ნინო ლეჟავა: “იქნებ მარტო მე და ჩემმა ბალიშმა ვიცით, ღამით რა დღეში ვარ!”

ნინო ლეჟავა: "იქნებ მარტო მე და ჩემმა ბალიშმა ვიცით, ღამით რა დღეში ვარ!"მსახიობ ნინო ლეჟავას ხშირად ეუბნებიან, გიჟი გოგო ხარო. იცით, რატომ? ურთულესი ცხოვრება აქვს. მრავალშვილიანი დედა სამ თეატრში მუშაობს, ათ სპექტაკლში თამაშობს, რეჟისორ ქმარს მხარში უდგას და ხელს უწყობს. ამ ყველაფერზე მსახიობი ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.

– ნინო, როგორც ვიცი, სამ თეატრში მუშაობთ და უამრავ სპექტაკლში ხართ დაკავებული. ამავე დროს დიდი ოჯახი გაქვთ. როგორ აუდიხართ ამ ყველაფერს?

– ორ-ორ სპექტაკლს ვთამაშობ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა და ილიაუნის თეატრებში. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელიც ჩემთვის პირველ ადგილზე დგას, 6 სპექტაკლში ვარ დაკავებული.

ჩემი დილა იწყება 8-ის 20 წუთზე და ღამის 2 საათამდე აქტიური ვარ. ბავშვებიც მოწესრიგებული უნდა მყავდეს, სახლიც დალაგებული უნდა მქონდეს და სადილიც – გაკეთებული. ამას ემატება ფისოები, რომლებიც სახლში მყავს.

– რეჟისორ ქმართან მუშაობა კომფორტულია თუ პირიქით, დისკომფორტს ქმნის?

– სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მის ორ სპექტაკლში ვთამაშობ, გვაქვს მხოლოდ შემოქმედებითი კამათი.

– რომელიც სახლში არ გრძელდება?

– გრძელდება, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვებს დავაძინებთ, რომ ჩვენს საუბარში არავინ ჩაერიოს. განვიხილავთ ყველაფერს და ჩემი აზრი თუ მოეწონა, ითვალისწინებს, თუ არა – ისე ტოვებს ყველაფერს, როგორც მას სურს. სულ ვეხუმრები, ვერ გიტანთ რეჟისორებს, თქვენ მსახიობები არ გიყვართ-მეთქი. ამ დროს პირიქითაა, გოგას იმაზე მეტად უყვარს მსახიობი, ვიდრე რეჟისორს უნდა უყვარდეს, იმაზე მეტ დათმობაზე მიდის, ვიდრე უნდა დათმოს. საერთოდ ჩვენი, მსახიობების, ცხოვრება სულ ვიღაცაზე და რაღაცაზეა დამოკიდებული – იღბალზე, რეჟისორზე, მაყურებელზე.

– თქვენ იღბლიანი მსახიობი ხართ?

– თეატრში – კი, მაგრამ კინოში ბევრი წელი დავკარგე, ოღონდ ჩემი მიზეზით – არა. როცა ჩემი პირველი ფილმი გამოვიდა (ერეკლე ბადურაშვილის “თბილისი ჩემი სახლია”), იყო ბუმი, არიქა, ვარსკვლავი მოდისო. მაშინ პირველკურსელი ვიყავი. რეზო ჩხეიძემ მითხრა, ახლა ნახე, რა მოხდებაო და იცით, რა მოხდა? კინო დაიმარხა.

მეუბნებიან, შენ არ “ტუსოვკობ” ხშირადო. სად მცალია? ჯერ ერთი, ეს არ არის ჩემი. იმის გამო, რომ ვიღაცამ შემამჩნიოს და მადლით როლი გადმომიგდოს, ეს არ შემიძლია. 43 წელი ასე ვიცხოვრე, მე გია ლეჟავას შვილი ვარ და ასეთი რაღაცები ჩემთვის ძალიან უცხოა. საკუთარი თავის შეთავაზება, თხოვნა ჩემთვის მიუღებელია.

10 წელი ვიყავი “რუსთაველის სარდაფში”. ვგიჟდები ლევან წულაძეზე, ოთარ ეგაძეზე. მათთან ერთად ვტრიალებდი, მაგრამ არასდროს არაფერი მითხოვია და არც კი მიკითხავს, მე რატომ არ აგყავართ როლზე-მეთქი. მათ ყოველთვის ჰყავდათ თავიანთი ჯგუფები და ვენაცვალე მათ, რომ თავიანთ ჯგუფებს პატრონობდნენ.

– ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?

– იმაზე, რომ ადამიანებს ივიწყებენ. მე რა მოსატანი ვარ, როცა ლეილა აბაშიძე დაივიწყეს. მან გაუშვა შანსები ხელიდან?! სანამ ადამიანი არ მოკვდება, რატომ არ ვეფერებით ერთმანეთს? ლიკა ქავჟარაძის სილამაზე მას შემდეგ გახდა სალაპარაკო, როცა აღარ იყო. არ დამავიწყდება ზაზა კოლელიშვილის სიტყვები, ეს ადამიანი როლის მოლოდინში გარდაიცვალაო. აი, ეს არის საწყენი.

სეირის მაყურებელი ერი ვართ. თუ ძალიან ცუდად ხარ, მოსწონთ შენი მდგომარეობა, თუ გადალახე შენი უბედურება და კარგად გამოიყურები, ამბობენ, ყოჩაღ, ამას გული არ ჰქონიაო. შენ რა იცი, ჩემს გულში რა ხდება?! იქნებ მარტო მე და ჩემმა ბალიშმა ვიცით, ღამით რა დღეში ვარ!

საჯაროდ არასდროს ვიტყვი ჩემი გაჭირვების შესახებ. მყავს ისეთი მეგობრები, რომლებსაც ჩემს გულისტკივილს მოვუყვები. გამოუვალი მდგომარეობა მხოლოდ მორგშია.

ჩემზე ხშირად ამბობენ, გიჟი გოგო ხარო. მიხარია, რომ ჩემი პრობლემების, დრამების მიუხედავად, მაინც ვახერხებ იმას, რომ გაგაღიმო.

– ამ ყოფითი პრობლემების ფონზე როგორია ურთიერთობა შვილებთან, ქმართან?

– ერთ მუშტად ვართ შეკრული, ყველანაირ პრობლემას ერთად ვლახავთ. ასაკის გამო შვილებს ბევრ რამეს ვერ ვაგებინებ, მაგრამ ის კი ესმით, რომ ადამიანს ხან აქვს და ხან – არა.

12 წელია გათხოვილი ვარ და სირთულეებს ვებრძვი. მეორე ქორწინებიდან სამი შვილი მყავს, პირველი ქორწინებიდან – 22 წლის ვაჟი. მხოლოდ დედა მიხვდება, რას განიცდის ქალი, როცა შვილს რაღაც უნდა და ვერ უკეთებს. განათლებაზე ვამბობ, თორემ მეგობრები ბავშვებს ერთმანეთის შვილების ტანსაცმელში ვზრდით და ეს არ არის სათაკილო.

ჩემი ერთი შვილი ინგლისურზე დადის, მეორე – ხატვაზე, მესამემ ფორტეპიანოს სწავლა მოინდომა. კი, ბატონო, კარგია, მაგრამ… სამივეს უნდა ცურვაზე სიარული. ვერც ერთს გამოვყოფ, ამიტომ ყველას უარს ვეუბნები, რადგან გადახდის უნარი არ მაქვს, თუმცა არა უშავს, ამასაც გადავლახავთ.

ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მით უმეტეს, ხელოვანი ქმარი მყავს სახლში, მას უფრო მეტი სულისბერვა უნდა და ესეც ძალიან დამღლელია, თუმცა სიყვარული ყველაფერს გადაგალახვინებს. გოგას ძალიან ბევრი ისეთი პლუსი აქვს, რაც ბევრ ქართველ კაცს არ გააჩნია. თქვენ არ იცით, როცა მე ძალიან რთული გრაფიკი მაქვს, როგორ მოვლილს, ნაჭამ-დაბანილს მახვედრებს ბავშვებს. ამიტომაც, ყველაფრის მიუხედავად, ვიტყვი, რომ ცხოვრება მშვენიერია.

და კიდევ, რთულო ცხოვრებავ, შენ ვერ დამჩაგრავ!

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”