ჯემალ ჭკუასელი: “ჭოხონელიძის და გოგოლაურის გვარებს აფიშაზე არასდროს დავწერ” – რატომ ადანაშაულებენ “ერისიონს” სხვათა შემოქმედების მითვისებაში

ჯემალ ჭკუასელი: "ჭოხონელიძის და გოგოლაურის გვარებს აფიშაზე არასდროს დავწერ" - რატომ ადანაშაულებენ "ერისიონს" სხვათა შემოქმედების მითვისებაშიქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, “ერისიონის” ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა, თავისი პოსტი 2 წლის წინ, 80 წლის ასაკში დატოვა. ახლა 132 წლის ანსამბლს სათავეში მისი შვილები უდგანან. სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ჯემალის ვაჟი, შერმადინ ჭკუასელია, მთავარი ქორეოგრაფი – მისი ქალიშვილი, ეკა ჭკუასელი. მამას კი მრჩევლის პოსტი უკავია, შვილების საქმიანობას გვერდიდან უყურებს და, როგორც “სარკეს” უთხრა, მოკრძალებულ რჩევებს აძლევს.

– ბატონო ჯემალ, თქვენს წარმატებას ახლავს სკანდალებიც, კრიტიკაც, თუნდაც რუსეთში გასტროლებთან დაკავშირებით. რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანსამბლს მოსკოვში მორიგი ვიზიტი ჩაეშალა, რადგან ვიზაზე უარი უთხრეს…

– რუსეთში ქართველები გვეპატიჟებოდნენ, ძალიან უნდოდათ, რომ ჩავსულიყავით, აფიშებიც გამოაკრეს, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით. ვიზა არ მისცესო, ასეთი ინფორმაცია სპეციალურად გაავრცელეს, რომ თითქოს ცუდები ვართ. მიბრძანდით საელჩოში და ნახეთ, რომ ვიზა არც მოგვითხოვია.

– რატომ თქვით მოსკოვში ჩასვლაზე უარი, თქვენ ხომ დაძაბული ვითარების ფონზეც არაერთხელ სტუმრობდით ჩრდილოელ მეზობელს?

– ახლა სხვა მიზეზი იყო. ამ ბოლო დროს ძალიან შეუბერეს რუსებმა, ამიტომ არ მინდოდა… ვფიქრობ, შეცდომაა იმაზე საუბარი, ვინ რატომ მიდის და რატომ – არა. არმინდა სახელების და გვარების დასახელება, მაგრამ ვიცი, რომ კოლექტიურად დადიან მოსკოვში, მერე მოდიან და ჩვენ გვაკრიტიკებენ.

ხომ იცით – “ასრე სჭირს საქართველოსას, დიდებულთ, გინა მცირეთა, აზვავდებიან, იტყვიან: “უჩემოდ ვინ იმღერეთა?”. ქართველებს სკანდალები უყვართ, არადა კარგი იქნება, სკანდალების ნაცვლად სტენდალს თუ წაიკითხავენ.

– ახლაც დავაა “ერისიონის” გარშემო. ანსამბლის ყოფილი მთავარი ქორეოგრაფის, რევაზ ჭოხონელიძისა და ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელის, იური გოგოლაურის, მემკვიდრეები სასამართლოში გიჩივიან, რომ მათი მამების სახელებსა და გვარებს აფიშებზე არ აღნიშნავთ, არადა მათ რეპერტუარს იყენებთ. შეგიძლიათ, განგვიმარტოთ, რა საფუძველი აქვთ მათ და რა მოტივი გაქვთ თქვენ?

– მათ მამებს უდიდეს პატივს ვცემ. რეზო ჭოხონელიძეს ყველაზე დიდი წარმატება ჩემთან ერთად ჰქონდა. არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული და უფრო მეტის ღირსიც იყო. საოცარი კაცი გახლდათ. მათი ნამუშევარი ანაზღაურებულია უკვე და მეორედ ანაზღაურება არ შეიძლება. რაც მათ გააკეთეს, ეს სახელმწიფოსია. კოლექტიური სამუშაოები იყო, ჩემი იდეებიც იყო. სოლისტები მოძრაობებს თვითონ აკეთებენ.

ერთი ცუდი ამბავი მაქვს – მათ გვარებს აფიშაზე არასდროს დავწერ. არ შეიძლებოდა, მაგრამ ვწერდი. ეს გაუკეთეს შვილებმა თავიანთ მამებს.

– რა ეტაპზეა სასამართლო პროცესი?

– ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, ადვოკატები ავიყვანეთ. უნდათ, რომ რაღაცით შეგვარყიონ, არადა სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ჭოხონელიძე ყველა სიკეთის ღირსია, როგორც ხელოვანი და ამაზე აკაკი წერეთლის “გამზრდელი” მახსენდება…

რეპერტუარის განახლება ხდება ყოველდღე და ყოველ საათში. მათი არც სიმღერები და არც ცეკვები ჩემი არ არის, სახელმწიფოსია, მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვლილია.

ყველა ხალხურ სიმღერას ჰყავდა ავტორი, მაგრამ დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, ერთმა რაღაც შეჰმატა, მეორემ – კიდევ რაღაც და საბოლოდ მივიღეთ განახლებული, შელამაზებული ტექსტი. ცეკვებშიც, შეიძლება ერთმა მარცხენა კულისებიდან გამოიყვანოს მოცეკვავე, მეორემ – მარჯვენა კულისებიდან.

ფოლკლორი რა არის? ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და რანაირად შეიძლება ყველა ილეთი რეზო ჭოხონელიძის მოგონილი იყოს?!

ჩემს დაწერილ სიმღერაზე გოგოლაური ამბობს, მამაჩემის სიმღერააო. ახლა მითხარით, რომელ ნამუსზეა ლაპარაკი?!

– 132 წლიანი “ერისიონის” წარმატების საიდუმლო რა არის?

– წარმატების დიდი საწინდარია, როცა ამდენი მასალა, ასეთი ხელოვნება და სულიერება გაქვს. ჩვენ როგორც კი შენობაში შემოვდგამთ ფეხს, წუთიერი დუმილით პატივს მივაგებთ იმ ხალხს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს.

ედუარდ შევარდნაძემ როგორც მითხრა, მწერვალზე ასვლა ძნელია, ჩამოვარდნა – ადვილი. როდესაც პირველად დავიწყე ამ საქმის კეთება, ჯანო კახიძემ მითხრა, მეცოდებიო. ვკითხე, არ მოგეწონა-მეთქი. მიპასუხა, რომ მომეწონა, იმიტომ მეცოდებიო.

– როგორია თქვენი ყოველდღიური ყოფა, როგორ ცხოვრობთ დღეს?

– მაქვს ოროთახიანი ბინა თბილისში და ერთი მანქანა – “პრადო”, მყავს მეუღლე, 3 შვილი, 7 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი, ასევე მყავს მეგობრებიც და მტრებიც. პრინციპში, კარგია, მტრები რომ მყავს, ხანდახან მაფხიზლებენ.

ყველაზე მეტად რაც მახალისებს, არის ქართველი ხალხის სიყვარული. ხანდახან ისეთ სიტყვებს მეუბნებიან ქუჩაში, რომ მრცხვენია. საერთოდ, როცა გეტყვიან, შენ ხარ შეუცვლელიო და აგიყვანენ ცაში, უბედური კაცი იქნები, თუ ამას დაიჯერებ.

დღედაღამ ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო, რომ დავეხმარო ჩემს ქვეყანას. სამწუხაროდ, ახლა ქვეყანა ცუდ დღეშია, სიყვარული თუ გადაგვარჩენს.

სიყვარულზე ერთი რაღაც გამახსენდა: მე-7 კლასში ყველა საგანს ხუთიანებზე ვსწავლობდი. მერვე კლასში კი 14 საგანში ორიანი მყავდა და მხოლოდ მუსიკაში მეწერა ხუთიანი. რატომ? გოგო შემიყვარდა და სულ მის ფიქრებში ვიყავი.

მამაჩემი დაიბარეს სკოლაში, რომელიც ძალიან მკაცრი იყო. მეშინოდა, არ შემოელაწუნებინა ჩემთვის. აჩვენეს ჟურნალი და უთხრეს, ნახეთ, შარშან როგორ სწავლობდა და წელს – როგორო. მამაჩემმა ჰკითხა, ეს ხუთიანი რაში ჰყავსო და სიმღერაშიო, უპასუხეს. უთხრა, ამას მე ვასწავლი და თქვენ არაფერს აკეთებთო.

– საყვარელ გოგონას რა ბედი ეწია?

– ის გოგონა მერე ჩემს მეგობარს გაჰყვა ცოლად და იქ აღარ მივდიოდი, თავი უხერხულად არ იგრძნოს-მეთქი.

თინათინ ოსმანოვა, ჟურნალი “სარკე”