“ქანთარიები და ვაჩანძეები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა” – რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლა

“ქანთარიები და ვაჩანძეები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა” – რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლარიკოთზე მომხდარმა ავარიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველო შეძრა. როგორც ცნობილია, მსუბუქი მარკის ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა.

გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ავარიის დროს, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა და-ძმა როლანდ და მზიკო ქანთარიები, ასევე როლანდ ქანთარიას მეუღლე ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე და მათი ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი დასავლეთ საქართველოში ნათესავის ქორწილში იმყოფებოდნენ და ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისში ბრუნდებოდნენ.

AMBEBI.GE გარდაცვლილების ახლობელს თამუნა სოსელიას ესაუბრა:
– განადგურებულები ვართ, უმძიმესი ტრაგედია მოხდა. გარდაცვლილები უახლოესი ნათესავები არიან. ისინი დასავლეთში იყვნენ ქორწილში და თბილისში ბრუნდებოდნენ, ამ დროს მოხდა ავარია. აფხაზეთიდან დევნილები არიან და თბილისში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. და-ძმა, მზიკო და როლანდი ბებიამ გაზარდა, დედა არ ჰყავდათ.  
– გარდაცვლილ ცოლ-ქმარს (ვიკა ლეჟავა, როლანდ ქანთარია) მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდათ?

– ორი შვილი ჰყავდათ, ერთი თბილისში დატოვეს ბებოსთან და ქორწილში წავიდნენ.
როგორც ცნობილია, ტრაილერის მძღოლი უკვე დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თამარ ბოჭორიშვილი, ამბები.გე