შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი, რომელიც “რუსთავი 2”-ში ჯადოქრობს თავისი კულინარიული შოუთი “ჩემი სამზარეულოს წესები”, მრავალფეროვანი და მდიდარი წარსულის მქონე ადამიანია. ამის შესახებ ის ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.
– სამზარეულოს რა ასაკში დაუახლოვდით?
– პირველ რიგში, გეტყვით, რომ 20 წელზე მეტ ხანს საქართველოში არ ვმუშაობდი, წელიწადნახევრის წინ დავბრუნდი და ამ სფეროში მალევე გავხდი პოპულარული. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობდი და ვმუშაობდი, მაგრამ ძირითადად – პორტუგალიაში. ამ ქვეყანას დედულეთს არ დავარქმევ, რადგან დედაჩემი ნახევრად გერმანელი იყო, მაგრამ პორტუგალიამ ისე მიმიღო, როგორც საკუთარი შვილი: მომცა განათლება, შინაგანი და გარეგნული სიმდიდრე.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, სამზარეულომ ადრეულ ასაკში გამიტაცა. 8 წლისას შემეძლო, მამაჩემის ბრძანებით, ერთი ჭედილა დამეკლა და მომემზადებინა.
– 8 წლის ასაკში აკეთებდით ამას?
– ძალიან მარტივად. 6-7 წლის ვიყავი, ცხენზე რომ ვჯირითობდი.
– სად გაიზარდეთ?
– თბილისში დავიბადე და გავიზარდე. თბილისთან ახლოს გვქონდა სახლი, მამას ჰყავდა წვრილფეხა საქონელი, ჰყავდა აზერბაიჯანელი მწყემსები. ეს იყო 80-იანი წლები. სკოლიდან ვიპარებოდი, მივდიოდი და ვუყურებდი, საქონელს რომ კლავდნენ და ამას მეც მასწავლიდნენ. მას მერე გაჩნდა ინტერესი.
გარდა ამისა, ოჯახში ყველა არაჩვეულებრივად ამზადებდა – დედა, მამა, და, ბებია. ძმა საფრანგეთიდან ჩამოვიდა და მასაც აღმოაჩნდა კონდიტერის ნიჭი.
1989 წელს დაიწყო ჩემი კარიერა, მაშინ, როცა მამა დავკარგე. ბიძაჩემმა მკითხა, აბა, რა გინდა, რომ გააკეთოო. ვუთხარი, რესტორანში დამაწყებინე მუშაობა-მეთქი. ბიძაჩემი, სიმონა ნასყიდაშვილი, იყო გორში სასტუმრო “ინტურისტის” დირექტორი. მაშინ ყველა სასტუმრო სამთავრობო ქსელ “ინტურისტს” ეკუთვნოდა. გადარეკა, გადმორეკა და მუშაობა დამაწყებინა სასტუმრო “აჭარაში” – თბილისში.
14 წლის ვიყავი, პროფესიონალურ სამზარეულოში რომ დავიწყე სწავლა და მუშაობა. ყოველ დილას 6000 თხელი ბლინი უნდა მომემზადებინა. საუზმის მენიუში იყო შეტანილი ბლინები ხაჭოთი, ყველით, ხიზილალით, კარამელით.
მაშინ ვიყავი პუტკუნა, ცხოვრებისგან გულნატკენი – მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა. როცა ის ცოცხალი იყო, არაფერი გვაკლდა – სახლები, მოგზაურობა, ნადირობა, თევზაობა… მამა გარდაიცვალა და ეს ცხოვრებაც გაქრა.
– პორტუგალიაში როდის წახვედით?
– სანამ პორტუგალიაში წავიდოდი, მანამდე მოსკოვში ვიყავი – 1991 წლის ბოლოს. მამის ნაქონი ვიდეო-მაგნიტოფონი გვქონდა სახლში დარჩენილი, ის გავყიდე, მოსკოვის თვითმფრინავის ბილეთი ვიყიდე და ჩავფრინდი. გავაჩერე ავტობუსი, პირველივე შემხვედრ რესტორანში შევედი, სამსახური მოვითხოვე და მუშაობა დავიწყე.
– ასე მარტივად?
– მარტივად ჟღერს, თუმცა ეს არ იყო მარტივი. მაგრამ, როცა იღბლიანი ხარ… მოსკოვში რთული გზა გავიარე და 5 წლის მერე დავბრუნდი საქართველოში. მამულიჩამ რესტორან “ევროპის” შეფად დამაწყებინა მუშაობა. მაშინ ის რესტორნის დირექტორი იყო. ლელა ძალიან ახალგაზრდა გახლდათ – თხელი, ლამაზი გოგო, რომელიც მღეროდა “ევროპაში”.
– ვიცი, რომ თქვენც ძალიან კარგად მღერით.
– იყო დრო, როცა ვმღეროდი. მოსკოვის სახელმწიფო მუსიკალურ სასწავლებელში მეგობრების დაჟინებული თხოვნით ჩავაბარე და 3 წელი ვისწავლე. მერე ნოდარ ანდღულაძის მოსწავლე ვიყავი, შემდეგ სიმღერას თავი დავანებე. მერე მაშინდელ ლენინგრადში მიმიწვიეს – ქართული სამზარეულოს და ღვინის ფესტივალზე…
1991 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, გახსნა მალთაყვის წყალსათხილამურო კომპლექსი და სასტუმრო “აჭარიდან” ერთადერთი შეფმზარეული მე მიმიწვია.
– ბიჭი სამზარეულოში – 90-იან წლებში ეს ცოტა რთული გასაგები არ იყო თქვენი თანატოლებისთვის?
– მათი აზრი სულ არ მაინტერესებდა. ქუჩური აზროვნების არასდროს ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის საძმაკაცო იყოფოდა ორად – ერთ მხარეს იყვნენ მაღალჩინოსნები, მეორე მხარეს ქურდული სამყაროს წევრები, მამა იყო ნეიტრალური. თუ რამე პრობლემა არსებობდა, ჩემს ოჯახში წყდებოდა. კანონიერი ქურდების სამყაროს ისეთი პერსონები მახსოვს…
მათი ცხოვრება ჩემთვის არასოდეს იყო მისაბაძი, მე ყოველთვის ხელოვანი ვიყავი. არ მაინტერესებდა არც ბირჟა და არც ქუჩა. ცოცხი მერჩივნა ხელში, ვიდრე ბირჟაზე დგომა.
– მგონია, რომ თქვენი პირადი ცხოვრებაც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც სამსახურეობრივი.
– მარტოხელა მგელი ვარ. ჩემი ცხოვრება ისე ჩავაქსოვე პროფესიას, რომ ოჯახის შექმნის პერიოდი გამეპარა. მართალი რომ გითხრათ, დღეს ოჯახის შექმნა არ მაინტერესებს.
– არც შვილები?
– შვილები – კი, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ მოხდება. თუ მექნება შანსი, ბავშვს ავიყვან.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”

