ბარბარა სამხარაძე: “ცხენის დოზა ვიტამინებს მიკეთებდნენ და იმიტომ გავსუქდი”

ბარბარა სამხარაძე: "ცხენის დოზა ვიტამინებს მიკეთებდნენ და იმიტომ გავსუქდი"ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ ერთი წლის წინ გაიცნო პროექტით “ნიჭიერი”. მისმა ძლიერმა ხმამ და გულწრფელმა შესრულებამ მაყურებელი ისე მოხიბლა, რომ კახეთიდან ჩამოსული თინეიჯერი პროექტის ფავორიტი გახდა. პრიზად კი თბილისში ოროთახიანი ბინა და ავტომობილი ერგო.

ბარბარა სოფელ ჭაბუკიანში ცხოვრობს და ზედმეტი წონის დამარცხებისთვის იბრძვის. დიეტებითა და ვარჯიშით ოთხ თვეში 25 კილოს დაკლება შეძლო.თათარისა და ჩურჩხელებისკენ თვალი ხშირად გაურბის და კალორიულ საჭმელზეც ხელი წასცდება ხოლმე, შედეგით მაინც კმაყოფილია.

– ბარბარა, წონაში საგრძნობლად დაიკელით. როგორ შეძელით ეს?

– აგვისტოში დიეტა და ვარჯიში რომ დავიწყე, სექტემბრის ბოლომდე 20 კილოგრამი დავიკელი. პერიოდულად კვების რეჟიმს ვარღვევდი და დღესაც ვარღვევ. სექტემბერში სკოლის დაწყება აღვნიშნეთ კლასელებმა, შემდეგ რამდენიმე ტურნეზე მომიწია წასვლა. ამის ფონზე 25 კილოგრამი მაინც დავიკელი. ვარჯიშსაც ვაგრძელებ და კვებასაც შეძლებისდაგვარად ვაკონტროლებ.

– დიეტას რატომ არღვევთ, ნებისყოფა გღალატობთ?

– 20 კილოგრამის დაკლების შემდეგ იოგების სისუსტე ვიგრძენი. სიმღერა გამიჭირდა, მაღალ ნოტებს ვეღარ ვიღებდი და თავბრუც მეხვეოდა. ამიტომაც დიეტის დარღვევა რამდენჯერმე მომიწია.

სოფელში კვების გაკონტროლება ძალიან რთულია. საპირფარეშოში რომ გამოხვიდე, ეზო უნდა ჩაიარო, სადაც ხილი აუცილებლად შეგხვდება. იქ თათარა შეიძლება მოიხარშოს და ვჭამო. ისეთი ოჯახი მაქვს, ვინმე ერთი კვირით რომ გვესტუმროს, გასუქებული მიდის ჩვენგან.

ბავშვობაში ძალიან ალერგიული ვიყავი და ცხენის დოზა ნემსებს მიკეთებდნენ, რომელიც ისეთ ვიტამინს შეიცავდა, წყალიც მერგებოდა და ჩემი გასუქების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

– თქვენი რაციონი ამჟამად რა საკვებისგან შედგება?

– რაციონი 5 დღეში ერთხელ მეცვლება და დღის განმავლობაში 4-ჯერ ვჭამ. დღეს კეფირით ან მაწვნით ვასრულებ. ცხიმიანს არაფერს ვჭამ. ძირითადად ბურღულეულს და ხორცეულს ვიღებ. ტკბილეულიდან მხოლოდ შავ შოკოლადს თუ შევჭამ, ისიც, 30 გრამამდე.

დედაჩემი ცდილობს, ისეთი საჭმელი არ მოამზადოს, რომ სულმა წამძლიოს. თათარა და ჩურჩხელა არასდროს რომ ილევა ოჯახში, ამას რას ვუშველი?

ჩემი დაც ძალიან მიდგას გვერდში, ისიც დიეტებს იცავს და ჩემთან ერთად იტანჯება. მან 10 კილოგრამი დაიკლო. მე ჯერ 50 კილოთი მეტი ვარ ნანუკაზე. დილით რომ ვიღვიძებ, ნანუკას საუზმე უკვე მომზადებული აქვს, რაც დიეტის დაცვაში კიდევ უფრო მეხმარება.

– 25 კილოგრამის დაკლებამ თქვენი გარდერობიც შეცვალა?

– კაბები, რომლებიც ძალიან მიყვარდა, ჩავავიწროვე და დღესაც ვიცვამ. შარვლების ჩაცმაც დავიწყე. როცა მსუქან ქალებს შარვლები აცვიათ და სხეულის ფორმები გამოკვეთილად უჩანთ. მსხვილი ძაფით მოქსოვილ სვიტერებსაც ვატარებ და ელასტიკურ შარვლებსაც, ოღონდ გრძელ მაისურზე, რადგან არ მინდა, დიდი ბარკლები გადმოვყარო. უკვე ჩემი დის ტანსაცმელიც მეტევა და ძალიან მიხარია.

– მომავალი მუსიკალური კარიერისთვის როგორ ემზადებით?

– მე-12 კლასის მოსწავლე ვარ, ჯერ კიდევ სოფელ ჭაბუკიანში ვცხოვრობ და ვერ გეტყვით, რომ სოფლად ცხოვრების პერიოდში ჩემს კარიერაში რაიმე შეიცვალა ან შეიცვლება. თბილისში ბინის მოწყობა დავიწყე და, როცა გადმოვალ საცხოვრებლად, სასიმღერო კარიერასაც მერე მივხედავ.

“ნიჭიერში” ოროთახიანი ბინა მოვიგე. რემონტი დავასრულეთ და ამ თვეში ავეჯსაც შევიტანთ. ჩემს ახალ სახლში ძველით ახალ წელს მაინც შევხვდები. გამოგიტყდებით, რომ სახლი როგორც კი მოვიგე, გასაღები ჩემს დას და მამაჩემს გადავეცი. მას შემდეგ არც შემიდგამს ფეხი. რემონტიც და მოწყობაც მათ მივანდე და ვუთხარი, როცა ვნახავ, იმედები არ გამიცრუოთ-მეთქი.

– “ნიჭიერში” ავტომობილიც მოიგეთ. ამ მანქანით ვინ სარგებლობს?

– ჩემი “მიცუბიშით” ჩემი დაც დადის და მამაჩემიც. მინდა, მართვის მოწმობა ავიღო.

– სოფელში თქვენი ყოველდღიური ცხოვრება როგორია?

– სოფლის მცხოვრებლებს საკუთარი თავის რეალიზება უჭირთ. გამგეობაში ვინმე თუ არ გყავს, სამუშაოც არ გაქვს. ყველას ჰგონია, რომ, რადგან “ნიჭიერში” გავიმარჯვე, ხელისგულზე მატარებენ, ამ დროს კი შეიძლება ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი იჩაგრებოდეს.

სოფელში ცხოვრება სხვა უამრავ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. სითბო ყველა ოთახში არავის აქვს. შეშაც პრობლემაა და არა მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის, ყველასთვის.

მამაჩემი ნედლი ხეების დაჭრას არასდროს დაიწყებს, ყოველთვის კანონს იცავს. ერთხელ ტყიდან შეშა უნდა მოეტანა, საბუთიც ჰქონდა აღებული, მაგრამ არ შეუშვეს.

სოფლის ბავშვებისთვის მეცადინეობაც პრობლემაა. ღუმელი სადაც დგას, ის არის მისაღებიც და სამზარეულოც. ყველა ერთ ოთახში ვიყრით თავს.

– რა არის თქვენი ოჯახის შემოსავლის წყარო?

– სოფლის მეურნეობა. ორი ძროხა გვყავს. ყველსაც ვყიდით. სტაბილური შემოსავალი არ გვაქვს.

– ძროხებს ვინ უვლის?

– ჩემი მშობლები. თუ დედა შეუძლოდაა, მამაჩემი ან ჩემი და წველიან.

– თქვენ არ იცით ძროხის მოწველა?

– ერთხელ ვცადე ძროხის მოწველა და ისეთი თვალებით შემომხედა, დავყარე ყველაფერი და გამოვვარდი. მამას უფრო შემიძლია დავეხმარო, ვიდრე დედას საოჯახო საქმიანობაში. კაცის საქმე უფრო მიყვარს. ბავშვობაში ბებია რომ მეტყოდა, ოთახი გამოწმინდეო, პაპასთან გავრბოდი და შეშის დაჩეხაში ვეხმარებოდი.

– “სარკესთან” აღნიშნეთ, რომ უნივერსიტეტის ნაცვლად კოლეჯში ჩაბარებას გეგმავდით. ხომ არ გადაიფიქრეთ?

– არა, ისევ კოლეჯში ჩაბარებაზე ვფიქრობ, თუმცა არაა გამორიცხული, უცხო ენებს დავეუფლო. ამ ეტაპზე კომპიუტერული გრაფიკის სწავლა მინდა, ანიმაციების შექმნას შევძლებ. ამ პროფესიით შემიძლია კლინიკებში კომპიუტერთანაც ვიმუშაო.

სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”