მომღერალმა ირმა სოხაძემ წინსაფარი მას შემდეგ მოირგო, რაც ის და მისი ქმარი, რეზო ასათიანი, შვილებთან ერთად ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. ტრადიციული რეცეპტებით ამზადებს, მაგრამ აქვს პატარ-პატარა ხრიკები, რომლებიც “სარკის” მკითხველებს გაანდო.
ირმა სოხაძე:
– გასწავლით თევზს უკრაინულად. ორაგული ჯობია, მაგრამ თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, ნებისმიერი გამოიყენოთ, ოღონდ უფხო უნდა იყოს.
მოხარშავთ 400 გრამ თევზს, 500 გრამ კარტოფილს, რომელსაც კანს გააცლით, ალყა-ალყა დაჭრით და ზეთში დაბრაწავთ. შემდეგ ლანგარზე ერთ ფენად დაალაგებთ კარტოფილს, მერე დააწყობთ თევზს და მოაყრით 200 გრამ ნედლ ქამა სოკოს. ცალკე მოშუშავთ 2-3 თავ ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს და დააყრით. ბოლოს მოასხამთ არაჟანს, მოაყრით მარილს და შავ პილპილს გემოვნებით, შედგამთ გაზქურაში და ძალიან ნელ ცეცხლზე გამოაცხობთ.
ასევე შემიძლია ჩაგაწერინოთ ჩემი საფირმო ჩიხირთმის რეცეპტი. იმის გამო, რომ ხორცის ნახარშით მომზადებული კერძი სასარგებლო არ არის, ხშირად არ ვაკეთებ. ვისაც თირკმლების პრობლემა არ აქვს, შეუძლია ასეთი საჭმელი კვირაში ერთხელ მიირთვას.
დედამთილიც კახელი მყავდა და ბებიაც. ისინი ერთიმეორეზე უკეთეს ჩიხირთმას აკეთებდნენ. ჩემი ჩიხირთმაც გამოდის ზღაპარი! პრინციპში, განსხვავებული რეცეპტით არ ვამზადებ, მაგრამ პატარ-პატარა ხრიკები მაქვს.
პირველ რიგში, საჭიროა, ქათამი მოვხარშოთ. პარალელურად ორი თავი ხახვი უნდა დავჭრათ, რაც შეიძლება წვრილად. ბულიონი უნდა გავაციოთ და მოვხადოთ ცხიმი, რომელსაც ცალკე ქვაბში ჩავდებთ, დავაყრით ხახვს, მარილს და მოვშუშავთ. ცხიმში ჩაყრილი მარილი საკვებს განსაკუთრებულ გემოს აძლევს, ხახვი ტკბილი ხდება.
ხახვი კარგად რომ გავარდისფერდება და დაპატარავდება, დავასხამთ საცერში გაწურულ ქათმის ბულიონს და ცეცხლზე დავდგამთ. შემდეგ 2 სუფრის კოვზ ფქვილს გავხსნით ცივ წყალში და, ბულიონი როცა წამოდუღდება, ნელ-ნელა ჩავუმატებთ, თან მოვურევთ. მერე ავთქვეფთ 2 კვერცხის გულს, დავჭრით ერთ კონა ქინძს და ჩავყრით წვნიანში. ბოლოს მარილს ვუზამთ გემოვნებით.
წვენი როცა გაგრილდება, ქათმის ხორცს მერე ჩავალაგებთ. თეფშზე რომ ამოიღებთ, შეგიძლიათ ერთი კბილი ჩაჭყლეტილი ნიორი დაუმატოთ.
მამაჩემს ძალიან უყვარდა ჩიხირთმა, მაგრამ ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა და ხშირად ვერ ვაჭმევდი. ისე კი ადრე, ავად რომ ვხდებოდით, ბებიაჩემი სულ ნახარშით გვარჩენდა.
რეზო არ არის პრეტენზიული მჭამელი, რომ ჩიხირთმები მაკეთებინოს, ამიტომ მსუბუქად და მარტივად ვიკვებებით. 10-12 წელია ხორცს აღარ ვჭამ, აღარც ვიცი, მისი გემო როგორია, თუმცა რეზოს ძალიან უყვარს შემწვარი ხორცი და ხშირად ვუმზადებ ბიფშტექსს.
– მისი რეცეპტიც უნდა გთხოვოთ.
– სიამოვნებით ჩაგაწერინებთ. 1 კილო საქონლის რბილი ხორცი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, კარგად დავბეგვოთ სპეციალური ჩაქუჩით და თითოეულს მარილი მოვაყაროთ. ტაფაზე წყალში დავადნოთ 100 გრამი კარაქი. წყალი რომ წამოდუღდება, ჩავალაგოთ დაბეგვილი ხორცი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ.
წყალი კარგად რომ ჩაშრება და ხორცის ერთი მხარე დაიბრაწება, გადმოვატრიალოთ, ცოტა წყალი ისევ დავუმატოთ და გავაგრძელოთ მოშუშვა. წყალი რომ ჩაშრება, დავაყაროთ შავი წიწაკა. ბოლოს შეგიძლიათ კვერცხებიც ჩაახალოთ. დამიჯერეთ, ამაზე გემრიელი არაფერია!
– ქალიშვილებს, სალომეს და ნატას, ასწავლეთ კეთება?
– არა, ჩემი შვილები არ არიან გამოჩენილი კულინარები და ეს არც ერთს სჭირდება. რაც უნდათ, კი აკეთებენ. სალომე (რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი. ავტ.) ვეგეტარიანელია, ქმარს უკეთებს ხორციან საჭმელებს, მაგრამ თვითონ ვერ სინჯავს. ის რძის ნაწარმსაც არ ჭამს.
– სალომეს გავლენაა, რომ თქვენც აღარ ჭამთ ხორცს?
– შეიძლება ასეც ითქვას. სალომემ თავისი ქცევით მიმახვედრა, რომ აბსოლუტურად ზედმეტია რაღაც ცხოველის უცხო პროტეინები, მით უმეტეს, ასაკში. რძის ნაწარმს გეახლებით, შემწვარი კვერცხიც მიყვარს.
იცით, როგორ მიყვარდა ხორცი? მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ ზედმეტია და სიამოვნებით დავანებე თავი. ახლა იმდენად მსუბუქად და კარგად ვგრძნობ თავს, ვერც გადმოგცემთ. ჯანმრთელობის რა პრობლემებიც მქონდა, ყველაფერმა გამიარა მას მერე, რაც ხორცზე უარი ვთქვი და ჯანსაღად ვიკვებები.
ხანდახან თევზს ვჭამ. მიყვარს ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი. იმდენი საკვებია ქვეყნად, რაში გვჭირდება ხორცი? სალომემ იმასაც კი მიმახვედრა, რომ ბეწვი აღარ ჩავიცვა. ორი ქურქი მაქვს და არ ვიცვამ, გარდერობში მიკიდია. ტვინში რაღაც უნდა გადაგიტრიალდეს, ასე რომ იფიქრო. ნატურალურ ტყავზე ვგიჟდები, მაგრამ შეიძლება ტყავის მხოლოდ ჩანთა დავიკავო. არაფერი მოხდება, ჩანთასაც თუ ხელოვნური ტყავისას დავიჭერ.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”
