– ძალიან მინდა დღეს საღამოს მივიღო ინვესტორისგან ხელშეკრულება და ხვალვე მზად ვიყო ხელის მოსაწერად, – ამის შესახებ “ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა.
ინფორმაციას სააგენტო ipn-იავრცელებს.
როგორც მან დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ერთი თვეა “ცენტრ პოინტი” ინვესტორებისგან ხელშეკრულებას ელოდება, რათა მას ხელი მოაწეროს. რჩეულიშვილის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებმა m2-მა და “ვილა რეზიდენსმა” ხელშეკრულების მოსამზადებლად იურისტთა ჯგუფიც დაიქირავა.
– ეს არის ინვესტორი კომპანია, რომელმაც მოგვთხოვა კონკრეტული საბუთები. ამ საბუთების გაცნობა მიმდინარეობდა 4 თვე. ერთი თვის წინ ეს პროცესი მორჩა. ბოლო ერთი თვეა ველოდები ინვესტორი კომპანიიდან ხელშეკრულების პირველად ვერსიას. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, ხვალვე რომ მოგვაწოდოს ინვესტორმა კომპანიამ ხელშეკრულება, მოვაწეროთ ხელი. აქ ჩემი საქმე ფიზიკურად ამოწურულია და მეც ისეთივე მოლოდინის რეჟიმში ვარ, როგორც სხვები. ძალიან მიმძიმს ეს ყველაფერი, როგორც დაზარალებულების, ისე მაიას და რუსოს მიმართ. ძალიან ვწუხვარ, რომ ორივე მხარე ასე ელოდება ამ ყველაფერს. ძალიან მინდა დღეს საღამოს მივიღო ეს ხელშეკრულება და ხვალვე მზად ვიყო ხელის მოსაწერად, მაგრამ რაც ჩემს ხელში არაა, იმას ფიზიკურად ვერ გავაკეთებ, – განაცხადა რჩეულიშვილმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის საქმეზე მაგნოლიას ეპიზოდის განხილვა 9 იანვრამდე გადაიდო. პროცესის მესამედ გადადების მიზეზი, პროკურორის ლაშა კოტრიკაძის თქმით, დაცვის მხარის გამოუცხადებლობაა.
მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა. პროკურატურა “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.
გურამ რჩეულიშვილი 30.000-ლარიანი გირაოთი 6 აპრილს გაათავისუფლეს.
იმედინიუსი

