გიორგი შარაშიძე: ”პრემიერი კვირიკაშვილი გამოძიებაზე ზეწოლას ახდენს”

გიორგი შარაშიძე: ”პრემიერი კვირიკაშვილი გამოძიებაზე ზეწოლას ახდენს”კარტელური შეთანხმებების გამო დაპირისპირება გრძელდება – გიორგი გაჩეჩილაძის სიძემ, “სიტროენ ჯორჯიას” დირექტორმა, მისი სკანდალური ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტები მთავრობის ადმინისტრაციაში მიიტანა.

გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “როდესაც პრემიერი ამბობს, რომ მე გადავდგები თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომელმაც საქმე უნდა გამოიძიოს”.

მისივე განცხადებით, კარტელურ გარიგებას ტარიელ ხეჩიკაშვილი მფარველობს და შესყიდვების სააგენტოც ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობას ხელოვნურად ძირავს.

– შესყიდვების სააგენტოში ზუსტად ჩანს, რატომ და როგორ მოვხვდით შავ სიაში და რამდენად მიკერძოებული იყო ეს ყველაფერი. 57 ტენდერში 127-დან უკონკურენციოდ ჩატარებული ტენდერები, მათგან სამი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის, – აღნიშნა შარაშიძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ გადაეცა მის კომპანიას ლილოში მიწის ნაკვეთი უკონკურსოდ, რაზეც შარაშიძემ აღნიშნა: “ეს მოხდა კონკრეტული შეთავაზების საფუძველზე, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში, სახელმწიფოსთვის იყო მისაღები”.

– ეს და ყველა სხვა პროექტი შეჩერდა იმის გამო, რომ ჩვენს მიმართ განხორციელდა არაერთი უკანონო ქმედება და ვცდილობთ ახლა ზუსტად ამას, რომ ეს დავამტკიცოთ. რაც შეეხება კარტელურ გარიგებებს, დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ეს არის შეთანხმებული ფასები, კონკურენციის არგაწევა ერთმანეთთან, 57 ტენდერის უკონკურენციოდ ჩატარება. მათგან სამი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ კონკურენციის სააგენტო შეინარჩუნებს ობიექტურობას და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, – განაცხადა შარაშიძემ.

„სიტროენ ჯორჯიას“ ორი საჩივარი აქვს წარდგენილი, ერთი კონკურენციის სააგენტოში, მეორე კი მიმდინარე დავა თბილისის საქალაქო სასამრთლოში ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.

ნიუპოსტი