თემო საჯაია: ”მე დავქორწინდი მუსიკაზე” – რას აკეთებს მომღერალი შეყვარებულთან დაშორების და გადაცემის დახურვის შემდეგ

თემო საჯაია: ”მე დავქორწინდი მუსიკაზე” - რას აკეთებს მომღერალი შეყვარებულთან დაშორების და გადაცემის დახურვის შემდეგმომღერალ თემო საჯაიას ცხოვრებასა და საქმეში ბოლო დროს უსიამოვნო თუ სასიამოვნო სიახლეები კასკადივით მიჰყვა ერთმანეთს. ტელეკომპანია “იბერიაში” დაიხურა გადაცემა, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც თემო იყო; ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა შეყვარებულს, ბალერინა ნინა სამადაშვილს და ამის შემდეგ მუსიკალურ საქმიანობაში “თავით გადაეშვა”. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ “სარკეში” დაიბეჭდა.

– ტელეკომპანია “იბერიის” შუადღის გადაცემა, რომლის წამყვანიც იყავით, რატომ დაიხურა, როგორ განგიმარტეს ეს ფაქტი?

– გადაცემა დაიხურა იმ მოტივით, რომ არხი ძირითადად პოლიტიკურ პლატფორმაზე გადავიდა. სხვა განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა, კარგი რეიტინგი გვქონდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიიდან მივიღე შემოთავაზება და 2018 წლიდან შეიძლება ტელევიზიაში დავბრუნდე. პროექტზე მუშაობენ და შეიძლება მე ამირჩიონ წამყვანად.

– თქვენს ცხოვრებაში თითქმის ერთდროულად მოხდა ორი უსიამოვნო რამ, თქვენი გადაცემა დაიხურა და დაშორდით შეყვარებულს. რა გახდა საყვარელ გოგოსთან დაშორების მიზეზი?

– ამ თემაზე რომ არ ვისაუბროთ, შეიძლება?

– ჩვენ გარეშეც უკვე ბევრს საუბრობენ…

– ხდება ხოლმე, ხანდახან ადამიანები არიან ერთად და შემდეგ აღარ არიან.

– “სარკესთან” ამბობდით, რომ თქვენ შორის დიდი სიყვარული იყო. საქმე თითქმის ქორწილამდე იყო მისული. ძალიან განიცადეთ დაშორება?

– ხელოვანები ემოციურები ვართ და სხვადასხვა მიზეზის გამო ხშირად გვაქვს დეპრესია, მაგრამ აუცილებლად სიყვარულის გამო – არა. როცა ცუდად ვგრძნობ თავს, არ მიყვარს ამის სხვებისთვის ჩვენება. ასეთ დროს ვერავინ ვერაფერს მატყობს.

მარტოობა ყველაზე ცუდი რამ არის. ზოგი სასმელში, ნარკოტიკებში ეძებს გამოსავალს. მე კი ძირითადად მაშინ ვსვამ, როცა კარგ ხასიათზე ვარ.

– ახლა თავისუფალია თემო საჯაიას გული?

– ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის თავისუფალი ვარ. მთავარი ღირებულებაა ადამიანური თავისუფლება, მე კი შემიძლია ციხის საკანშიც თავისუფალი ვიყო.

– მე სხვა თავისუფლებას ვგულისხმობდი. პირდაპირ გკითხავთ: ახლა არ გყავთ შეყვარებული?

– მაშინ ასე პათეტიკურად გაგცემთ პასუხს: თავისუფალი არ ვარ იმიტომ, რომ მე დავქორწინდი მუსიკაზე. ჩემი გული დაკავებულია და ეს ადგილი მუსიკას უჭირავს. მოგეხსენებათ, თბილისის მერიის ბიგ ბენდის სოლისტი ვარ, რომელსაც ბატონი გივი გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობს.

ორი ახალი სიმღერა მაქვს, ორივე სიმღერის ტექსტის და მუსიკის ავტორი მე ვარ. ერთი სოლოა, მეორეს ვერიკო ტურაშვილთან ერთად ვმღერი.

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”