ლაშა თაბუკაშვილი: “ჯაბა იოსელიანი რომ გარდაიცვალა, მის სახლში მხოლოდ კუპონები აღმოვაჩინეთ”

.ლაშა თაბუკაშვილი: "ჯაბა იოსელიანი რომ გარდაიცვალა, მის სახლში მხოლოდ კუპონები აღმოვაჩინეთ”მწერალი და დრამარტურგი, ლაშა თაბუკაშვილი ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს გასული საუკუნის 80-იან წლებზე, თავის ოჯახზე, სახელოვან მშობლებზე – რევაზ თაბუკაშვილსა და მედეა ჯაფარიძეზე… გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

— როდის მიხვდით, რომ გამორჩეული ოჯახის შვილი იყავით?

– ძალიან ადრე, როცა ქუჩაში მივდიოდით და დედას უღიმოდნენ, ეფერებოდნენ, რაც, ცოტა არ იყოს, არ მომწონდა (მაინც ბიჭი ვიყავი). მამას კი – პირიქით, ნაკლებად იცნობდნენ და მინდოდა, მის მიმართ მეტი ყურადღება ყოფილიყო. თანდათან მივხვდი, რომ ისინი იმიტომ კი არ იყვნენ პოპულარულები, რომ მედეა მსახიობი იყო და რეზო ლექსებს წერდა, არამედ იმიტომ, რომ ერის სამსახურში იდგნენ.

მამას საუკეთესო ლექსები ჰქონდა, საუცხოოდ თარგმნიდა (მათ შორის – შექსპირის სონეტებს), კარგი დრამატურგი იყო. მისი თავისუფლება და წინ წამოწეული სოციალური თემები კომუნისტურ-ჩინოსნურ ელიტას არ მოსწონდა. მისი სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმები ექვთიმე თაყაიშვილზე, მიხეილ თამარაშვილზე, ტექსელის აჯანყებასა და ა.შ., უდიდესი შრომის შედეგი იყო – უმცირესი ბიუჯეტით, გათენებული ღამეებისა და უამრავი დაბრკოლების ფასად გადაღებული.

ერთხელ ჰოლანდიაში ფილმისთვის საჭირო დოკუმენტის შესაძენად უკანასკნელი კაპიკები გადაიხადა და 10 დღე მშიერმა გაატარა. შიმშილისგან გულწასული როცა მოასულიერეს, შერცხვა და თქვა, დიაბეტით ვარ ავადო. ყოველთვის მოკრძალებული იყო, როცა შეაქებდნენ, ამბობდა, ღმერთის შეწევნით და დახმარებით ვაკეთებო.

დედამ, როგორც მოგეხსენებათ, თავისი სილამაზისა და ნიჭის წყალობით, ისე გააოცა მოსკოვში საგამოცდო კომისია, ყოველგვარი კანონი დაარღვიეს და თავისუფალ მსმენელად მიიღეს. წინ დიდი წარმატებები ელოდა. ანა კარენინას როლი შესთავაზეს, როცა თბილისში დედა გაუხდა ავად. სწავლა მიატოვა და დაბრუნდა. ესეც სიამამაცე იყო, რადგან ასეთ როლზე დიდი ვარსკვლავებიც კი ოცნებობდნენ.

საკუთარი პოპულარობა სათავისოდ არასოდეს გამოუყენებიათ, ხშირად ხელფასიდან ხელფასამდე ვალებით ცხოვრობდნენ. უყვარდათ სტუმრები და ადამიანები. 128 პატიმრის შეწყალებას მიაღწიეს. მედეას სიტყვით გამოსვლის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ორჯერ გაზარდა საქართველოს კულტურის ბიუჯეტი.

— ხელოვნების სიყვარული რომ გქონოდათ, გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ მწერლობა მემკვიდრეობით არ გადადის.

– მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ლექსების წერა დავიწყე. მამა მკაცრი იყო შეფასებაში, მაგრამ ზოგიერთი მოეწონა. ჩემი ლექსები საბჭოთა ბავშვის ნააზრევს არ ჰგავდა, ამიტომ არც მიბეჭდავდნენ. ასევე იყო უნივერსიტეტშიც. როცა თავისუფალ თემაში ქრისტე ვახსენე, დაბალი შეფასება მივიღე.

არ იყო მარტივი მედეასა და რეზოს შვილობა, ყველაფერს ლუპით აკვირდებოდნენ, მიხდებოდა დამტკიცება, რომ გზის გაკვალვა მხოლოდ ჩემი ნიჭით მინდოდა. არ ვიყავი დამყოლი ხასიათის, ვიყავი ფათერაკიანი, ურჩი და თავნება, ჩარჩოებში არ ვიჯექი. ქუჩის ცხოვრება და წესებიც კარგად ვიცოდი.

მეგობრებიც ჩემნაირები მყავდნენ – თავისუფალი აზროვნების, ოღონდ არა დღევანდელი გაგებით, არამედ ნამდვილად თავისუფალი აზროვნების. ხშირად მირთულდებოდა ცხოვრება, მაგრამ მშობლების სახელები არსად გამომიყენებია.

ლექსებს მოთხრობები მოჰყვა, შემდეგ პიესები. დრამატურგია ასაკოვანი პროფესიაა და 30 წლის შემდეგ იწყება. მე კი 23 წლის ვიყავი, “ძველი ვალსი” რომ დავწერე, “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – 25 წლის ასაკში.

რთულია დრამატურგობა, ან ხარ, ან – არა. შეიძლება ნიჭიერი მწერალი იყო, მაგრამ პიესა არ გამოგივიდეს, გამართული ტექსტი სცენაზე სასაცილო აღმოჩნდეს. შინაგანი ხედვა, ინტუიცია და იღბალი სჭირდება. მსოფლიოს ცოტა ჰყავს დრამატურგები, ყველა დროის დრამატურგთა ასეულში ვარ შესული.

პიესას როცა წერ, ყველა გმირი შენი სულის პრიზმაში უნდა გაატარო, დადებითიც და უარყოფითიც, სიღრმე მისცე და ფერები არ დაიშურო. რაც მთავარია, ბუნებრივი უნდა იყოს, მაყურებელმა უნდა იცნოს, ან თავისი თავი დაინახოს, ან ახლობელი, ან მეზობელი.

ჩემი პიესები დიდხანს იყო აკრძალული მოსკოვსა და ლენინგრადში, ევროპასა და საბჭოთა კავშირის დანარჩენ ქვეყნებში ბევრგან დაიდგა.

— თქვენ ხართ ქვეყნის უმთავრესი ჯილდოს მფლობელი – რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ასევე ლიტერატურული პრემიების მფლობელი, საპატიო თბილისელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დამაკმაყოფილებელია თქვენი ფინანსური შემოსავალი?

– ღმერთო ჩემო, საქართველოში ამ მხრივ საშინელი მდგომარეობაა! მიუხედავად იმისა, რომ წიგნებიც იბეჭდება და ლიტერატურული პრემიებიც არ მაკლია, ამით ოჯახს ვერ შევინახავ.

საქართველოში კულტურის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, არადა კულტურა ჯანმრთელობასთან ერთად პრიორიტეტი უნდა იყოს. შეხედეთ ტურისტებს, გაფართოებული თვალებით რომ შეჰყურებენ ჩვენს ძეგლებს, ისმენენ ჩვენს სიმღერებს, აღფრთოვანებულები არიან ჩვენი დამწერლობით, ღვინით. ამ ყველაფერს თუ არ მოვუფრთხილდით, ხელოვანებს ხელი არ შევუწყვეთ, ახალს ვერ შექმნიან და ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობა სულიერად გაღარიბდება.

რთულია 21-ე საუკუნეში ცხოვრება, დონ კიხოტები, ქარის წისქვილებთან მებრძოლი რაინდები აღარ არიან, რომანტიკა მოკვდა.

“ეს ქალაქიც უცხო გახდა ჩემთვის” – ვამბობდი “სველ იასამანში” და ლამის ჯვარს მაცვეს, ეს რა აკადრე თბილისსო და ახლა რა ხდება? უცხო, მოუვლელი, სიმწვანისგან გაკრეჭილი, ცივი, გულგრილი ადამიანებით დასახლებული ბეტონის ჯუნგლები… მოკლედ, მე-20 საუკუნის ბინადარი ვარ და ხშირად ვამბობ კიდეც: “დამასაფლავეთ მე-20 საუკუნეში”.

— მაგრამ მე-20 საუკუნეში იყო 90-იანი წლები.

– იყო, მაგრამ გავიარეთ. ახლა ყველაფერი ამორფულია, სტაბილურობის შეგრძნება არ არის. 28 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან და ჭკუა ვერ ვისწავლეთ. ეროვნული ისტერიკა რაღაც დროის შემდეგ იწვევს აპათიას, რადგან არასწორი ისტერიკით იოლია სხვა რელსებზე აღმოჩნდე. აგრესიული პროვინციალიზმი დამღუპველია ქვეყნისთვის. პროვინციალიზმი ადგილმდებარეობა არ გახლავთ, განათლების ნაკლებობა, შინაგანი სამყაროს სიმწირეა.

როცა უფსკრულია უმდიდრეს და უღარიბეს ფენებს შორის, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს და რაღაც მომენტში სოციალურ აფეთქებამდე მივალთ.

— ნუთუ ასე შორს წავედით? გამოსავალს ხედავთ?

– გონიერ და ქვეყნის მოყვარულ ხელისუფლებასთან ერთად თითოეულ ჩვენგანშია გამოსავალი, სხვისი განკითხვა არ შეიძლება, ყველამ საკუთარ თავს უნდა მოსთხოვოს მეტი.

ყველა ხელისუფლებას ჰგონია, რომ უფლის ხელდასმულია და ყველა, მათ შორის ხელოვანებიც, მას უნდა ემსახურონ. თავად იცხოვრონ კარგად, შენ კი ფიროსმანივით კიბის ქვეშ მოთავსდე, თან ბედნიერიც იყო. როცა პოლიტიკოსების უმრავლესობა პოპულიზმით, მთავარი ხელისუფალის წინაშე ქულების დაგროვებითაა დაკავებული, კარგად ვერ არის საქმე “დანიის სამეფოში”.

— თქვენ იყავით უახლოესი ადამიანი ჯაბა იოსელიანისთვის. მიამბეთ მასზე, ვინ იყო იგი, თეთრჩოხიანი რაინდი, დანაშაულებრივი სამყაროს პრინცი, ქვეყნის გადატრიალების მოთავე თუ თეატრალი და მწერალი.

– ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე, ჯაბა იყო რაინდი, ქვეყნის პატრიოტი, პატიოსანი და ერთგული ჯარისკაცი თავისი სამშობლოსი.

სრულიად ახალგაზრდა, 16 წლის მოხვდა იმ სამყაროში, რომელსაც მკვლელები, ქურდები, ბანდიტები აშენებდნენ. მოიპოვა ავტორიტეტი და ლამის ათიათასკაციან ბანაკებში მისი სიტყვა კანონი იყო. შემდგომში შეძლო, ამ სამყაროს ჩამოშორებოდა, გახდა მწერალი, პროფესორი და ყოველთვის ნანობდა განვლილი წლების გამო.

მის მიერ შექმნილ “მხედრიონში” თავდაპირველად გულანთებული პატრიოტები შედიოდნენ. 800 დარჩეული, საუკეთესო ვაჟკაცი დაიღუპა აფხაზეთის ომში. ჯაბაც წინა ხაზზე იყო თავის ვაჟთან ერთად. ბოლოს კი თავისივე შექმნილი ფორმირების მძევალი გახდა.

ფული და სარჩო არ უძებნია და არც დაუგროვებია. რომ გარდაიცვალა, მის სახლში მხოლოდ კუპონები აღმოვაჩინეთ. რომანტიკული, იუმორით სავსე, ულამაზესი ჯაბა იოსელიანის ფენომენი ბოლომდე შეცნობილი არ არის.

— გაიხსენეთ, პირველად სად და როდის შეხვდით თქვენი ცხოვრების ქალს, ცოლს, მედეას.

– სტუდენტები ვიყავით, მე 18 წლის, ის – 17-ის. მანანა დუმბაძემ უნივერსიტეტის ეზოში გაგვაცნო ერთმანეთი. გათამამებული ბიჭი ვიყავი, რატომღაც მეგონა, რომ ყველა გოგოს უნდა მოვწონებოდი. მედეამ კი ისე მკაცრად შემომანათა თვალები, დავიბენი. მომეწონა მისი დამოკიდებულება და ვცდილობდი, ხშირად შევხვედროდი. დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი რომანი, მალე დავქორწინდით.

— საინტერესოა თქვენი აზრი ზოგადად სიყვარულზე, ქალზე.

– ქალს უზარმაზარი ძალა აქვს, შეიძლება ეს თავადაც არ უწყის. მტკიცე ნების, უშიშარი, ნიჭიერი კაცი შეიძლება დალეწოს ქალის სიყვარულმა. მაინცდამაინც ღალატი და ინდური ფილმის სიუჟეტი არ არის აუცილებელი, რომ მიწაზე დაენარცხო, ასევე ზოგჯერ ერთი გამოხედვა საკმარისი ზეცაში ასაფრენად.

რაც შეეხება მედეას, რომ არა ის, არ ვიცი, აქამდე როგორ მოვიდოდი ან საერთოდ მოვიდოდი თუ არა. ფათერაკიანი ვიყავი, მედეა იყო ჩემი ბარომეტრი, ჩემი კატალიზატორი. ერთმანეთის მოფრთხილება მარტო ფიზიკური მოვლა კი არ არის, არამედ სულიერი ერთობა, როცა ერთმანეთის სუნთქვას დარაჯობ, ერთმანეთის სახელს, მშობლების ხსოვნას, შვილების მომავალს უფრთხილდები.

მეუღლეებს თუ სიყვარული აკავშირებთ, მაშინ მათ არ მოსწყინდებათ ერთმანეთი. მამაკაცმა ნებისმიერ ასაკში უნდა მოაწონო ცოლს თავი, რადგან ეს ის გოგონაა, რომელიც მაშინ შეგიყვარდა, როცა ახალგაზრდა იყო, მშვენიერი, ცაში ასაფრენად გამზადებული. სადაც სიყვარულია, იქ ნაოჭებიც მშვენიერია.

— როგორია თქვენი ურთიერთობა ვაჟებთან?

– მამაშვილობა მაგარი რამეა. მამა მნიშვნელოვანია ბიჭებისთვის, მისი სურნელი, დაცულობის შეგრძნება, ვაჟკაცობა, სწორი ნაბიჯები აყალიბებს მათ კაცებად. მამა ბიჭისთვის სარკეა, სადაც აირეკლება მრუდეც და მართალიც.

ჩვენ ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს, ისინიც თაბუკაშვილები არიან, თავისუფლად მოაზროვნენი, ჯიუტები, ნიჭიერები. ბევრჯერ გამოვცადეთ ერთმანეთი მამაშვილობაშიც და კაცობაშიც.

— ნანობთ თუ არა რაიმეს განვლილ გზაზე და როგორია თქვენი გეგმები?

– რამდენიმე თემაზე ვმუშაობ, ერთ-ერთით დაინტერესდა ელდარ შენგელაია და ვნახოთ, რა გამოვა.

ხშირად ვიხედები უკან, რადგან წარსულის გაჩხრეკის გარეშე მწერალი ვერ შედგები. შეცდომების გაუაზრებლად ახალ შეცდომებს დაუშვებ. თავიდან რომ ვიწყებდე, ისევ იმ გზას გავივლიდი, ამ გზაზე დაშვებული შეცდომებიც ჩემია, საბედნიეროდ, ვნება არავისთვის მიმიყენებია.

მჯერა სულის უკვდავების. როცა დრო მოვა, მინდა, ჩემი წასვლაც ღირსეული იყოს და მეც ისეთ წინაპრად გადავიქცე, ვისი სახელისაც შთამომავლობას არ შერცხვება.

ია ქუთათელაძე, ჟურნალი “სარკე”