The Voice უნიჭიერს მუსიკოსებს აღმოაჩენს

The Voice უნიჭიერს მუსიკოსებს აღმოაჩენსტელეკომპანია „იმედზე“ ახალი გრანდიოზული მუსიკალური ტელე შოუ „ახალი ხმა” the voice იწყება. როგორც ტელეშოუს პროდიუსერი, გიორგი იმედაშვილი გვიყვება, „ახალი ხმის“  პირველი სეზონის გუნდების მწვრთნელები იქნებიან სტეფანე და მაია დარსმელიძე, დათო ფორჩხიძე, ნინო ჩხეიძე და მერაბ სეფაშვილი.

ეს ვარსკვლავური შემადგენლობა ბრმა კასტინგის კონკურსის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რათა აღმოაჩინონ და თავიანთ გუნდში აიყვანონ საუკეთესო მომღერლები და მათთან ერთად დაიპყრონ მთელი საქართველოს გულები. პროექტის მზადების პროცესში პროდიუსერ გიორგი იმედაშვილს გავესაუბრეთ.

The Voice უნიჭიერს მუსიკოსებს აღმოაჩენს

_ გიორგი, რა პრინციპით შეირჩნენ მწვრთნელები?

_ ფორმატის მოთხოვნის შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ყველაზე პოპულარული მუსიკოსებით დაკომპლექტდა მწვრთნელების შემადგენლობა. სტეფანე და მაია – ორი განსხვავებული ჟანრის მუსიკოსი ერთ სავარძელს გაიყოფენ და საერთო გუნდს ჩამოაყალიბებენ. მათ მუსიკა აერთიანებთ, თუმცა ისინი განსხვავდებიან თავიანთი შემოქმედებით, ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება მათი საკუთარ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და ალბათ პატარ-პატარა დაპირისპირებებიც.

მერაბ სეფაშვილი ქართული ესტრადის ყველა დროის ვარსკვლავია, ყველა ახალბედასთვის მის გუნდში მოხვედრა და მასთან ერთად რეპეტიციების გავლა დიდი გამოცდილება იქნება.

დათო ფორჩხიძე საქართველოს ისტორიაში ყველაზე პოპულარული ჯგუფის, „სახეს“ შემქნელია, რომელსაც შეუძლია ახალი, სრულიად განსხვავებული კუთხით დაანახოს კონკურსანტებს, თუ როგორ შეიძლება ისინი გახდნენ ვარსკვლავები.

ნინო ჩხეიძე ჩვენი დროის ყველაზე გაყიდვადი ქართველი მომღერალია და სრულიად განსხვავებული ჟანრით არის წარმოდგენილი.

_ როგორ ხდება კონკურსანტების შერჩევა?

_  კონკურსის პირველ ეტაპზე კონკურსანტები რეგისტრირდებიან „ახალი ხმის“ ვებგვერდზე და აგზავნიან თავიანთ ნამღერს ვიდეოს სახით. „ვოისის“ ფორმატის მფლობელი კომპანია „ტალპას“ წარმომადგენელი, მაურიც ბრაიეტი ჩვენ გუნდთან ერთად, რომელშიც მუსიკოსები და პროდიუსერები არიან, შეარჩევენ საუკეთესოებს. შოუში მოსახვედრად უამრავი განაცხადი შემოდის და მინდა, წინასწარ გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ახალი მუსიკოსების ნახვა მოუწევს მაყურებელს, რადგან კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა უამრავმა უნიჭიერესმა ადამიანმა. ასე რომ, წინ სასწაული შოუ გველის.