელია და ალკოჰოლის გარეშე ჩამეთავებინა “ლაივი”. პირველი ჩართვისას დავიბენი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა.
– სოციალურ ქსელებში ძალიან იხალისეს თქვენს ვიდეოებზე, რომლებიც ბათუმში სიმთვრალისას ჩაწერეთ. ასეთი სიურპრიზები, მგონი, კიდევ მოსალოდნელია თქვენგან.
– ამას ვერ განვსაზღვრავ. ძალით არც ბათუმის ვიდეო ჩამიწერია, არც ძალით დავმთვრალვარ. ის პირველი ვიდეო ისე დავდე, მეორე დღეს მეც კი არ მახსოვდა. აქედან გამომდინარე, მინდა, ორშაბათობით, “ნიჭიერის” “ლაივის” დროს, ფხიზელი ვიყო, თუმცა მანამდე თუ დავთვერი და რაიმე ახალი ვიდეო დავდე, არ ვიცი.
– “კომედი არხზე” მიგყავდათ გადაცემა “ღამე ზალიკოსთან”. რატომ გადაწყვიტეთ კონკურენტ არხზე გადასვლა?
– სამწუხაროდ, “კომედი არხზე” ჩემი გადაცემა უკვე დიდი ხანია აღარ არის, რადგან, რამდენადაც ვიცი, “რუსთავი 2”-ს ფინანსურად გაუჭირდა. ჩემთვის ეს იმდენად რთული არ იყო, რამდენადაც თვითონ იმ გუნდისთვის, რომელიც 24 საათი მუშაობდა იქ. მე ამ ტელეკომპანიის თანამშრომელი არ ვიყავი.
ჩემი გადაცემის დახურვის შემდეგ ველოდებოდით რაღაც პროექტს, რომელიც მზადდებოდა, მაგრამ არაფრით გამზადდა. ამასობაში ჩავერთე “ნიჭიერში”. რომელ არხზე იქნება “ნიჭიერი”, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად პოპულარული პროექტია. ახლა რომ მქონოდა გადაცემა, მაშინ არც გადავიდოდი.
– “რუსთავი 2” ბევრმა ცნობილმა სახემ დატოვა, რის გამოც ისინი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. თქვენ მიმართაც იყო აგრესია, როცა სხვა არხზე გიხილეს?
– ამ ტელეკომპანიის სახეებად ვინც ითვლებოდნენ, მათ მიმართ იყო კრიტიკა… მაგრამ, თუ არხზე გადაცემას ხურავ და შენი წამყვანები უმუშევრები რჩებიან, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ტელეკომპანიაში გადავლენ?
– “ჩემი ცოლის დაქალებში” თქვენი გმირი, თავზარიკო ცხენიანი, დაბრუნდება?
– იმედია, “ნიჭიერში” გადასვლის გამო თავზარიკო არ დაიჩაგრება. ვგიჟდები ამ სერიალზე. “ჩემი ცოლის დაქალებიც” სახალხო პროექტია და მეც მისი მაყურებელი ვარ. თავზარიკო მეც მომწონდა და დიდი სიამოვნებით ვითამაშებ, თუ დამიძახებენ.
– როდესაც “ნიჭიერში” გამოჩნდით, სერიალიდან არ შეგეხმიანენ და არ გკითხეს, რატომ დათანხმდი შოუს წამყვანობასო?
– “ჩემი ცოლის დაქალებს” ასეთ რაღაცებზე პრობლემა არ აქვს, რადგან ეს ხომ “ფორმულა კრეატივის” პროექტია. “იმედზე” ახალი ხილი ვარ და იმედია, დაინახავენ, რომ რეიტინგული წამყვანი ვარ. მოკლედ, რამდენიმე იდეა მაქვს და იქნებ განვახორციელო.
– საინტერესოა, რას ფიქრობთ ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის მაღაზიის ხმაურიან გახსნაზე თბილისში. მოსაწვევში ეწერა, რომ ცნობილი და გავლენიანი ადამიანებისთვის იხსნებოდა ორი დღით ადრე. სიტყვამ “გავლენიანი” საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა. თქვენ, როგორც დიზაინერი და როგორც ცნობილი სახე, რას ფიქრობთ ასეთ კატეგორიებად ადამიანების დაყოფაზე?
– ამ ღონისძიებას მთელი საქართველო არჩევს სოციალურ ქსელში. მგონი, ტერაქტს არ არჩევენ ისე, როგორც ე.წ. გავლენიანი სტუმრების თემას. ვფიქრობ, რომ ეს იყო უცხო ენიდან ცუდად ნათარგმნი ტექსტი. არ ვიცი, გავლენიანი სახეები რას ნიშნავს.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გავლენიან სახეებს შორის არ მოვხვედრილვარ. სიაში რომც ვყოფილიყავი, ვერ მივიდოდი, რადგან ერთ-ერთ გადაცემაში პირდაპირ ეთერში ვიყავი. მგონი, გავლენიანი სახეებისთვის საჩუქრები არ დაურიგებიათ, გული რომ დამწყდეს.
მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”

