თამუნა მუსერიძე: “იმიტომ გამომიშვეს “პირველი არხიდან”, რომ სხვები დაესაქმებინათ”

თამუნა მუსერიძე: "იმიტომ გამომიშვეს "პირველი არხიდან", რომ სხვები დაესაქმებინათ"ტელე-რადიო წამყვანი თამუნა მუსერიძე უკვე რამდენიმე თვეა, რაც უმუშევარია. ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის “სარკეს” უყვება.

– თამუნა, “პირველ არხის” რეორგანიზაციას “შეეწირეთ”?

– ოფიციალური მიზეზი არის ის, რომ გადაცემები დაიხურა და ის თანამშრომლები, რომლებიც ამ გადაცემებში მუშაობდნენ, გაუშვეს. სინამდვილეში კი ასე არ არის. 8 წელი ვიმუშავე “პირველ არხზე”. ტელეარხი ვალდებული იყო, თავისი თანამშრომლები, რომლებიც უკვე შტატში იყვნენ (5 წელიწადზე მეტ ხანს თუ მუშაობ, უკვე შტატში ხარ), სხვა გადაცემებზე გადაენაწილებინა. ამ შემთხვევაში კი ბევრი ადამიანი იმიტომ გაუშვეს, რომ სხვა ტელეკომპანიებიდან წამოსული ჟურნალისტები დაესაქმებინათ.

სანამ სამსახურიდან გამოგვიშვებდნენ, 2 თვით ადრე ეს ჟურნალისტები მოსული იყვნენ ტელეკომპანიაში და გვერდით გვესხდნენ. ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ არხიდან გვიშვებდნენ და ეს ადამიანები უკვე თავიანთ ადგილებს ითბობდნენ.

– სხვა ტელეკომპანიებიდან შეთავაზებები არ გაქვთ?

– ერთი წელი ვისვენებ. ამ საკითხს აგვისტოდან მივხედავ.

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”