ბიძაშვილებს შორის სიყვარული ტრაგედიით დამთავრდა – “გთხოვთ, მის გვერდით დამასაფლავოთ”

ბიძაშვილებს შორის სიყვარული ტრაგედიით დამთავრდა - "გთხოვთ, მის გვერდით დამასაფლავოთ"ეს ამბავი დიდი ხნის წინ, კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. წლების განმავლობაში ამის შესახებ არავინ იღებდა ხმას, მაგრამ პირობითად ქალბატონმა ვერიკომ 25 წლის მერე დაარღვია დუმილი.

– ქალბატონო ვერიკო, რატომ გადაწყვიტეთ ამდენი ხნის მერე საიდუმლოს გამხელა?

– იმიტომ, რომ ეს ცოდვა ჩემს ოჯახს დიდი ხანია, რაც აწევს და მინდა, როგორმე განვთავისუფლდე ამისგან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი მძიმე ჯვარია ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც ეს ამბავი მოხდა. დედაჩემს 2 ძმა ჰყავდა. უფროს ძმას 2 შვილი – ეთერი და ვასიკო ჰყავდა, უმცროს ძმას კი მხოლოდ მარი. მარი და ეთერი თითქმის ტოლები იყვნენ, ვასიკო კი 2 წლით მათზე უფროსი იყო.

ერთ დღეს ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი სტუმრად მეზობელ სოფელში წავიდნენ, იქ ბიცოლაჩემს ნათესავები ჰყავდა და იქეიფეს. იქიდან ბიძაჩემი ნასვამი მიუჯდა საჭეს და ავარია მოუვიდა. ორივე დაიღუპა – ბიძაც და ბიცოლაც. ეს ამბავი ჩვენი ოჯახისთვის ძნელი გადასატანი იყო, მაგრამ ჭირს გამაგრება სცოდნია და ამ ტრაგედიასაც გავუძელით.

მარი 13 წლის იყო, ობლად რომ დარჩა. ბიძაჩემმა ობოლი ძმისშვილი თავის სახლში წამოიყვანა და მესამე შვილივით მიიღო. არც ბიცოლაჩემს უთქვამს უარი, ობოლი ბავშვი ყველას შეგვეცოდა. თანაც მარი ძალიან ლამაზი, ნაზი და საყვარელი გოგონა იყო. როგორც მერე დედაჩემი იხსენებდა, მარის ჯადოსნური ღიმილი ჰქონდა. ძალიან მხიარული და ენაწყლიანი ბავშვი ყველას უყვარდა. ბიცოლაჩემი ეთერისგან არ ასხვავებდა. ბიძაჩემი საკუთარ შვილს არ ექცეოდა ისე, როგორც მარის. ეთერიც და ვასიკოც კარგად ექცეოდნენ მარის. სამივენი ერთად დადიოდნენ ამხანაგებთან თუ სტუმრად. ვასიკომ სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში წამოვიდა, ეთერი და მარი სოფელში დარჩნენ. სკოლას რომ ამთავრებდნენ, ეთერი ვიღაც ბიჭმა მოიტაცა და ცოლად წაიყვანა. ბიძაჩემმა ეთერის წართმევა სცადა, მაგრამ ბიცოლაჩემმა არ დაანება.

– რატომ?

– იმიტომ, რომ უკან დაბრუნებულს აღარავინ შეირთავდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანს ხელი არ ჰქონდა დაკარებული, მაინც ვერავის დააჯერებდი ეთერის პატიოსნებაში.

– თავად ეთერს თუ უყვარდა ის ბიჭი?

– არ ვიცი. რამდენადაც მერე გავიგე, ერთი-ორჯერ ჰყავდა ნანახი. ალბათ, სიმპათიები ჰქონდა, რადგან არც მას გაუგიჟებია თავი მამის სახლში დაბრუნებისთვის. ეთერი რომ გათხოვდა, ბიძაჩემმა მთელი ყურადღება მარიზე გადაიტანა. ეშინოდა, მისთვის არავის არაფერი დაეშავებინა, ან ვინმეს არ წაეყვანა, როგორც ეთერი წაიყვანეს. სკოლაშიც თავად აცილებდა. მარის ბიძის საქციელზე გულიანად ეცინებოდა, სკოლაში რომ უნდა წასულიყო, დაუძახებდა, სკოლაში მივდივარ და მომყვები თუ არაო, ამაზე მთელი ოჯახი ხარხარებდა. მერე, სკოლა რომ დაამთავრა, ბიძაჩემმა მარი თბილისში ჩამოიყვანა, ვასიკო იმ დროისთვის სტუდენტი იყო. ბიძამ ვასიკოსა და მარისთვის უკეთესი ბინა დაიქირავა, ორივე დააბინავა, თავად კი სოფელში დაბრუნდა. არავინ მოვიფიქრებდით იმას, რომ ბიძაშვილებს ერთმანეთი შეუყვარდებოდათ.

– თქვენ როგორ გაიგეთ?

– შემთხვევით გავიგეთ, უფრო სწორად, ბიცოლაჩემმა გაიგო. ის ყოველ კვირა ჩადიოდა მათთან და სანოვაგე მიჰქონდა. ვერაფერი ვერ შეამჩნია, მაგრამ ძალიან უკვირდათ ბიძაჩემსაც და ბიცოლაჩემსაც, რომ არც ვასიკო და არც მარი დაოჯახებას არ ჩქარობდნენ. ერთხელ მარის სოფელში ვიღაც მთხოვნელი გამოუჩნდა, მაგრამ ვასიკომ ისე გაიგიჟა თავი, რომ ყველას გაუკვირდა. მან თავისი რეაქცია იმით ახსნა, ჯერ სტუდენტია და გათხოვება სწავლაში ხელს შეუშლისო. მარიმაც უთხრა ბიძას, არ მიყვარს და ცოლად ვერ გავყვებიო. ბიძაჩემს აღარ დაუძალებია და იმ ბიჭის ოჯახს უარი შეუთვალა. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ვასიკოც არ ქორწინდებოდა. დედაჩემმა და ბიცოლაჩემმა რამდენიმე გოგონა ურჩიეს, მაგრამ ყველაზე უარი თქვა, ცოლს ჩემი გემოვნებით მოვიყვანო.

ერთხელაც, არავინ არ იცის რატომ, ბიცოლაჩემმა გადაწყვიტა შვილისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და დაბადების დღეზე თბილისში გაუფრთხილებლად ჩამოვიდა. დილით ადრე წამოვიდა სოფლიდან და ვასიკოსა და მარის გაუფრთხილებლად დაადგა თავზე. მაგრამ მათ კარი მალე ვერ გაუღეს. ბიცოლაჩემი ოთახში რომ შევიდა, რაღაცნაირად არ ესიამოვნა, ბავშვებიც სახეარეულები დახვდნენ. ბიცოლა ქალაქიდან დაფიქრებული დაბრუნდა, მერე ყველაფერს სხვა თვალით დაუწყო ყურება. ფრთხილობდა და საიდუმლო არავის უთხრა. რამდენიმე თვის შემდეგ ბიცოლაჩემმა ვენახის ბოლოს დაინახა, რომ მარი და ვასიკო ერთმანეთს კოცნიდნენ. მაშინ კი ვეღარ მოითმინა ასეთი მკრეხელობა ბიცოლაჩემმა და მეუღლეს გაუმხილა საიდუმლო. ბიძაჩემი გაგიჟდა, ეგონა, ცოლი ბოდავსო, მაგრამ ყველაფერი გამომჟღავნდა. როგორც დედა მიყვებოდა, თურმე მათი სიყვარული 2 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

– ყველაფერი როგორ დაიწყო?

– როგორ და შემთხვევით. მათ ერთმანეთი თბილისში ცხოვრების დროს შეუყვარდათ, შეიძლება ადრეც იყო მათ შორის რაღაც სიმპათიები, მაგრამ არავინ ვიცით. თბილისში ერთად ცხოვრების დროს, ისინი ცოლქმარივით ცხოვრობდნენ. როდესაც ყველაფერი გამჟღავნდა, ბიძაჩემმა თავი ვეღარ გააკონტროლა, თოფი გადმოიღო და ვასიკოს ესროლა. მარიმ იატაკზე დაგდებული ვასიკო რომ დაინახა, ხალხისაც არ მოერიდა და ზედ დაემხო. ძლივს ააგლიჯეს მის ცხედარს. მეორე დღეს, დილით, ბიცოლაჩემმა მარი თავის საწოლში ვენებგადაჭრილი ნახა. იქვე პატარა წერილი იდო, სადაც მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა: “გთხოვთ, მის გვერდით დამასაფლავოთ”.

– მისი თხოვნა შეასრულეთ?

– კი. მაგრამ სოფელმა მკაცრი განაჩენი გამოუტანა ორივეს. არც ერთს არ აპატიეს ეს საქმე და ნება არ მოგვცეს, სასაფლაოზე დაგვესაფლავებინა. ორივენი სასაფლაოს გარეთ დავკრძალეთ.

– ბიძათქვენს რა მოუვიდა?

– ის დაიჭირეს, მაგრამ სანამ სასამართლო შედგებოდა, საკანში თავი მოიკლა. ბიძა ძალიან ამაყი კაცი იყო და ასეთ სირცხვილს ვერ აიტანდა.