მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1 აპრილამდე გადაიწია

მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1 აპრილამდე გადაიწია2006 წლის 1 აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1 აპრილამდე გადაიწია.
პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე მოსმენით იმ დათქმით მიიღო, რომ 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით კიდევ რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ.

შესაბამისი წინადადება კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა დააყენა, რაც მომხსნებელმა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა გაიზიარა.

აქამდე 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1 იანვრამდე უნარჩუნდებოდათ, ამ ცვლილებების შემდეგ კი ეს ვადა 1 აპრილამდე გაიზარდა.